შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-7 - უთარიღო


                                                          დევის ნამუხლარი

1. ლიტერატურაში არაფერი ისე საზიზღარი არ არის, როგორც ეგოისტობა: ეს არის სენი ახალგაზრდასი, რომელიც ჰფიქრობს მხოლოდ საკუთარ ნაწარმოებზე - და ვერასგზით ვერ წარმოუდგენია, თუ შეიძლება სადმე უკეთესი რამ მოიძებნებოდეს. ერთი პროლეტარული პოეტი ამბობს, რომ მხოლოდ ის არის ოკტომბერი!!! (sic!) მხოლოდ ის და სხვა არავინ.
2. მე ვიცნობ ახალგაზრდა პოეტს, რომელმაც დაჰკარგა Gჩემს თვალში ყოველგვარი ღირსება: იგი შეურაცხმყოფელი და უადგილო სიტყვებით იხსენებდა მეტად ღირსეულს, განათლებულს და გონიერ ადამიანს.
3. ბევრია ჩვენში პოეტი, რომელიც ეძებს მას, რისი პოვნაც შეუძლებელია.
4. ბევრია აჩქარებული და სულწასული პოეტი: საქმეს აჩქარება როდი უნდა.
5. ბევრია პოეტი, რომელიც ხვალისთვის გადასდებს საქმეს ყოველდღე: განა ეს შესაძლებელია?
6. პოეტს მხედველობაში უნდა ჰქონდეს დასაწყისი და დასასრული ყოველგვარი პოემისა.
7. როდესაც რევოლიუციის ცეცხლის ალში შესვლას დააპირებ, იქვე უნდა ეძებო მისგან გამოსავალიც.
8. ყოველგვარი ლექსი, ყოველგვარი პოემა, უბრალო სტრიქონიც კი, გაზომე ასჯერ, და ერთხელ გადასჭერ: არ შეიძლება ბეჭდვა ყოველგვარი აბდაუბდასი.
9. ერთხელ გამოცდილს, მეორეჯერ გამოცდა აღარ სჭირდება!
10. გამოუცდელ ადამიანს ნუ ანდობ თავის საიდუმლოს.
11. აასრულე დაპირებული, თუნდაც ეს სიცოცხლედ დაგიჯდეს (იყავი სიტყვის კაცი, პირობის კაცი, გატანის კაცი).
12. დაპირდი ცოტას, შეასრულე კი დაპირებულზე მეტი.
13. ისწავლეთ, იყვეთ თავისუფალნი, დაუმორჩილებელნი და ქარიშხლიანნი.
14. გიყვარდესთ ყოველთვის სიმართლის თქმა (სიმართლე).
15. ნუ გადახვალთ ზომიერებას (ზომას. ზომაზე მეტი).
16. შეგეძლოს მოთმინების მქონე ადამიანის ცნობა.
17. იცოდეს ყველამ, რომ ცხოვრება სწრაფწარმავალია. ბანალურად: დღესა ვართ და ხვალ არა.
18. იცოდეთ ფასი ჯანმრთელობის! (фიზკულტურა).
19. ნუ ღუპავთ თავის სიცოცხლეს უსაქმურობით, უქმი ცხოვრებით.
20. ნუ გაგახარებთ სხვისი უბედურება, თუ იგი „სხვა“ - კლასიური მტერი არ არის!!!
21. არ უნდა შეგიპყროს მწუხარებამ - თუ გადატყდა, გადაიღვარა ან გადაიწვა.
22. მე ვქვითინებ უდიდეს ადამიანებზე, რომელნიც მახეში გაებნენ, ან დევნას განიცდიან.
23. ადამიანის შესახებ, ყოველგვარი საქმის შესახებ, იქონიე მოთმინება.
24. იქ, სადაც საჭიროა მოთმინება, არ უნდა აჩქარდე.
25. ნუ იქნები შურისმაძიებელი (არ ეხება კლასიურ მტერს).
26. იცოდეთ ზომა თქვენი მოქცევის (მოქმედების).
27. ომის დროს სახე არ უნდა მობრუნდეს.
28. სხვისი ჩხუბი თავისთავზე ნუ გადაგაქვს.
29. ჩხუბის დროს დაიცავით ზომიერება და შეურიგდით, შეძლებისდაგვარად, მალე.
30. ნუ დაიტოვებთ გულში შურს.
31. აკეთეთ ყოველგვარი საქმე მოთმინებით.
32. განერიდეთ უვარგისს ადამიანს და დაუმეგობრდით ღირსეულს.
33. მზად გქონდეს ყველა კარგი გრძნობები (გამოეხმაურეთ ყოველ კარგს).
34. ერიდეთ უმსგავსო სანახაობას!
35. ნუ დაიმსახურებთ ადამიანთა შორის ცუდს სახელს (ნუ იტეხ სახელს).
36. ნუ შეიძენთ ნაწილს ნაქურდალ ნივთისას.
37. სამეფო პალატის ახლო სახლს ნუ აიშენებთ.
38. ნუ დასახლდები დუქნების ახლო!!!
39. განერიდეთ ზნეობრივად დაცემულ ადამიანებს და მათ მსგავს ადგილებს.
40. ნუ გინდა უზნეო და უზრდელი თანამშრომელი, ან მეგობარი!!!
41. ნუ გაუდგები გზას უამხანაგოთ.
42. მუხლს ნუ მოიყრით უღირსის წინაშე (თავს ნუ დაიმცირებ).
43. საკითხს ნუ გადასწყვეტ განრისხების დროს..
44. უცნობ ნიადაგზე ნუ გააშენებ ხეხილს (ხეებს).
45. მარილიან, მწირ ადგილას ნურაფერს დასთესავ.
46. ყოველგვარი ეროვნების [ადამ] კაცთან ერთნაირი სახის ცხოვრებას ნუ იქმ.
47. უღირსთან ნუ დაჯდები.
48. ნუ გაჰყვები საუბარს ფარისეველ, უნიჭო და თავქარიან ადამიანთან, ერიდე მის პურმარილს.
49. ნუ აყენებ უსიამოვნებას მეორეს და ნუ დაუწყებ უმიზეზოდ ჩხუბს – კამათს.
50. მეგობრობასა და სიყვარულს ნუ უცხადებ ადამიანს, რომელსაც პირველად ხედავ.
51. ნუ დაუწყებ ლაპარაკს ამაყს, უგონოს და ღვინისმსმელ ადამიანს.
52. ნუ სთვლი თავისთავს დიდებულ ადამიანად.
53. ერიდე ენაჭარტალა ქალს, მოკამათეს, მოჩხუბარს.
54. დარიგება მიეც მას, ვისაც უყვარს მისი მოსმენა.
55. გიყვარდესთ სუფრის, პურმარილის სხვასთან გაზიარება.
56. ნუ მისცემთ შესასრულებლად შეუძლებელ ბრძანებებს თქვენს თანამშრომლებს, თანამსახურებს, მოსამსახურეებს.
57. ერთგული მეგობარი არ უნდა შეგეზიზღოს.
58. ნუ სცემ მოსამსახურეს, შემთხვევითი მიზეზის გამო.
59. ნუ შეგშურდება სხვისი ბედნიერება ანუ სიკეთე.
60. თავისი პური სხვის მაგიდაზე, სხვის სუფრაზე არ უნდა დასდო.

იმერეთს. შუამთა. 20.000.

                                                                                          *
ჩვენ.. ჩვენ. ჩვენს...
როგორ დავიწყო...

მე [შენთან] ბრძოლასთან ვარ! რომ არ ვიყო, ხომ გვიანაა!
ბრძოლა გვეძახის!
გვეძახის ბრძოლა ადამიანებს,
[იგი გვეძახის].

[არის] ვარ დაღალული, უეჭველია,
ეხლა რომ ვინმემ გამახსენოს და მითხრას: აი,
ეს უსათუოდ ბოკკაჩიოს ძველი გველია,
ჰავაააი!!!

გაჰქრა!
ჩვენ მხოლოდ ეხლა ვართ ჩვენა.
ცხოვრება მხოლოდ, ჩემო ოლია,
მათი ცხოვრება კარამბოლია.

მათი ცხოვრება მხოლოდ გესლია,
მათი ცხოვრება არც გვენატრება,
მათთან ბრძოლისთვის არც გვეხათრება!!!