შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-1 - უთარიღო


ჟინჟღლიანი დილაა. ზამთარია. აივნიდან ასეთ სურათსა ვხედავ: მოუტანიათ და ეზოში დაუყრიათ დიდძალი დაუხერხავი შეშა. უთუოდ პირველ სართულში მცხოვრებ რომელიმე „სოვბურს“ ეკუთვნის. ორი ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე მხერხავი შესდგომია შეშის ხერხვას. მარჯვედ იღებენ უზარმაზარ მორებს, [გააწვენენ] დასდებენ სახელდახელოდ შეკრულ სამფეხა სახერხზე, და გულმოდგინედ ხერხავენ. რას ნიშნავს შეჩვევა: მათ სრულიად არ ემჩნევათ დაღლა ასეთ მძიმე მუშაობისაგან. ენერგიულად ხერხი გააქვს და გამოაქვს მხერხავთა კუნთებს. მარჯვეთ დახერხილ შეშას, ხერხვის თავისებურ ხმოვანებას, მოხერხებულად გასროლილ გადახერხილ შეშას უსწორ-მასწოროდ, ყორესავით მიყრილს ერთ კუთხეში – შეუძლია გამოიწვიოს გულმოდგინეობის შესანიშნავი ეფეკტი. [შრომა] მართლაც, რა არ შეუძლია გულმოდგინე შრომას! შრომამ ააგო ეს უზარმაზარი სახლი, რომელშიდაც „სოვბური“ ცხოვრობს. შრომამ სადღაც უღრან ტყეში, დააწვინა ასწლოვანი ხეები, რომ აქ სოვბურისთვის შეშათ მოეტანათ. შრომა ხერხავს ამ ხეებს, რომ სოვბურის ბინა გათბეს. რას მიიღებს თვითონ მშრომელი ამნაირი შრომის ფასად?
მხერხავი დახერხს შეშას, ორ წყებად ანაწილებს: ერთს საუკეთესოს, ხმელს, შესახედავად ლამაზს, მეტად მოსაწონ შეშას. მეორეს: მდარე ხარისხისას, ნედლს, მახინჯს, უსიამოვნო შესახედაობის შეშას. ამას სჩადის ისე, თითქო ვერც კი ამჩნევს, ან არ უნდა შეამჩნევინოს ვისმეს. რაშია საქმე? ეშმაკობ, მხერხავო!
აგერ კიდევ უზარმაზარი მორი, რომლის გადახერხვა შეუძლებელია, როდესაც მხერხავმა მას ვერაფერი მოუხერხა, მას სრულიად დაანება თავი. რაშია საქმე? იგი ხომ მოვალეა, ყველა შეშა დახერხოს. კიდევ ეშმაკობ, მხერხავო!
შეხედეთ! მდარე ხარისხოვანი, ნედლი, მახინჯი შეშა სულ დახერხილია. მაგრამ ის რომ პატრონმა დაინახოს, უთუოდ შეიცხადებს, რასა ჰგავს ესო! და ყველაფერს დააბრალებს უდანაშაულო მხერხავებს: კარგად ვერ დაგიხერხავთ, ხელფასი არ გეკუთვნისთო! მიუხედავად იმისა, რომ ეს ნედლი, მდარე ხარისხის შეშა სულ დახერხილია.
ეხლა მხერხავები შეუდგენ მეორე წყების, საუკეთესოს, ხმელს, შესახედავად ლამაზს, მეტად მოსაწონ შეშის ხერხვას. ერთმანეთს უღიმიან, თან თავგამეტებით ხერხავენ: მწყობრი, ხმელი შეშა შესანიშნავად იხერხება. გულის გამახარებელი შეშაა სწორებით. დახერხეს ეს კარგი შეშა და თავზე მოაყარეს მდარე შეშას. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ეხლა მდარე შეშა არა სჩანს, ის სულ ქვეშაა მოქცეული, ზევიდან საუკეთესო შეშა აყრია და ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქო ყველა ეს შეშები საუკეთესო ღისებისა იყოს. იმ დიდ მორსაც, რომლის გადახერხვა შეუძლებელი იყო, სტაცეს ხელი: თითქო ორი ბოროტმომქმედი მოკლულის ცხედარსა მარხავსო, ისე ჩასტენეს  შეშების შუაგულში ეს დიდი მორი, ზევიდან კი ხმელი ლამაზი შეშა მიაყარ-მოაყარეს, თან აქეთ-იქით იყურებოდენ, ხომ არვინ შეგვამჩნიაო. მე ვერ დამინახეს. რომ დავენახეთ კიდეც, არ შეკრთებოდენ: პროლეტარიატი ყნოსვით იგრძნობს თანამოძმეს, მათსავით ბოგანოს, უბინაო ადამიანს, რომელიც არასოდეს არ გასცემს მას.
– ხაზეინ, მოვრჩით! – შესძახეს [მუშებმა] მხერხავებმა აივანს.
აივანზე ხანში შესული ქალი გამოჩნდა. რედიკიულიდან ორი ქაღალდის ფული ამოიღო და მუშებს გადმოუწოდა.
შემდეგ ორმა მხერხავმა იღლიაში ამოიდო ორი დიდი შეშა და არხეინად გზას გაუდგა.
ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო.
გულდამშვიდებული დიასახლისი ოთახში შებრუნდა. მას ჰგონია, რომ ყველაფერი რიგზეა.
მაგრამ, რა უბრალო რამ დაააფიქრებს ხანდახან ადამიანს – ყოველ მოვლენისთვის ჩვენ ვეძებთ მიზეზს: რა იყო მიზეზი მხერხავების მიერ დიასახლისის ყინვაზე გაცურებისა?
რა თქმა უნდა, კლასიურია ამ შემთხვევის საფუძველი. ქვეყანა ორ ბანაკადაა გაყოფილი: გაბატონებული და დამონებული. ბურჟუა და მუშა. პროლეტარიატი და ბურჟუაზია. მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. კლასი ექსპლუატატორებისა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს და გაყვლიფოს მუშა. მუშა კიდევ თავს იცავს ისე, როგორც მას შეუძლია და ეხერხება.
მაგრამ შორს არაა დრო, როდესაც გაბატონებულთა კლასი დაემხობა. ქვეყნის ბატონ-პატრონობას დაიჭერს მუშათა კლასი, პროლეტარიატი, ე. ი. შრომის სუფევა.
და მხერხავიც თამამად შევა და დაიკავებს იმ სასახლეს, რომელშიაც ეხლა ბურჟუაზია ცხოვრობს.