შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-4 - უთარიღო


მთელი კვირაა, სახლიდან არ გამოვსულვარ ავადმყოფობის გამო. სისხლის წნევამ ორასს გადაამეტა. მოვიდა ექიმი ანდრონიკაშვილი და მისი რჩევით, სისხლის ტვინში აქცევის შიშით, მთელი კათხა სისხლი გამომიღეს. ორი-სამი დღის შემდეგ უკვე თავს კარგადა ვგრძნობდი და დღეს გადავწყვიტე, მზიანი ამიდის გამო, ბაღში გავლა. შემდეგ საკურორტო სამმართველოში შევიარე საქმეზე. გაზეთებიც შევიძინე და სახლში დავბრუნდი. გაზეთები! რამდენი ხანია, არც ერთი გაზეთი ხელში არ ამიღია... დღეს კი ვიყიდე, მაგრამ საღამო ხანამდე არც ერთი არ გამიშლია: წინასწარვე ვიცი, რაც ეწერება-მეთქი – ვფიქრობდი.
გავშალე „ზარია ვოსტოკა“ და დავიწყე განცხადებათა კითხვა. ერთმა სამგლოვიარო განცხადებამ მიიქცია ჩემი ყურადღება:
„გ. ქავთარაძე, ლ. ავალიშვილი, ტ. ქუთათელაძე, ა. ქავთარაძე, ლ. ციციშვილი თანაგრძნობას უცხადებენ ნინას მისი მამის გუცა ფარქოსაძის გარდაცვალების გამო“.
ამგვარივე განცხადებაა: რომ იგი იყო ქმარი, შვილი, მამა, ძმა და პაპა (ჰყოლია საწყალ გუცას შვილისშვილი).
შესანიშნავი პიროვნება იყო გუცა: მეტად პატიოსანი, ამხანაგების მოყვარული, ერთგული თავის ქვეყნისა და რაც მთავარია, თავმდაბალზე-თავმდაბალი.

მოგონდება:
ეს იყო 1905-6 წლებში. დიდი მიტინგია ჭიათურაში. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთსა სცვლიან. უეცრად ტრიბუნაზე გამოჩნდა 10 წლის ბავში და დაიწყო:
- ამხანაგებო! სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის დავალებით, ნება მომეცით, განვაცხადო აქ...
და გაჩერდა, დაავიწყდა რაღაც.
- ამხანაგებო! - დაიწყო მან კარგა ხნის პაუზის შემდგომ, - სოციალისტფედერალისტების პარტიის დავალებით, ნება მომეცით, განვაცხადო აქ, რომ სოციალ-დემოკრატები სტყუიან, რომ ისინი გამყიდველები არიან, რომ ისინი იუდა-ისკარიოტელები არიან იმ თავიდანვეო.
და ასე მიჰყვა.