შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-23 - უთარიღო


პლანი რომანისათვის.
1. სარაჯიშვილის სიმღერა.
                                                              ქარი

სიყვარული ქარისადმი.

    1. მას უყვარდა ბაღში ხეტიალი შემოდგომის ქარიან დღეში: უზომო სია­მოვ­ნე­ბას ჰგვრის თვითონ ქარი, რომელიც ახმაურებს ხმელ ხის ტოტებს, ყვი­თელ ზვი­ნე­ბად მიგორებულ ფოთლებს, ბაღის ბილიკებიდან სძრავს გრა­ვი­ების ყვითელ კენ­ჭებს, ეხვევა თვითონ მას, წინააღმდეგობას უწევდა - და ის გარემოება, რომ წი­ნააღმ­დეგობას უწევდა - სიხარულის გრძნობით ავსებდა მის გულს.
    2. მას უყვარს სიარული ქარში, ჩალის [სიმინდებში] ღერებში, რომლებიც სა­­ლა­მურებივით სტვენენ ქარიან ამინდში. ამ დროს მას აგონდებოდა მისი სიყ­­მაწ­ვილე.
    3. უყვარს გემის ბაქანზე დგომა, როდესაც ქარია და ზღვა ღრიალებს.
    4. უყვარს ქარი, როდესაც ტრამვაის ან ავტომობილის ბაქანზე მდგომს იგი ეალერ­სება, უშლიდა თმას, სახეში სცემდა. ეს იყო უვნებლობის გრძნობა.
    5. უყვარს ქარი, როდესაც უეცრად იგი დააღებს ოთახის კარებს. "მიხუ­რეთ!" - შეიქმ­ნება ძახილი. ეფარებიან სანთელს, რომ იგი არ ჩაჰქრეს.
    6. უყვარს ქარი, რომელიც შეარხევს ფანჯარას, შემოაღებს და შემოჰ­ყრის გა­ზაფხულის ხეხილების ყვავილებს; იგი შუბლს მიუშვერდა მას. ისევ სიყ­მაწვილეს იგო­ნებდა ამ დროს.
    7. უყვარს ქარი: ქარი ხან ლაჟვარდ ვუალსა ჰგავს, ხან მშვენიერ მოწ­მენ­დილ ცას, ხან გაუხაზავ წმინდა  სარკეს. ხან მსუბუქზე უმსუბუქეს ღრუ­ბელს, მყინვარის კალ­თებზე რომ შერჩება. ქარი გოტიეს დაწმენდილი ლექსე­ბია, ქარი ღვთაებრივი კო­მედიაა, ქარი იტალიანური ვოლტორნის წკრიალია. ქა­რი ის მშვენიერი ელეგიაა, ის ერთად ერთი ძველებური სიმღერა, რომელსაც მღე­როდა ილია ჭავჭავაძე: „სული შფო­თავს და გულიც... გულიც აღარ მშვიდ­დე­ბა... თვალს ავახელ და ცრემლი, ცრემ­ლები არ მშორდება. დამრჩენია მხო­ლოდ ერთი, ერთად ერთი იმედი“ და სხვ.
    8. „გასწი“ დაუძახებდა მეეტლეს - ქარში.
    9. „გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი“ - ჩუმად იმეორებდა ის ცხენზე მჯდომარე.
    10. ქარი - სიმბოლო იყო - მისი წყურვილისა, რომ გამოცოცხლებულიყო მთე­ლი მისი არსება, მთელი მისი შეგნება. ქარი - რომელიც დასძრავდა სიცხი­სა­გან შე­ხუთულ ჰაერს, ქარი, რომელიც ააღელვებდა უმოძრაოდ მყოფ ტყეს – და­სიცხულს. ქა­რი წყურვილის მომკვლელი, როგორც ანკარა წყალი უდაბნოში.
    11. ქარში ამ დროს რაღაცგვარად თავისუფლდებოდა სული: ისე, როგორც მრა­­ვალხალხიან სარდაფიდან ამოსვლა - ჰაერზე. გახურებულ სახეს მარაოთი რომ იგ­რილებს ქალი. ცივ სარკმლის მინას რომ მიეყრდნობი მხურვალე შუბლით.
    12. ნერვები ამ დროს წყნარდებოდენ.
    13. „კოჯრის ნიავი შუბლსა განგვიგრილებდეს“.
    14. სამხედრო გზიდან მოდის ხან და ხან ქარი.
    15. ტფილისი - ფანტასტიურად მწყურვალეა ქარისა ზაფხულში, მის სიც­ხე-პა­პანაქებაში. განსაკუთრებით ვერის დაღმართი.
    16. ვერის ხიდზე იცის ისეთი ქარი, როგორიც არსად მთელ ტფილისში, გარ­­და მა­ხათის მთისა. იგი დიდხანს იდგა საღამო ხანს ვერის ხიდზე.
    17. ქარი ყველაზე უფრო სასიამოვნოა, როდესაც ჰაეროპლანით მიჰქრი­ხარ. ან ადიხარ ფუნიკულიორზე.