შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-3 - უთარიღო


მოგონება №111
ერთხელ, მგონი, 1911 წელს, ქუთაისში გურიიდან ჩამოვიდა მორცხვი ახალგაზრდა ხარიტონ ვარდოშვილი. ქალაქში პირველად იყო და ყველაფერი ეუცხოვებოდა. დიდის შიშითა და მოკრძალებით გამეცნო ქუთაისის თეატრის წინ. მე ღვინოზე მივიპატიჟე სადმე, და...
- დიდათ გმადლობთ, არა ვსვამო, - სთქვა.
- მაშ, აი, პირდაპირ კაფეში შევიდეთ, ვისაუზმოთ-მეთქი.
- გმადლობთ, როგორ შეგაწუხოთო და სხვ. ისე კი ეტყობოდა, რომ ძალზე მშიერი იყო.
კაფეში რომ შევედით, მოვითხოვე მაწონი, ორი ჭიქა მოგვიტანეს.
ხარიტონმა ხელში კოვზი აიღო და დიდხანს ატრიალებდა მას. ბოლოს კოვზით ძალიან უხერხულად მაწონს ზედა-პკე ააცალა და იატაკზე [გადაღვარა] გადაისროლა. მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ და ასე გაიმეორა.
თურმე ეგონა, რომ მაწონს ზევიდან პკე ადგია რაღაცნაირი, რომლის მოშორება აუცილებელიაო. თურმე მაწონსაც პირველადა ხედავდა: გურიაში ხომ არ აკეთებენ მაწონს.

*
ცხრაას ორმოცდა თვრამეტი წელი!
[ჭორისა და] [ო, წელი] ეპოქა ენის [მიტან-მოტანით]
მოტან-მიტანის,
[ო,] ავ-ენათა ხმამ წაიღეთ წელი,
მაგრამ, მითხარით, რა გაიტანეს?

თუმც დემონივით დამადგა თავზე
ცილისწამება ავი ზმანებით,
თუმც მაწვალებდა თბილისი, სავსე
გახელებული ინტრიგანებით -