შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-12 - უთარიღო


                                                          ბიბლიოგრაფია

„წითელი დროშა“ (ლექსები), შედგენილი მამულაიშვილისა, გამომ­ცემლობა „ახა­ლი ქვეყანა“, №1, 1917 წ., ქ. ტფილისი, სტამბა „თავისუფ­ლება“, 16 გვ., ფასი 20 კ.

ეს „შერდგენილი“ ლექსები ეკუთვნის ბ. ი. გრიშაშვილს, კოცნის მგოსანს, რო­გორც დაარქვეს მას მისმა კრიტიკოსებმა. ამ წიგნში მოთავსებულია რამ­დე­ნიმე დი­დი ხნის წინად დაბეჭდილი ლექსი და რამდენიმე ახალი. ავტორს მიზ­ნად ჰქონია, რო­გორც სჩანს, მომენტის შესაფერი წიგნის გამოცემა და მო­უ­ნა­ხავს მაგარ-მაგარი სიტყ­ვები: სათაური „წითელი დროშა“, გამომცემ­ლო­ბა „ახალი ქვეყანა“, სტამბა „თა­ვისუფლება“. წიგნში არის ლექსები: „ახალი მარ­სელიეზა“, „ჩვენი დროშა“, „ვაშა ახალ სხივს“, „რვა საათი“, „ჯაშუშები“ და სხვ. ერთი შეხედვით, თითქო, ყველაფერი რიგ­ზეა, მაგრამ წიგნის შინაარსი მი­ქარვაა, სხვა არაფერი.

                                      „განთიადისას ვიღვიძებ
                                      და მამალივით ვყვირი მე“.

ამბობს ბ. გრიშაშვილი. მამლის „ყვირილი“ ძალიან ორიგინალურია, ისე, რო­გორც მისივე „ქვისფერი ცისკარი“. ქვისფერ ცისკარზე [ძლიერ] საამო რამ არის მამ­ლის ყვირილი.
მიუბაძავს რა თანამედროვე მარსელიეზისთვის, გრიშაშვილი ასე ათავებს თა­­ვის მარსელიეზას:

                                  „მოდით, შემოკრბით, მუშებო, მოდით
                                  .......................................................................
                                  გასწი, გასწი, წინ, წინ, წინ“.

„მივხედოთ, ძმებო, ბრძოლის ქარხანას“ - ამბობს იმავე ლექსში ბ. გრი­შაშ­ვილი, ჩვენ კი ვურჩევდით მას თავისი ტვინის ქარხნისთვის მიეხედა.
შემდეგ კი უფრო პესიმისტი ხდება ავტორი, მას აღარ ახალისებს ეს გან­თი­ადი და ამბობს:

                             მაგრამ გულს კი ვერრა არგეს,
                             გულო, კაეშნით ანატირებო.

და ეს სტრიქონიც ძალიან ჰგავს წინანდელს:

                             განთიადისას ვიღვიძებ
                             და მამალივით ვყვირი მე.

აუღია რა ეპიგრაფად აკაკის ცნობილი „ერთობა ჩვენთვის ტახტია“, გრი­შაშ­ვილ­საც ზედ მიუყოლებია:

                             „ერთობა ეხლა ჩვენია,
                             ერთად შემოკრბით ყველაო!
                             ვინც წინად ჩვენა გვტანჯავდა,
                             ვინც იყო მუზმუზელაო,
                             ეხლა შიშისგან სუყველამ
                             მონახეს თაგვის ხვრელაო“.

ასეთი იდიოტური რამ ჯერ არავის დაუწერია ქართულ ენაზე. თვითონ სო­ლო­მონ ზურგიელიძეც კი მუხლს მოიყრიდა და „თაგვის ხვრელას“ მონა­ხავ­და [ასეთი „შე­მოქმედების“ მოსმენისთანავე] ამნაირად „შერდგენილი“ ლექ­სის წაკითხვაზე. [ძა­ლიან] დიდი რევოლიუციონერი ვინმეა დღეს გრიშა­შვი­ლი:

                              „ნუთუ არ კმარა დღესმამდე(!)
                               რაც გავიშავე პირი მე“ –

ფიქრობს [ის] „პოვეტი“ გრიშაშვილი – და ხმამაღლა დასძენს: „ზიზღი და ფურ­თ­ხი ძველ რეჟიმს“-ო. „პოვეტო“ გრიშაშვილო! რატომ წინად არ უთვლი­დით ზიზღს და ფურთხს ძველ რეჟიმს? მაგრამ...

 Ст. Елизаветополь. 370 гост.