შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-560-2 - უთარიღო


ქართველ ერს
1915 წ. 26 იანვრის დამდეგს‚ ღამის პირველ საათზე საქართველოს დიდება‚ ქართველი ხალხის ეროვნული გულთმისანი და მესაიდუმლე - აკაკი წერეთელი გარდაიცვალა. მისი მაღმერთებელი სამშობლო საყოველთაო გლოვის ნისლმა დაბურა. დაობლებული ქვეყანა გულის სიღრმიდან ამოხეთქილი კვნესით ეხმაურება თავის წუხილის შეუდარებელი გამომსახველის სიკვდილს‚ ერის წმინდა ზრახვების გრძნეული მომღერლის დაკარგვას.
მთელი ერი‚ ერთი აზრით გამსჭვალული‚ ერთ გრძნობათ გადაქცეული‚ თვალცრემლიანი და გულჩათხრობილი შემოკრბება აკაკის ძვირფასი ცხედრის თაყვანსაცემად‚ წმინდა ნეშტს ჩააბარებს ჩაფიქრებულ მთაწმინდის ისტორიულ აკლდამას. ხოლო მისი უკვდავი სულის წინაშე საუკუნო ფიცს დასდებს‚ რომ არ უღალატებს დიდებულ მგოსნის მიერ ნაანდერძევ სიმართლის მსახურებას და ეროვნულ იდეალებს.
კომიტეტი
განთიადი, №4, 1915