შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-11 - უთარიღო


კამერდინერი
ერთხელ, როცა მე და ჩემი დედის დის შვილი ეპიფანე რუსაძე, სპარსეთიდან ახლად დაბრუნებული, ყაფანთან მივდიოდით, მოხუცმა კაცმა გაგვაჩერა. გადაეხვივნენ ერთმანეთს. მოხუცი სიმამრი ყოფილიყო რუსაძისა. მოხუცი (ევროპიულ ტანისამოსში გამოწყობილი) ნაფიცი ვექილის მელქისედექ ფაღავას კამერდინერი აღმოჩდა. ჩემს შესახებ კი ეპიფანემ კამერდინერს უთხრა:
- დიდათ ნიჭიერი ბავშია. ძალიან ბევრს კითხულობსო.
- თუ ასეა, ჩემთან გამოიაროს, წიგნები თავზე საყრელად მაქვსო, - უპასუხა კამერდინერმა.
ჩემს აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც მეორე დღეს ვიწრო ეზოს კარებიდან მის სამზარეულოში [შევედი] შესულმა ვნახე, მაგრამ რა ვნახე: ორი უზარმაზარი ყუთი გაჭედილი იყო წიგნებით.
- ამოარჩიე და წაიღეთ, რამდენიც გინდათ... მელქისედეკ გრიგორიევიჩს ეს წიგნები აღარა სჭირდება. კნიაზი ნაფიცი ვექილია და ბევრი წიგნების კითხვის დრო სად ექნება?
მეც, რა თქმა უნდა, სწრაფად მივყევი ხელი... რასაც კი საზიდავად მოვერეოდი, ხარბად გადავარჩიე. აქ იყო..... (წიგნების ჩამოთვლა) ღმერთო ჩემო, გავიფიქრე, რა უნდოდა ასეთ წიგნებს აქ, ნაფიცი ვექილის სამზარეულოში. მოხუცს დიდი მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და დავეშვი... კიბეზე მომესმა: შემდეგშიაც გამოიარეო.
შემდეგში რომ მივედი, კიდევ იმდენივე წიგნები წამოვიღე.
მესამედაც ასე, მეოთხეჯერაც, მეხუთეჯერ კი ასეთი ამბავი მოხდა: როდესაც სამზარეულოს კარები შევაღე, კამერდინერი იქ არ იყო, ალბად, საქმეზე იყო წასული. მეც, დაჩვეულმა, [წიგნების დარჩევას] უმისოდ შევუდექი წიგნების დარჩევას და ყუთის ფსკერამდის დავედი, მთლად ფსკერზე დამხვდა დიდძალი რიცხვი არალეგალური [წიგნაკების] ბროშიურებისა და პროკლამაციების. სხვა წიგნებთან ერთად ისინიც წამოვიღე. და ამნაირად ყუთიც დაცარიელდა. რაკი კამერდინერი არა სჩანდა, მეც ჩემი ტვირთით სახლისაკენ გავუდექი გზას.
- რა გიქნიათ, კაცო, ეს, - მეორე დღეს შეხვედრისას მითხრა კამერდინერმა, - კნიაზის შვილს ყუთის ფსკერზე გადამალული ჰქონია რაღაც ქაღალდები.. შემოსულა, აუხდია ყუთისთვის თავი და ზაფრა [სცემია] მეცაო, ამბობს, ყუთი სრულიად ცარიელი დამხვდაო. თუ კაცი ხარო, შემეხვეწა, წიგნებს არ დავეძებ, ის ქაღალდები მიშოვე როგორმეო.
მეც იმავე დღეს საღამოთი კამერდინერს დავუბრუნე არალეგალური ბროშიურები და პროკლამაციები. წიგნები კი მე დამრჩა.

*
წითელწყაროს რაიონი სოფ. ზემო მაჩხაანი.
ცაცო ნატროშვილს. ვარდო ნატროშვილს.