შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-29 - უთარიღო


კარგია სიბნელეში წერა. ჩემს აივანს ისეთი მშვენიერი მდებარეობა აქვს. მაგრამ რა მხრითაა გამოსადეგი? გარეშემო ხმაურობაა. ავტომობილები მიდიან, მოდიან ჟორესის ქუჩაზე. მიჰყავთ და მოჰყავთ ჩემთვის უცხო პიროვნებები. ადამიანები, რომლებიც არსად (ახ, შემაწყვეტინეს აზრი)... კარგია ეხლა თქვენთან, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მაგრამ სადა ხართ თქვენ. სად დაიფანტენით. რისთვის არ მესმის თქვენი აფრთოვანებული ხმა. გამხნევების ყიჟინა: ნუ გეშინია, მეგობარო, ჩვენ ხომ შენთან ვართ. რისთვის არ ავმღერდებით ერთად, რად არ დავაგუგუნებთ ჩვენს საყვარელს სიმღერებს. მათლაც და, სადა ხართ? ჩვენ ხომ ერთად ვიყავით, ერთად ვებრძოდით ცხოვრების ტალღებს, ჩვენ ხომ უერთმანეთოდ გაძლება არ შეგვეძლო. ჩვენ ხომ ასე უსაზღვროდ გვიყვარდა ერთმანეთი. მაშინ ვერ წარმოგვედგინა, თუ ერთმანეთს ასე დავშორდებოდით, ასე დავიფანტებოდით! ო, ის ბედნიერზე უბედნიერესი დღეები, სად გაჰქრნენ, სად? [ის მშვიდობა] ნუთუ არასდროს ის სიყვარული ერთი მეორისადმი, ის განუმეორებელი აღტაცება ყოველი ახალი აღმოჩენისა, ის გულწრფელი თაყვანისცემა ხელოვნებისადმი და ხელოვანთადმი. არ იყო ჩვენს შორის შური. გაკვირვება და გაოცება ყოველი ახალი გამარჯვებისათვის. ასეთი იყო აღტაცება ახალგაზრდობის, ასეთი იყო სიყვარული მსოფლიოსადმი... ხელოვნებისადმი, სიმართლისადმი.
სადა ხართ მეგობრებო, სადა, მაგრამ რა ამაოდ გეძახით!

*
1908 წლიდან საქართველოში ფართო ხასითი მიიღო რევოლიუციურმა სალიტერატურო საღამოებმა. ამ საღამოებში [ჩემთან ერთად] ჩემს გარდა მონაწილეობას იღებდენ [ს. აბაშელი] გიორგი ქუჩიშვილი, ნოე ჩხიკვაძე, ბ. ახოსპირელი, ი. ევდოშვილი, ვ. რუხაძე, პარმენ რურუა (რამდენიმეჯერ მონაწილეობდა აკაკი წერეთელი, პარმენ ცახელი). [განსაკუთრებული პოპ.] საღამოებს აწყობდა პარტიული ორგანიზაციები. გასაგებია, რომ მას ესწრებოდენ უმთავრესად პარტიულები და ამნაირად ეს საღამოები ერთგვარ მაორგანიზებელ როლს ასრულებდენ, რაზმავდენ რა რევოლიუციური იდეების გარშემო მშრომელ ხალხს.
საღამოები იმართებოდა იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის...