შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-14 - უთარიღო


გაგონილი ამბები
I
დათიკო გველესიანი შემხვდა დაღონებული.
- რა დაგემართა-მეთქი, - ვკითხე, - ავად ხომ არ ხარ...
- თავი მტკივა, - მოწყენით მიპასუხა... - დამჩემდა თავიდანვე...
- თავიდანვე? მაშ, თავი გტკივა თავიდანვე?
- ბავშობიდანვე! ერთხელ პატარაობისას ხიდან გადმოვარდნის დროს მიწას კეფა დავკარი, ამის გამო გრძნობა თანდათან მეკარგებოდა. მე რაღაც მესიამოვნა ეს განცდა... მოვიგონე შემდეგისთვის ასეთი ხერხი: საწოლს ფეხებს გამოვდებდი ხოლმე და თავის კეფას იატაკსა ვსცემდი, სანამდე გრძნობას არ დავკარგავდი: ჩემთვის ეს უსაზღვრო სიამოვნება იყო: დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადამაჩვიეს, მაგრამ ბოლოს, როდესაც ამ გართობას მშობლების ცემა-ტყეპა დაერთო და სიამოვნება სიმწარედ შემეცვალა, მეც ავდექი და თავი მივანებე: თავისი დაღი კი დამაჩნია: დღემდე საშინელი თავისტკივილი არ მასვენებს!!

II

- ვინ იყო ის წითელი კაცი, ეხლა რომ გაიარა?
- პართენ გოთუა - იყო.
- არ გამიგონია.. ისე კი მინახავს, თუ არ ვცდები, „Красные Дьяволята“-ში.

III

კოტე მაყაშვილზე ამბობდენ:
ეს ჩვენი მამასახლისი
მაღალია ხესავითა,
პრისტავი რომ დაიბარებს,
მაშინ წავა თხლესავითა.

IV

ტიციანზე უჩვენეს: ვინ არისო ეს წითელ მიხაკიანი კაცი?
- ეს წინად დიდი კომერსანტი და მსხვილი ვაჭარი იყოო, - უპასუხეს, - ეხლა ცოტა გაკოტრებულიაო და...

V

პირველ ხანებში მოდაში იყო სიტყვა „დენდი“. პაოლო იაშვილი: მე დენდი ვარ! სერგია ერისთავი: მეტი მე შენ რა გითხრა! აქედან დამეკარგე, ორ ვერსზე, თვალით არ დამენახო, შე ვირისთავო, უკან შარვალი გამოგლეჯილი გაქვს, რაი გიგავს კეთილშობილ კაცს.

VI

- პალტო მინდა... მაგრამ სხვისი გამონაცვალი პალტო, აბა, როგორ ჩავიცვა.
- შენი არ მიკვირს? სხვისი გამონაცვალი ცოლი შეირთე, ქვრივი ქალი, და ახლა პალტოს სწუნობ?

VII

პირველ დღეს ფული ჰქონდათ: მოითხოვეს ცალკე კაბინეტი და სამი ამხანაგი შეუდგა მხიარულ დროს ტარებას. კაბინეტში შეამჩნიეს ტიკით ღვინო. მაგრამ არ სწყუროდათ.
მეორე დღეს ფული აღარა ჰქონდათ: მოითხოვეს იგივე კაბინეტი და მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინო. გამოსვლისას მიკიტანი ჰკვირობდა: როგორ ასე სასტიკად დათვრენ ერთი ბოთლი ღვინით? მივარდა კაბინეტს, ტიკი დაცალიერებული დახვდა!

VIII

გუშინ იოველი ძალიან დაფიქრიანებული მიდიოდა: უფულობა აწუხებდა. უცებ რაღაცას ფეხი წამოჰკრა. დაიხედა. მის წინ ძველებური ფულის ქისა ჰგდია. ერთი წამით მის თვალებში სიხარულმა გაიელვა, შემდეგ ფრთხილად აიღო, გახსნა... შიგ მხოლოდ კენჭები ეყარა. ეწყინა. უცებ მახლობლად ქუჩის ბიჭების სიცილ-ხარხარი მოესმა; იოველი გაცეცხლდა.
- იმათი დედა.. ვინც თქვენ აქ ჩამოგყარათ.. ჰაი, თქვე წუნკლებო! ჰაი, თქვე ოჯახამოვარდნილებო.

IX

რაღაც ორგანიზაციის კრება იყო. იოველს დავალებული ჰქონდა, რომ აქ სიტყვა წარმოეთქვა. უმრავლესობა დამსწრეთაგანი შესდგებოდა რუსებისაგან, იოველი კი რუსულზე ცოტა მწყრალად ბრძანდება, მაგრამ რა უნდა ჰქნას, დავალებაა:
- ტოვარიშჩი, - დაიწყო იოველმა, - ია ნუჟნო ბილო სკაზატ დაკლად... ნო ია უზნალ, სკოროპოსტიჟნო... ია, ზნაეტე, ლი, სკოროპოსტიჟნო...

X

უკანასკნელ ხანებში საბრალო იოველი თითქო რაღაც გამოსულელდა; მეგობარმა ჯიბეზე ხელი დაიკრა.
- აბა, იოველ, თუ გამოიცნობ, ამ ჯიბეში რა მიძევს, იმის ნახევარს შენ მოგცემ, [ხოლო] მერე თუ გამოიცნობ, რამდენი მაქვს, მთელი ის 15 მანეთი შენი იქნება.

XI

- იოველს გაუმარჯოს!
- გაგიმარჯოს!
- რაა, ბიჭო სულ ახალ-ახალს რომ  იცვამ. პაგრომზე ხომ არ ყოფილხარ?

*
მარიამა შეკრთა, როდესაც სადგურზე მესამე ზარი მისცეს და ბაქანიდან ნიაღვარებივით მიაწყდა ხალხი მატარებელს: სტიქიური უბედურება მოხდა თითქო: მუშები ზარდაცემულებივით ეჩქარებოდენ ათჯერ მათზე უფრო დიდ სარკოფაგებს, ძალითა და ყვირილით მიანგრევდენ ხალხს, ხაბარდა, გზა მოგვეცით. გვიტიეთ. პატარა მარიამა ერთ ადგილზე გაშეშდა: რას უნდა ნიშნავდეს ეს? შემდეგ დარწმუნდა, რომ არავითარი არ მომხდარა, ეს მხოლოდ ის არის, რომ მატარებელი მალე უნდა დაიძრას. მაგრამ სად? მარიამას სურდა თვითონაც გაჩქარებულიყო, მაგრამ დაფიქრდა:
- სად მიდის, სად უნდა მიდიოდეს?
ეს სიტყვები, ალბად, ისეთნაირადვე ხმამაღლა სთქვა, როგორც ელაპარაკებოდა ხოლმე თავისთავს რიონისპირად, მარტოდმარტო ყვავილებსა და ბელტებს შორის.
- სად უნდა მიდიოდეს? - კიდევ გაიმეორა მან.
უთუოდ ბევრმა გაიგონა მარიამას ხმა, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია: ისინი ყველანი მიეშურებოდენ თავიანთი ბარგით, მატარებლისაკენ.
მატარებელმა ერთი შეჰკივლა და ვეშაპის დაგუგუნებით დაიძრა. მიდის!
- ვაი, დედა! რა ვქნა აწი?
მაგრამ დიდხანს არ უფიქრია. მოწყვეტით გაექანა პატარა ბავში მიმავალი მატარებლისაკენ, კიბის მოაჯირს ხელი მოავლო, მაგრამ ასვლა ვერ მოასწრო კი. ფეხდაფეხ ხელგაუშვებლად მიყვა მატარებელს.
- ჰატ, ჰატ! - შესძახა ხალხმა. მაგრამ უკვე გვიან იყო: მატარებელმა სვლას მიუხშირა. ხელის გაშვება და დაღუპვა ერთი იქნებოდა. უეცრად ზევიდან ვიღაცაის ხელმა მაღლა აიტაცა ბავშვი და ბაქანზე მდგომმა ხალხმა მშვიდობიანათ ამოისუნთქა: ბავში დაღუპვას გადარჩა. მერე რა ბავში! მგზავრები გარს შემოერტყენ და თვალს ვერ აცილებდენ მარიამას განიერ თვალებს და არაჩვეულებრივად ლამაზ სახეს: თითქმის ყველა ბავშვი ლამაზია, მაგრამ ასეთი მართლა იშვიათი იყო. როდესაც ბილეთების გასასინჯად ჩამოიარეს, მანაც მიაწოდა:
ტფილისი - ეწერა ბილეთს.
- შენ მარტო ხარ? - შეეკითხენ მას.
- მარტო.
- სად არის შენი დედ-მამა?
- ტფილისში...
- ტფილისში, ტფილისში, ტფილისში, - სამჯერ გაუმეორა მან ერთ აბეზარ მკითხველთაგანს და თან დაატანა: ეხლა ხომ გაიგე?
მკითხველმა ერთ ხანს გაოცებულმა დააღო ხახა, შემდეგ მის სახეზე გაიშალა განიერი და მხიარული ღიმილი, რომელიც ამბობდა: „ბავში ყველგან ბავშია. მაგრამ ეს კი რაღაც სხვანაირია“. ყოველ შემთხვევაში მაინცა სთქვა:
- გულს ნუ მოიყვან, გოგონა, თორემ ადრე დაბერდები!
მგზავრებმა გულიანად გადიხარხარეს.

Журнал. Кристина.
იყო პირველი იანვარი, 1897.
ეს იყო მკათათვის დამლევს, 1893 წელს.
[ეს] იყო მკათათვის დამლევი, 1893.