შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-28 - უთარიღო


                                                    „ცისფერი ყანწები“

ყანწები. ცისფერი.
1. ყანწებით ღვინოსა სვამენ და არა წყალს.
2. ყანწებით ღვინოსა სვამენ არა ყოველთვის: ქელეხში ყანწებს არავინ არა სვამს, ქორწილში - კი.
3. მხოლოდ მაშინ, როდესაც დიდი სუფრაა - გაჩნდება ყანწიც.
4. როდესაც სუფრაზე სხედან არანაკლებ 12 კაცისა - ყანწი მისწრებაა.
5. პირველად ყანწს მოითხოვს თამადა - ასეთი წესია.
6. ადღეგრძელებს მას, რაიც ღირსია ყანწით დღეგრძელობის, რაიმე გან­სა­­კუთ­რებულს.
7. ის სულმოუთქმელად დალევს, იტყვის, როდესაც დასცლის: ასე მტერი  და­გე­ცალოს. ულვაშებზე ხელს გადისობს. გადადის ალავერდს. ასე რიგრიგო­ბით ად­ღეგრძელებენ, სცლიან ყანწს და გადადიან.
8. ინტერვალებში „მრავალჟამიერი“ გაისმის.
9. ყანწი იტევს არანაკლებ ერთი ლიტრისა ღვინოს, ჩვეულებრივად [ერთი] და სა­მი ლიტრიცაა.
10. ყანწი კეთდება ბუღა ხარის რქებისაგან.
11. „ყანწივით ფეხები აქვსო“, იტყვიან ლამაზად მოყვანილ ფეხებზე.
12. ყანწის პირი და ბოლო ხშირად მოსავადებულია ოქროთი ან ვერცხლით.
13. ყანწს ხშირად აქვს ძეწკვი - ჩამოსაკიდებლად - ვერცხლისა.
14. დაცლილ ყანწს ხშირად კი არ გადადიან, პირდაპირ ესვრიან და როდე­საც მეო­რე მარჯვედ დაიჭერს მას, ეს სიყოჩაღეთ ითვლება.
15. „შეიქნება ყანწების ტრიალი“ - გაჩაღდება მხიარულება.
16. ხშირად, როდესაც ყანწს გადადის ვინმე ვინმესთან, გადაეხვევიან და გა­დაჰ­კოცნიან ხოლმე ერთმანეთს: ნიშანია უსაზღვრო მეგობრობის.
17. როდესაც ვინმეს გაუჭირდება ყანწის დაცლა, მთელი სუფრა გრი­ა­ლებს სიმ­ღერას: „დალიე და დაგვილიე, ჰე, დალიე, დალიე... დალიე და შე­გერ­გე­ბა, ჰე, და­ლიე, დალიე, დალიე!“ - და ეს მანამდე, სანამ არ დაცლის ყანწს ის კა­ცი.
18. ყანწის მიმღები იძულებულია, დასცალოს ყანწი, ვინაიდან ის სუფრაზე არ და­იდგმება ისე, როგორც თასი, ჭიქა, ჯამი; ყანწი მხოლოდ ხელიდან ხელში გა­­და­დის. ამ მხრით ყანწი განირჩევა ყველა სასმისებისაგან (ჯიხვის რქა - იგი­ვე ყანწია).
19. არიან ლეგენდარული მსმელები ყანწით. შესვამენ რამდენიმე დიდ ყანწს და სრულებით არა თვრებიან. მაგრამ არიან ისეთნიც, რომელთაც ერთი ყან­წი კუპ­რიელივით გააგორებს.
20. ყანწის კარგად გაკეთებას სპეციალური ოსტატობა უნდა. „ლამაზი ყან­წის ხელ­ში დაჭერას რა სჯობია“-ო, იტყვიან.
21. ყანწები მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული... შეიძლება სხვა­გა­ნაც იყოს, მაგრამ ის სხვა ყანწები იქნება!
22. ძმ. ჯაფარიძეებმა დახატეს ყდა - „ცისფერი ყანწები“...
23. წინასწარ დიდხანს ჰქონდათ მსჯელობა, თუ რა დაერქმიათ ალმანა­ხის­თვის.
24. ეძებდნენ ისეთ სახელს, რომელიც უნდა ყოფილიყო: 1. სრულიად ახალი მი­მართულების გამომხატველი, 2. ეროვნული კოლორიტის მატარებელი და 3. რო­მე­ლიც გამოდგებოდა ჯგუფის სახელწოდებისთვისაც. პაოლომ სთქვა: „ცის­ფერი ყან­წები“ და გაიტანა კიდეც, ვინაიდან მის მეტს ფული არავი­სა ჰქონ­­და ალმანახის გა­მოსაცემად. ამგვარად დაიბადა ჯგუფი „ყანწელების“ სახელ­წო­დებით. როგორც მახ­სოვს, სხვა წინადადება არც ყოფილა წამოყენე­ბული. „ცის­ფერი“ რომანტიულია, „ყან­წები“ ორმაგად, ჯერ როგორც თვით საგა­ნი და ან­ბანთა რიგით „ყ, წ“ - ეროვ­ნუ­ლიაო, ამბობდენ. ჯგუფს თავიდანვე ახასია­თებ­და უაღრესი აპოლიტიკურობა, მაგ­რამ უფრო სოციალ-ფედერალის­ტებ­თან მეგობრობდენ. ამ პარტიაში თავ­მოყ­რი­ლი იყო ქუთაისის „ინტელიგენ­ცია“.
25. ამის შემდეგ შეუდგნენ სატარებელი ნიშნის ძებნას. ვინაიდან ქუთაის­ში არ იმ­ყოფებოდა შესაფერი გრავიორი, რომ „ყანწები“ გაეკეთებინა გულზე სა­ტარებელ ნიშ­ნად, ხოლო ნამდვილი, ვეებერთელა ყანწის მკერდზე ტარება დიდ უხერხულობას წარ­მოადგენდა, აფრინეს კაცი არგვეთაში, იქ ექვსი მამა­ლი დაჰკლეს, დეზები მდუ­ღა­რე წყალის საშუალებით ააცალეს. მამლის დეზე­ბი (თუ ყვერულის?) ძალიანა ჰგა­ვან ყანწებს. მხოლოდ მინიატურულებია. და, აი, - თორმეტი ცალი „ყანწი“, არგ­ვეთადან ჩამოტანილი, დაურიგა პაოლომ და­ნარჩენებს. და ერთ მშვენიერ დღეს (ის­ტორიულ დღედ უნდა ჩაითვალოს!) ქუ­თაისის მზიან ბულვარზე დე­მონსტ­რა­ტიუ­ლათ გამოვიდა თორმეტი ახალ­­გაზ­რდა, მკერდზე „ყანწის“ ნიშნით.. ძალიან გულ­მოსული სახით კი და­დი­ოდენ, ეტყობოდათ „ჩხუბის ხასიათზე“ იდგენ. და ეს გა­რემოება, რა თქმა უნდა, კო­მი­­კურ შთაბეჭდილებას სტოვებდა. უადგილო „სე­რიო­ზულობა“ აქ რა მოსა­ტა­ნიაო - იტყვით. მკერდზე ყვერულის ყანწები და სე­რიო­ზული სახე. მოდი და ნუ გაიცინებს იმერელი.
26. როდესაც მეორე ნომერს ყანწებისას დააგვიანდა გამოსვლა, პაოლოს ხუმ­რო­ბით ერთმა ვაჭარმა უთხრა:

                                              „პაოლო, რას დაიყლანწები,
                                              სადაა შენი ყანწები?“

პაოლოს გული მოუვიდა. მიიწია.
- აბა, შემომკარი, - უთხრა ვაჭარმა. პაოლომ ვერა გაუბედა რა. მხდალი იყო.

საქართველოს მდინარეები - 336 + პირველი მაისი - 160 + [ახალგაზრდა ქა­ლი მოხ. - 368 +] იმერის დაბრუნება - 400 = 738 + 1940 - 1544 + 1941 - 450 + 1943 - 56 + 1944 - 80 + 145 - 456 + 1946 - 392 = 4.602.
მოხევის ქ. 98 X 4 = 392.

სილამაზე. ყანწები.