შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-621-7 - უთარიღო


...სალიტერატურო საღამოს შესახებ.
...ებაა: უმთავრესი სიძნელეა ცოდნა, ასრულება კი ადვილი... ძნელია ცოდნა. ამ იდეაზე აშენებს სუნიატსენი თავის... მოძღვრებას. ცოდნა, კარგად გარკვევა იდეიის, ამ ცოდნის ღრმად შეთვისება თავისთავად აადვილებს მოქმედებას. არა მარტო პიროვნების, არამედ ერისა და მთელი კაცობრიობის მიღწევათა მრავალი დასახელებით სუნიატსენი ცხადჰყოფს, რომ მისი დებულება (ძნელია ცოდნა, იოლია მოქმედება) ღირსია ყოველდღიური შესწავლისა და პრაკტიკული გამოყენებისა. თვითეულ პატარა, იოტისოდენა საქმეში, შეიძლება მოახდინო ცდები, დაკვირვებები. სუნიატსენს მოჰყავს მენ-სინის „ოთხი წიგნი“-დან ასეთი ადგილი: „ვინც მოქმედებს ისე, რომ არ ესმის რას მოქმედებს; ვინც ჩვეულებრივ იქცევა აუწონ-დაუწონავად, და განაგრძობს თავის გზას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ისე, რომ არ ესმის მისი არსებითი მხარე, - ესაა ხვედრი ბრბოისა“. კონფუცის სიტყვებია: „თუ ხალხს უნარი აქვს მოქმედებისა, დეე, წავიდეს ამ გზით. თუ არა, - თავდაპირველად შეასმინეთ, გააგებინეთ ეს ჭეშმარიტება“. მაშასადამე, ჯერ ცოდნა, შემდეგ მოქმედება. ცოდნა და რევოლიუციონური აკტივობა.
რა ვიცი, რა ცოდნა მაქვს მე ჩემი მომავალი სალიტერატურო საღამოს შესახებ?
სალიტერატურო საღამოს აშენებაც ისეთივე ხასიათისაა, როგორც სახლის, გემის, ან სხვა ასეთი რამის აშენება. მისთვისაცვე არსებობს მეცნიერება არქიტეკტურისა (თუ არ არსებობს, უნდა შეიქნას). 1. ჯერ იქმნება ესკიზი, შემდეგ დამუშავდება პლანი, და მხოლოდ შემდეგ იწყება შენება. შენობა შენდება ცოდნისა და მოქმედების ძალითა და მოქმედებით! (ესკიზი, პლანი, შენება).
ამ შემთხვევაში სიძნელეს წარმოადგენს ესკიზი. პლანი. აშენება შედარებით ადვილია.
წარმოვიდგინოთ, რომ კაცმა უნდა ააშენოს სახლი 10.000 დოლარად ღირებული.
1. იგი მიდის არქიტექტორთან და სთხოვს, გაუკეთოს მას პლანი.
2. ჰკითხავს სახლის დამტევობის და მისი მასალების შესახებ.
3. არქიტექტორი გამოიანგარიშებს სხვადასხვა საშენ მასალებს, მათს სხვადასხვა ღირსებას, და 10.000 დოლარის ფარგლებში (ეს ყველაფერი უნდა შესწავლილ იქნას პრაკტიკული ეკონომიიდან).
4. არქიტეკტორმა მხედველობაში უნდა იქონიოს ზომა მიწისა, სადაც სახლი უნდა აშენდეს.
5. წნევა (давление) შენობის, წონა, რომელიც შეუძლია აიტანოს საძირკველმა ან სვეტებმა (სვაებმა). ყველაფერი ეს ზოგ. (прикладная) ფიზიკიდანაა.
6. როგორ უნდა აშენდეს - ლამაზად თუ სხვაფრივ - ეს პრაკტიკული ესტეტიკის საკითხია.
7. რანაირი სინათლე, რამდენი ჰაერი, როგორ დაიცვას სიცივისა და სიცხისაგან, როგორ დაიფაროს ჭუჭყისა და უწმინდურებისაგან - ეს შინაური სანიტარიის საკითხია.
8. როგორია სასტუმრო, კაბინეტი, ოთახები მყუდრო და შესაფერი - ეს სოციალური ფსიხოლოგიის სფეროდანაა.
9. არქიტექტორმა ესკიზის დამუშავების დროს უნდა ისარგებლოს თავისი ზემოდ აღნიშნული ცნობებით - სახლის აშენების დროს.