შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-3 - უთარიღო


„ქ. ჩიჟავას ძესა კახაბერს გაუმარჯოს ღმერთმა: ამინ: ამინ: ამინ: საღარს ციმაკურიძესა შეუნდოს ღმერთმა: გოგისას ძესა დავითსა და მისა მეუღლესა მარიამს შეუნდოს ღმერთმა: წიგნას ძესა გიორგის შეუნდოს ღმერთმა:
ქ. ამა კარისა შემბმელსა იერუსალიმის თემით მოსულსა, აბესალომს ლომინასძესა და მისა მეუღლესა თამარს შეუნდოს ღმერთმა: ამინ: ამინ: ამინ:
ქ. ამისა მოსაქმესა ლაშხიშვილს გიორგის შეუნდოს ღმერთმა: ამინ: ძესა მისა ვახტანგს შეუნდოს ღმერთმა: ამისა მწირველსა ქერუბინს შეუნდოს ღმერთმა: ამინ: მირდანასა შეუნდოს ღმერთმა: ამინ: ღვთისა მადიდებელსა შეუნდვნეს ღმერთმა: ამინ: გაფრინდაშვილსა ამსაჯასა შეუნდოს ღმერთმა: ამინ: კოზლაშვილსა ივანეს შეუნდოს ღმერთმა: ამინ: გვიან მოვიდა“.
ასეთია მღვიმევის [მონატრის] ტაძრის კარების წარწერა. მ. ბროსსე იმეორებს თქმულებას, რომ ეს კარები გაკეთებულია ვაზის (ვენახის) მთლიანი ფიცრებისაგან. გიორგი წერეთელმა დაათვალიერა ეს კარები. აღმოჩნდა, რომ კარების ჩარჩოები, მართლაც, ვაზისაა, თვით ფიცრები კი უმაგრესი ჯიშის ხის, ძელქვისაგანაა. გ. წერეთელი ამბობს, რომ ეს კარები ეხლა მოხსნილია და ცალკე ინახება: იგი ამბობს, რომ კარები შემკობილია მეტად ოსტატურად შესრულებული ორნამენტებით, რომლებიც ამოჭრილია ხეზე.

აქ ნახსენები კახაბერი, არის კახაბერი მე-III, რომელსაც ცოლად ჰყავდა იმერთა მეფის ბაგრატ მე-V-ის (დიდის) ასული, ოლიმპიადა. იგი იყო რაჭისა და არგვეთის ერისთავი (მფლობელი) (1360-1395).
მღვიმევის მონასტერი ეხლაც დაცულია და წარმოადგენს საუკეთესო ძეგლს არქიტეკტურისას XIII საუკ. იგი აშენებულია მღვიმეში, აქვს ბაზილიკის სახე ([სიგანე უდრის 10 საჟ.] 16 საჟ. შიგნით, გამოსავალში 10 საჟ.).
სახურავად და Свод-ათ, აქვს ბუნებრივი კლდე გამოქვაბულისა. ამ ბუნებრივი კედლების გამო, იგი შენახულია ხელშეუხებლად, თითქო გუშინ აუშენებიათო.