შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-489-10 - უთარიღო


ამ ადგილას წინად ალექსანდრე ნეველის უზარმაზარი ტაძარი იდგა. ვეება რამე - თავისთავად ისეთსავე სიძულვილის გრძნობას იწვევდა აქ, როგორსაც ალექსანდრე მე-III-ს ძეგლი პეტერბურგში; ეს იყო მძიმე რაღაც, მაჯლაჯუნასებური, ბნელი სტიქიური ძალა,  დამმონებელი, ეს იყო სიმბოლო რუსეთის მიერ საქართველოს დამორჩილებისა - და რაღა თქმა უნდა - საბჭოთა ხელისუფლება არ დააგვიანებდა მის აღებას; დიდი ხანი კი დასჭირდა ამ ტაძრის დანგრევას: ძალიან მკვრივი და ძნელად დასანგრევი რამ გამოდგა ეს ტიელი.
იყო გაზაფხული  - შეხვედრა მერისთან. იგი მიხსნიდა სიყვარულს.
იყო გაზაფხული - პაპიაშვილის ხორო აქ ამზადებდა კიკუშა  სულხანიშვილის კონცერტს.
იყო გაზაფხული - ამ ადგილას ქვაზე ამოკვეთილი იქნა ინიციალები გ. ტ.
და ძახილი - „არ გაავცვლი სალსააა კლდეებსაა... უკვდავებისა ხეზედა“. პაპიაშვილი თავდადებული ლოტბარია და უერთგულესი პოპულიარიზატორი სულხანიშვილის გენიის.
„არ გავცვლი სალსა კლდეებსა“...
სწორედ აქ, ამ ადგილას, სადაც რუსეთი თავისი ტაძრით გამოხატავდა თავისი ბიწეული სულის ლტოლვას საქართველოსადმი, გაისმოდა ქართული, ხევსურთა ხმა: „არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა“. ნ. სულხანიშვილი.
იყო გაზაფხული...
და ახლა კი.. შემოდგომაა... И скучно, и грустно, и некому руку подать в минуту душевной невзгоды.