შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-447 - უთარიღო


ნ. სულხანიშვილი
1910 წელი. ერთ-ერთი სახლის დარბაზი საპიორების ქუჩაზე. დარბაზის ფანჯრები ღიაა, მოსჩანს გაზაფხულის ხე, ფანჯარასთან წინ ვაზა ყვავილებით. დარბაზში უხვად შემოდის მზის სხივი.
დარბაზის ერთ კუთხეში სდგას როიალი. როიალთან ზის ნიკო სულხანიშვილი. მას ხელები კლავიშებზე უდევს. დიდი კომპოზიტორის სახე გამოხატავს შემოქმედებით ზეშთაგონებას. და მისი დიდი თვალები აღტაცებით მომჩერებია. კომპოზიტორი ამოწმებს ჩემს ხმას.
მე კი ვდგევარ იქვე, როიალის ახლო. ჩემს იქით, გვერდზე და სიღრმეში სდგანან ჩემი ამხანაგები, სემინარიელები, გიმნაზიელები. ისინი დაინტერესებული და გონიერი [სახეებით] თვალებით იხედებიან. ისინი უცდიან, რა შედეგს მოიტანს გამოცდა.
- დავიწყოთ ხელახლა! -  [ამბობს] მეუბნება ნიკო სულხანიშვილი, - აბა, აჰყევით.
ნიკო იღებს გამმას, სრულიად უბრალო გამმას. დო, რე, მი... მე ვყვები - ჯერ სრულიად უბრალოდ.
შემდეგ გადადის ვარიაციებზე და ჩემი ხმა უმაღლესი ნოტიდან გადმოდის დაბალზე. დაბალიდან მაღალზე, და ასე შემდეგ, დიდხანს. კომპოზიტორი გულდასმით ამოწმებს ყოველივეს. უკანასკნელი აკორდი მისწყდა. გამოცდა დამთავრდა.
ყველა სულგანაბულია, მეც. ვუცდით სულხანიშვილის დასკვნას, უკანასკნელ განაჩენს. ის ცოტა ხანს სდუმს და შემდეგ დაჯერებით, [კატეგორიულად] აღტაცების იერით ხმაში, ამბობს:
- რა სუფთა ალტია, გასაოცრად ხავერდოვანი და [ძლიერი] წკრიალა ალტი! უნაზესი ლირიკაა! [ალტი, ჩვეულებრივად, შემდგომ, ბარიტონად იქცევა!] რამდენი წლისა ხართ?
- თხუთმეტის, ბატონო ნიკო.
- როდესაც ოცს წელს გადასცდებით, [ეს] თქვენი ალტიც ბარიტონად იქცევა. ჩვეულებრივად ასე ხდება. დარჩით ჩემს გუნდში, ვიმღეროთ ერთად, - ხალისიანად სთქვა მან და მხარზე ხელი დამკრა.
ასე გავხდი ნ. სულხანიშვილის მომღერალთა გუნდის წევრი, ეს იყო 1910 წელს.

განდეგილი
(დომინიკა ერისთავისა)
დომინიკა ერისთავის ქალი უზის გაზეთ „ამირანი“-ს რედაქციაში შემოსულ ხელნაწერებს. ხელთ უჭირავს ჩემი ლექსების რვეული. იგი გაოცებით მიყურებს.
- თქვენი არის ეს ლექსები?
- ჩემი გახლავთ, ქალბატონო!
- ძნელი დასაჯერებელია. [ასეთი პატარა] თქვენ ხომ ბავში ხართ, ჯერა. მაინც რამდენის წლისა ხართ?
- თოთხმეტის, ქალბატონო! მეთხუთმეტეში გადავდექი.
- პირველად მესმის, რომ თოთხმეტი წლის ბავში ასეთ მშვენიერ ლექსებს სწერდეს. იშვიათი ლექსებია..
„მთვარე კაშკაშებს, ცა, მოფენილი მოციმციმეთა ვარსკვლავთა გუნდით,
მშვიდად დაჰყურებს ძირს დედამიწას, გარსშემოხვეულს სქელი ბინდ-ბუნდით“.
კარგია. ძალიან კარგია. მაგრამ...
თქვენ ხომ არ იქნებით წინააღმდეგი, ეს მეორე სტრიქონის სიტყვა „ბინდ-ბუნდი“ შევცვალოთ „ბურუსით?“
- არა, ქალბატონო, წინააღმდეგი არა ვარ... მაგრამ, არ ვიცი, რა ესეთი დიდი განსხვავებაა ბინდ-ბუნდსა და ბურუსს შორის?
- ბურუსი უფრო თანამედროვე სიტყვაა. [ჩვენი დროისთვის უკეთესია].
- ბინდ-ბუნდიც, ქალბატონო, უაღრესად თანამედროვეა.
დომინიკას, შევამჩნიე, არ მოეწონა [ჩემი შეკამათება] სიტყვის შებრუნება. მან სთქვა:
- ჩვენთან, რედაქციაში, ისეთი ხალხიცაა.. დაიცა, დედა რას გეძახის სახლში? გალაკტიონს?
- არა, უბრალოდ, გატუნიას.
- ჰო და, ჩემო გატუნია! ჩვენთან, რედაქციაში ისეთი ხალხიცაა, რომ თქვენისთანა ახალგაზრდებზე ამბობენ: ვუნდერკინდების ჩვენ არა გვჯერა რაო. დაიწყებენ მშვენიერად და უეცრად სულ ჰქრებიანო. მეორეც ისა, რომ გაგიგებენ სემინარიაში და უსათუოდ გამოგრიცხავენო. მერე, [ჩემო] გატუნია, რას [ეუბნები დედაშენს?] გეტყვის დედაშენი?
და როდესაც დომინიკამ შეამჩნია, რომ დავღონდი, სთქვა: „არაფერია, დავბეჭდავთ, მხოლოდ სახელსა და გვარს მთლიანად არ მოვაწერთო. [ბურუსით კი] [ბინდ-ბუნდი კი] ბურუსი კი [შეიცვლება] ისევ ისე დარჩებაო“.
მართლაც, ლექსი ასე დაიბეჭდა. პირველი ლექსიდანვე ასე დამებედა. მას მერე ჩემი შვიდიათასი ლექსი დაიბეჭდა, მაგრამ არც ერთი ისეთი, რომელშიაც რედაკტორს, ან კორექტორს, ან ცენზორს თავისი შესწორება არ შეეტანოს.

ლადო დარჩიაშვილი
შევედი რედაქციაში...
მაგიდასთან იჯდა და სწერდა ფრიად სიმპატიური სახის, დიდის ცისფერთვალი თვალებით, ქერა თმითა და წვერ-ულვაშით - ნამდვილი ინტელიგენტური იერის მქონე კაცი.
ეს იყო ლადო დარჩიაშვილი.
- დაბრძანდით! - მოკლედ სთქვა მან.
- არა, გმადლობთ. ბოდიში ხელის შეშლისთვის.. მე იმ ნაწერების შესახება ვარ მოსული. როგორაა საქმე?
- სწორედ მაგის შესახებ მინდა მოგელაპარაკოთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. ნუ გეჩქარებათ, ყმაწვილო კაცო.
- არა, როგორ გეკადრებათ! მაგრამ...
რედაკტორმა, უჯრიდან გამოიღო ჩემი ლექსები, იგი დიდხანს სდუმდა.