შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-13 - უთარიღო


სრულიად რუსეთის საბჭოთა მე-V ყრილობაზე
(1918. ივლისი)
ყოველი დღე იძლეოდა ათასგვარ შთაბეჭდილებას. ყოველი დღე სავსე იყო მოულოდნელი, არაჩვეულებრივი ამბებით. შეგეძლო ადამიანს, თუ კი არ დაიბნეოდი, მოგეკრიფა იმოდენა ემოციები, რომლებიც გეყოფოდა მთელი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში. აი, თუნდაც ერთი დღე ივლისისა; ეს იყო ცხრაას თვრამეტში. მე ვცხოვრობდი არბატს იქით, პოვარსკაიაზე:
[საღამო ხანია.] შუადღისას ცაზე ერთი ღრუბელიც კი არა სჩანდა. საღამოთი კი ისეთი წვიმა მოვიდა, რომლის მსგავსი დღემდე არ მახსოვს. რომ მოსკდა ნიაღვრები და წამოვიდა ქუჩებზე, გეგონებოდათ, სულ გადაილეკება ყველაფერიო. მერე რა ხმაურობით, როგორი სისწრაფით, რანაირი მრისხანებით იმუქრებოდა ეს ნიაღვრები! შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გუნებაზე დადგებოდა გამწარებული ობივატელი. ვინ სად მიეჩქარებოდა, ვინ იცის... მე კი მივეჩქარებოდი მოსკოვის დიდი თეატრისაკენ, სადაც [დაიწ] იხსნებოდა სრულიად რუსეთის საბჭოთა მეხუთე ყრილობა... წარმოგიდგენიათ? საბჭოთა მე-V ყრილობა! და აი, დაბრკოლება: მანეჟთან გზა ნიაღვრებმა გადაგვიჭრეს, ერთი ქუჩიდან მეორეზე გადასვლა აღარ [შეიძლება] ხერხდება. [დავხედე საათს, დაბრკოლება] ქუჩის ქვაფენილზე შეგროვდა ხალხი, ქოლგებით, კალოშებით, საწვიმრებით. ეს ხალხი ყველგან [ხალხია] ასეთია. გაჩერდა და აღარ იძვრის. უცდის გამოდარებას. დავხედე საათს: ოჰო! მაგვიანდება. აქ არავითარი ყოყმანი, არავითარი ცდის გაფიქრებაც კი არ შეიძლებოდა: [სწრაფად გავიხადე ფეხსაცმელი, გადავიკიდე ზურგზე და [წავედი] შევერიე მუხლებამდე ნიაღვარს] წარმოგიდგენიათ? საბჭოთა მე-V ყრილობაზე მაგვიანდებოდა! სასწრაფოდ გავიხადე ფეხსაცმელები და გადავერიე მუხლებამდე ნიაღვარს. მხიარული კისკისით მოყვენ ჩემს მაგალითს ახალგაზრდა რუსის ქალები; [რომლებიც, ალბად, ეშურებოდნენ უნივერსიტეტისაკენ. გადამდები სიცილით იყო გაჟღენთილი მათი ყმაწვილური აღტაცება] და მე ეხლაც მაოცებს: რა სრულიად უბრალო რამ დაგამახსოვრდება კაცს: არასდროს არ დამავიწყდება მათი ყმაწვილური აღტაცება, წვიმა ხომ ისევ მოდიოდა, ნიაღვრები ხომ უფრო იზრდებოდენ. შემდეგაც, რამდენი წვიმა მოსულა, რამდენ ნიაღვარს ჩაუვლია. მაგრამ ის დღე სხვა დღე იყო.
როგორც გუშინდელი დღე, ისე მახსოვს ბაღი ოპერის თეატრის წინ. გარშემო რკალად წითელი გვარდია. მანდატის ჩვენება და მე უკვე თეატრში ვარ. აი, აქ ეხლა სულ სხვა ქვეყანაა. ვეღარ ვცნობილობ ოპერის თეატრს: როდესაც აქ წინად ვიყავ - კარიდორებში მწყობრად მიდი-მოდიოდენ ელეგანტურად გამოწყობილი კავალრები და დამები - ეხლა ყველა კორიდორები სავსეა მუშათა, გლეხთა და [მატროსების] მეზღვაურების [დეპუტატების] უბრალო და ენერგიული სახეებით.