შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-71 - 1932 წელი


1932.

* * *
„Блещут, дышат радостью,
Обдают сиянием -
На таком-то градусе
и меридиане“.

* * *
ზამთრის დღეები
მოდის მწარე ეგზერსისებად,
[მე] ხალხს სიხარული
მათი მოსვლით არ [მეღირსება] ეღირსება.
[მოდის] თქვენგან სიცივე
და თარეში სულის ბოროტის,
დიდი სიცივე,
კოსმიური სიცივე მოდის!
 
*
1932 წ. 19 ნოემბერი. რომ შექმნა, რომ მოიმოქმედო რაიმე დიადი, საჭიროა, რომ მთელი ძალა სულისა ერთი წერტილისაკენ მიმართო. ტოლსტოი იმეორებს შილლერის ლექსის („სიფართოვე და სიღრმე“) ამ აზრს. ვალოდია [ოკუჯავა] - ყველაზე უფრო საინტერესო პიროვნება ტფილისში, ამასწინად ამბობდა: რომ მისწვდე რაიმე დიადს, უნდა გაამახვილო, ბასრად აქციო გონება.. ჩემის აზრითაც, რომ შექმნა რაიმე დიადი, ერთი რაიმე დიადი, - უნდა გახდე მთელის შენის არსებით ნაწილი მეორე, უკვე არსებული დიადის. შეუცდომელი ინტუიცია თუ შეგაძლებინებს დანახვასა და მტკიცედ შეგრძნობას იმ მეორე სიდიადისას - თუ უმტკიცესად დაგაკავშირებს მასთან, ეს იქნება პირველი შანსი, რომ შენ მართლა შეჰქმნი რაიმე დიადს. მე მინდა, რომ ეს ჩემი დღიური შემცველი იყოს იმ წვრილმანების, რომელთაც უხვად იძლევა ჩვენი დიადი თანამედროვეობა. მიღწევები, რაც შეიძლება მეტი მიღწევები, უფრო გაანათებს იმ გზას, რომელსაც ერთი წერტილისკენ მიჰყავს ძლიერი ადამიანის ნებისყოფა. მე ვამბობ იმ ძლიერ ადამიანზე, რომელიც ნაწილია იმ მეორე დიადის, და ამგვარად, პიროვნების იდეა, გადასული კოლექტივის იდეაში, არის მშვენიერზე მშვენიერი იდეა, რომლისთვისაც ჰღირს ცხოვრება და ბრძოლა.
20 ნოემბერი. ოლიას გაუთავდა შვებულება და გუშინიდან ისევ დაიწყო სამსახურში სიარული: იქ ის შეტანილია წითელ დაფაზე. დღის ორ საათამდე მე ვკითხულობდი ჩარლზ ნორისის რომანს „ლუკმა პურისათვის“ (Bread). ჯინეტი, რომანის გმირი ქალი თავდადებით იბრძვის დამოუკიდებელი ლუკმა პურისათვის. ნიუ-იორკი, სადაც ეს ამბავი ხდება, სავსეა მისი მსგავსი ქალებით, რომლებიც თავს აკლავენ სამსახურს, უყვართ კიდეც ეს სამსახური, რადგან იგი იძლევა ლუკმა პურს, 10-დან 12 დოლარამდე და ათეული წლების შემდეგ ძლივს აღწევს 30-35 დოლლარს. ჯინეტა სტოვებს ქმარს, არა სურს გახდეს დედა; უშვებს მთელ რიგს შეცდომებისას ისე, როგორც მის გარშემო მოქმედი პირები. იგი თუმცა ძლიერი პიროვნებაა (აღწევს მიზანს, პოულობს ლუკმა პურს და ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა), მაგრამ მსხვერპლს, მის მიერ გაღებულს, ქალი მიჰყავს საშინელ მარტოობამდე.. რომანი რეალისტურია, მოქმედების ფინალი ხდება 1920-21 წ. სპეციფიკა ამერიკის - ნაკლებადა სჩანს (დრაიზერი, ეპტონ სინკლერი, სინკლერ ლუისი გაცილებით მეტად ამერიკელებია). როგორც მრავალი სხვა უცხოეთის მწერალი, ჩარლზ ნორისი არ მიუთითებს მკითხველს გამოსავალისაკენ, არ გამოაქვს დასკვნა.
2 საათზე ვიყავი ხელოვნების სასახლეში.. ვინახულე ჩვენები. დეკემბრიდან იწყება „შემოქმედების საღამოები“ - რომელიც გაიხსნება მოხსენებით ჩემზე. საღამოთი მე და ოლია ვკითხულობდით ლეონარდ ფრანკის რომანს „ოქსენფურტის მამაკაცთა კვარტეტი“. მთელი დღე არა დამიწერია-რა. მიუხედავად ამისა, დღე კარგი იყო. გვიან ღამით იყო კოტე რატიშვილი. იგი ძლიერ კარგი ადამიანია. ჰანრი ბარბიუსის „დათვი ცეკვავს“?
20 ნოემბერი. მაჩაბლის ქუჩაზე, ეგნატე ნინოშვილის სახელობის მწერალთა სახლში, გახსნეს დახურული განმანაწილებელი მწერლებისათვის.. ეს გარემოება სრულებით არ ცვლის იმ მოწყენილობას, რომელსაც გამოხატავს ეს სახლი, მუნჯი მოწამე უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში აქ ჩატარებული ლიტერატურული ომებისა. „სალიტერატურო გაზეთი“-ს რედაქტორი მისაყვედურებდა, რომ მე გვერდს ვუვლი მის გაზეთს. ეს მანევრია (ისინი თვითონ მივლიან გვერდს). წევა ამბობდა: მადლობა ღმერთს, რომ მიცანითო. საუბარი იყო კინოს კრიზისზე (ვაკელი, ბელიაშვილი, მეტრეველი), კოლმეურნეთა ბაზრობის კომიკურ მხარეებზე (ზომლეთელი, კ. ფირცხალაიშვილი, აბრამია), პალტოებისა და ლიტ. წრეების შესახებ (არსენიშვილი და სხვ.), ცეცხლის შესახებ (ტიციანი?). ყველა ჩვენი მოსამსახურე ქალები სულ განმანაწილებელში ჰყრიან, სხვა საქმე არა აქვთ რა.. მწერლების ცოლებიც სულ აქ არიან (აჰაა!), (გამახსენდა!). სწორედ ამ ადგილიდან დაიწყება ჭორიკანობა. ვნახოთ, ვინ გახდება პირველი მსხვერპლი: შემხვდა მიხა დადიანი, რომელმაც მიამბო, თუ როგორ გადააფშვნეს გუშინწინ თავზე ბოთლი გეურქს შამპანში. მიწიშვილი მიამბობდა: „ეს გონორარი ხომ მოვუმატე მწერლებს, ეს განმანაწილებელი ხომ გავუხსენი, ახლა სასადილოსა ვხსნი.. გავაკეთებ ამ საქმესაც და მერე წავალ ჩემთვისო...“ მე იგი შევაქე. სიმონა ჩიქოვანი სწუხდა, რომ მისი ლექსი ცუდათაა გადათარგმნილი, მე კი სხვანაირადა ვფიქრობ.. ვანო დაეძებდა ფულს, თედორეც, მეორე თედორეც. გრ. მესხი სამხატვრო აკადემიაში ეძებს ადგილს, მთხოვა დახმარება დ. კ-სთან. კასრაძე კარგი კაცია. მან მითხრა: სულ კაბინეტში არ უნდა იყო ხომ, პრაკტიკული ცხოვრებაც საჭიროაო - თვითონ ფეხსაცმელი არა აქვს. [ჟულიკი] გამოდგა აფხაიძე და ლისაშვილი „ფედერაციიდან“ (მათ თითქო ქაღალდი არა აქვთ, [არა?] კარგად გავიგებ, აქვთ თუ არა მათ ქაღალდი). საზოგადოთ, კარგი დღეა, მე კმაყოფილი ვარ, ეს ფუსფუსი პატარ-პატარა ხალხის ჩემთვის სრულიად გაუგებარია. რა გამწარებით ებრძვიან ცხოვრებას და ერთიმეორეს, არავითარი სერიოზული. ჩუმჩუმი ხითხითი და არა გულიანი ხარხარი (გაიცინე, საცოდავო, ადამიანურად). მაგრამ ვერავის ვერ გაამტყუნებ, მე კარგად ვიცი მიზეზები და სათავეები ყველაფრისა. სხვა, რაა ახალი? ჩემი ლექსი „პრესა“ დაბეჭდილია ჟურნალ „30 дней“-ში. „ლიტ. გაზეთში“ ჟღენტის წერილია (ტრაფარეტი, საჭიროა უკეთესი წერილი) ჩემს შესახებ.
რომ შექმნა, რომ მოიმოქმედო რაიმე დიადი, საჭიროა გადაცხრილო ეს ხალხი, ეძებო მათში საუკეთესო თანამგრძნობლები. აი, რა არის საჭირო, რომ შექმნა რაიმე დიადი!
რაღაც არ მომეწონა პოეტი (პროლეტარული?) გომიაშვილი. [რაღაც] დეგენერატსა ჰგავს. აკაკი წერეთელზე რაღაც შეუფერებელი სთქვა (იქ იყო ქურხული, ნატროშვილი, რუხაძე, კლდიაშვილის ქალი, მე და სხვ.). საუბარი იყო ვანო მაჩაბელზე.
21 ნოემბერი. იყო 12 საათი, როცა სახლიდან გავედი. ქარი ჰქროდა და ჰყინავდა. ტრამვაები გადატვირთულია მგზავრებით. ზემმელთან ჩვენი ტრამვაი გაფუჭდა. ფეხით წავედი რუსთაველის პროსპეკტით, რომელიც ახლად მოგებულია ასფალტით და მზეზე ფოლადისფრად ბრწყინავს. ტარასის გადავეცი წიგნები წითელი კუთხისთვის. შემდეგ შემნ. სალაროდან ავიღე ნოემბრის პენსია - 108 მანეთი. ტრესტში ვიყიდე თუთუნი და პაპიროსები. პროსპეკტზე შემხვდა ვასო არაბიძე, რომელიღაც კინო-სურათში როლის გამო ბათუმში ყოფილა და ეხლახან ჩამოსულა. ნაწყენი იყო „სალიტერატურო გაზეთზე“ - გორკის შესახებ მივეცი მოგონება და რატომ არ დაიბეჭდაო (გორკი თვითონ იხსენიებს ვასოს კამოსთან ერთად). დავამშვიდე. რა ცოცხალი არტისტია, ხანში შესულობა სრულიად არ ემჩნევა, ახალგაზრდასა ჰგავს. შემდეგ ჩვენი ენთუზიასტი, მხატვარი მარიაში შემხვდა. ისიც ახლა დაბრუნებულა ქობულეთიდან. „გუშინ ერთად ვიყავითო მე, თუხარელი, დათიკო“. მაოცებს მისი ენერგია, ჯენტლმენობა, რომელიც არ დაუკარგავს მიუხედავად მრავალი ქარიშხლებისა, რომლებმაც მის თავზე გადაიარეს. ვისადილე რომელიღაც რესტორანში და როდესაც სახლში დავბრუნდი (უკვე გვიან), თან მივიტანე ღვინო. შევაკეთე ელექტრონის ფეჩი, რომელიც თითქმის წელიწადია, რაც გაფუჭდა. ოთახში დადგა სითბო. ოლია დაბრუნდა გვიან, ათ საათზე. გაუხარდა, რომ სითბო იყო, გავშალეთ სუფრა. ვახშმად გვქონდა პური და ყველი, ხორცი, ღვინო. ვუზიარებდით ერთმანეთს დღის შთაბეჭდილებებს, მალე ჩაიც ადუღდა. დავწევი გვიან.
22 ნოემბერი. გამეღვიძა ადრე. ოლიამ საწოლში მომიტანა ჩაი და სამსახურში წავიდა. თორმეტ საათამდე ვკითხულობდი რომენ როლანის რომანს „ანეტა“-ს. ფანჯრები დავაღე, დიდებული მზიანი დღეა. ჩვენს განსაცვიფრებლად თბილ გალერეაში რომ გავედი, ვიგრძენი რაღაც ძლიერი სიხარული, რომლის მსგავსი მხოლოდ ბავშობის დროს თუ მიგრძვნია. თვალები რომ დავხუჭე, ცისარტყელას ფერები აირია და მოეხვია მთელ ჩემს მომავალს, მთელ მსოფლიოს, როგორც ეხვევა გარს აბრეშუმი დატრიალებულ ჯარას. რა დამამშვიდებელი გრძნობებია, რა თბილი დღეა... სახურავებზე ბრწყინავს მზე. შორეულ მთებს, არა, მახლობელ მთებს ჯერ არ მოსცილებია დილის ბურუსი; რომ შექმნა რაიმე დიადი, ბევრი უნდა გქონდეს ამნაირი დღეები.. მომეწონა როლლანის სიტყვები: „შეხედეთ ამ ჩემს წიგნს, როგორც მხოლოდ შინაგანი ცხოვრების ისტორიას, რომელიც გულწრფელია, ხანგრძლივი, სავსე სიხარულითა და მწუხარებით, არათავისუფალი წინააღმდეგობათაგან, მდიდარი გზასაცდენებით, მსწრაფველი მუდმივად, მიაღწიოს მიუღწეველ ჭეშმარიტებამდე, სულის ჰარმონიას - უმაღლეს ჩვენს ჭეშმარიტებას..“ ასეა განა? არა.
ტრამვაიზე წინა ბაქანიდან ასვლისთვის დამაჯარიმეს 3 მანეთით. საღამოთი მოვიდა დომენტი და დიდის ბოდიშის მოხდით წაიღო თავისი ლამპა. დავრჩი სიბნელეში, რადგან ელეკტრონის ლამპარი დიდი ხანია გადამწვარია. მაგრამ როდესაც ოლია მოვიდა, თან მოიტანა სამოცდათხუთმეტსანთლიანი ელექტრ. ლამპა. გავაჩირაღდნეთ ოთახი. ყველაფერმა სხვანაირი იერი მიიღო. რომ შექმნა რაიმე დიადი, საჭიროა სინათლე, ბევრი სინათლე. ვკითხულობდი ბუნინის ლექსებს. მუსიკალური სათუთუნე? იყო ღვინო.
23 ნოემბერი. ისეთივე მზიანი დღეა, როგორც გუშინ. ცოტათი კი ჰყინავს.. გვიანი შემოდგომაა. ვდგები 11 საათზე. სულიერი განწყობილება ისეთივეა. დღეს ოთხშაბათია: ჩემი ყოველთვის რჩეული დღე - (ოდესმე რომელიღაც მარჩიელმა ასე მითხრა). ვკითხულობ ბუნინის ლექსებს. მაგრამ დღე იყო სავსე ჩემთვის მოულოდნელი კოშმარებით.. არ გამართლდა არაფრით (დავკარგე შარფი, კალოში, ფული).
25 ნოემბერი. ჰყინავს: არა მაქვს პალტო, არც ფეხსაცმელი, არც ქუდი. ტელეფონი არ მუშაობს ვალის გადაუხდელობის გამო, გადაუხდელია ბინის ქირა, ვერ გამოვიხსენი ჩემთვის ძვირფასი ნივთი, მიბარებული შესაკეთებლად (ალბად გამიყიდის, ხვალ უკანასკნელი დღეა). ჰონორარი ვერ ავიღე. საზიზღარი მეზობლები, რომელთა აქ არ ყოფნით სული ამოვითქვი, დღეს დაბრუნებულან (შვიდი თვის განმავლობაში აგარაკზე ყოფნის შემდეგ). ვიყავი სახლში გიორგისთან, მეორე გიორგისთანაც. იქ იყო შალვა, იქაც, აქაც.. ბევრი ვილაპარაკე ჩემს გაჭირვებაზე, ისინი უარეს მდგომარეობაში არიან (უნებურად ხვდები მათ, რომელთანაც შეხვედრა არ გინდა). პლატონმა მისაყვედურა, თითქო მე მასზე ვლაპარაკობდი, როგორც ცინიკზე, ორი თვის წინად. ხელოვნების სასახლეში ადამიანი გაიყინება ფიზიკურადაც და სულიერადაც. არავითარი პერსპეკტივა იქ არაა, რომ შექმნა რაიმე დიადი... მაინც რანაირად ლაპარაკობდა პანტელეიმონ ჩხიკვაძე, რომელიც ტრამვაიში შემხვდა? იგი ამბობდა, რომ 10 დეკემბერს მოხდება პლენუმი, რომ იგი დაიბარეს ცეკაში, და ჰკითხეს მისი აზრი. მე განვაცხადეო, რომ ფედერაციაში შექმნილია ცუდი პირობებიო, რომ სანდრო ეული ვერ გაუძღვება ასეთ დიდ საქმესო, რომ ყანწელების გარშემოკრება ნიშნავს სხვა ძალების ჩამოშორებასო (არ ვმუშაობთო მე, პავლე საყვარელიძე, გალაქტიონიო). ყანწელებიო, მეუბნებოდა ის, ჩვეულებრივ განაგრძობენ შენს წინააღმდეგ იერიშების მოტანას, მაგრამ მე ყოველთვის დავუმტკიცებო მათ, რომ ისინი შენგან მოდიანო. შენი რამდენიმე ლექსი იყიდისო ყველა მათგანსო. რუსეთში ასეაო: იქ სათავეში დგას არა ენაგრძელი პიროვნება, არამედ ის, ვისაც რამე გაუკეთებიაო, დაუწერია წიგნებიო და სხვა.. ერთის სიტყვით, პანტელეიმონი, როგორც სჩანს, აპირებს იერიშის მიტანას სანდრო ეულზე, ეწევა პროპაგანდას, რომ თავის მხარეზე გადაიბიროს მწერლობის ნაწილი. კონფლიკტი მასა და ყანწელებს შორის უსათუოდ ამ ხასიათისგანაა გამოწვეული. ჩემი გაბრიყვების ცდაც ალბად ამაოდ ჩაუარს... ვიცნობ მე კარგად ამ საზოგადოებას.. მათ სურთ ჩემსა და ყანწელებს შორის არსებული ომით თავიანთი საქმის გაკეთება, ჩემი გამოყენება ამ მიზნისთვის (ჩემს წინააღმდეგ კიდევ მათ, ყანწელებს, იყენებენ).
არა ვარ კმაყოფილი ჩემი თავით. შემხვდა „ანარია“-ს ავტორი, „მთები“-ს ავტორიც, „გურული სცენები“-ს ავტორი, „ექსპრესი“-ს ავტორი, „დაისები“-ს, „შარავანდედი“-ს „ფერადფერადი ლექსები“-ს, „სილეო-რეანი“-ს, რედაქტორები და მდივნები, ქალები და კაცები... ყველასთან ზრდილობიანი ვიყავი, რადგან ყველა მეზიზღებოდა გულში. რომ შექმნა რაიმე დიადი... გავყიდე შარვალიც კი.
3 დეკემბერი. დილით ხელოვ. სასახლიდან მივიღე წერილი: „ძმაო გალაკტიონ! როგორც გითხარი ამას წინად, მწერალთა კლუბის გამგეობამ გადასწყვიტა გამართოს მწერალთა სასახლეში თქვენი შემოქმედების საღამო; ამ საქმესთან დაკავშირებით აუცილებელი საჭიროა მე და თქვენი შეხვედრა და მოლაპარაკება. გთხოვ, როგორც მიიღებ ამ წერილს, ნუღარ დააყოვნებ, შემოიარეთ მწერალთა სასახლეში. პატივისცემით გრ. ცეცხლაძე“.
ის იქ არ დამხვდა, რადგან შემაგვიანდა. იყო მასსექტორის გამგე (რ. გვ.). გავიგე, რომ: 1. ამ საღამოს აწყობს მასსექტორი. 2. დაახლოვებით 10-15 დეკემბრამდე. 3. მომხსენებლად არჩეულია დ. ნატროშვილი. მან წინასწარ უნდა წარმოადგინოს ტეზისები. 4. ეს ტეზისები რემინგტონზე გადაბეჭდილი დაურიგდება საღამოში მონაწილეთ (მოკამათეებს). 5. ნატროშვილი უფრო ობიექტური იქნებაო, ვინემ არსენიშვილიო (არსენიშვილი ოპოზიციაში იქნებაო, ამიტომ მას არ მივანდეთ ეს საქმეო - მისი სისტემა უარყოფითი მხარეების აღნიშვნის სისტემააო). 6. იქნება სპეციალური ნომერი ლიტგაზეთისა (ლექსი, სურათი, წერილი). გაზეთი გამოვა 16 დეკემბერს. 7. საღამო მოეწყობა პლენუმამდე, პლენუმი კი დანიშნულია 20 დეკემბერსათვის. პლენუმს შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძის საღამოა. 8. თვითონ გვეტაძე არ არის მემარჯვენეებისკენ (შ. დადიანი, ნ. ლორთქიფანიძე და სხვა), არც უკიდურესებისაკენ, რომლებიც ყოველ მიღწევას პრ. მწერლობას აწერენ (ალი არსენიშვილი). 9. რ. გ. დამპირდა, რომ რაც შეიძლება კარგად მოაწყობს საღამოს.
შემდეგ ნ. კლდიაშვილს დავუტოვე განცხადება ბინის შესახებ (3 ოთახი). ივიკა ძალიან დაავადმყოფებულა;
მე და ოლიამ ერთად ვისადილეთ პალასში. საღამოთი ვიყავ სამკითხველოში. გადავათვალიერე გაზეთები.
ხუმრობა საქმე არ არის შემოქმედებითი საღამოს ჩატარება. საჭიროა დიდი გონიერება და ტაქტიკა.
6 დეკემბერი. „სალიტერატურო გაზეთში“ მოთავსებული იყო ბ. ჟღენტის წერილი (ოკტ. და მწერლობა), აგრეთვე ალი არსენიშვილის წერილი. ორივეში ჩემს შესახებ იყო შენიშვნები.
მოსკოვის ჟურნალ „Рост“-ში მოთავსებულია ბ. ბუაჩიძის წერილი „За большую социалистическую литературу“. იგი ისევ ძველ პოზიციებზე დგას. ჩემს შესახებ იმეორებს იმასვე, რასაც 5-6 წლის წინად სწერდა. მაქებს! იმავე ჟურნალის ამ ნომერში მოთავსებულია „ეპოქა“-ს ყდა.
შემოქმედებით საღამოზე მომხსენებლად მოწვეულია შალვა რადიანი. საღამო შესდგება 16 ნოემბერს.
არჩეული ვარ „საბჭოთა მწერლობასთან“ არსებულ სამხედრო კომისიაში (სამი ფედერაციიდან, სამი დივიზიიდან).
მთელი დღე და ღამე ვწევარ საწოლში (გუშინ ჩადენილი შეცდომის შედეგია). არა მაქვს ფული, პალტო, ფეხსაცმელი.
დავამთავრე რომენ როლანის მე-VI ტომის კითხვა. ეხლა ვკითხულობ პონონსკის მონოგრაფიას ბაკუნინზე.
[როგორც მითხრეს, სომხურ] შემოქმედებითი საღამოს ჩატარება მოითხოვს დიდ ენერგიას და ტაქტიკას (მაქვს სია მწერლების).
         „Революционный держите шаг!
         Неугомонный не дремлет враг!“
8 დეკემბერი. საღამოთი ვიყავი [გაზ.] წითელი არმიის შტაბში, სადაც შესდგა ცენტრალური სამხედრო წრის დამფუძნებელი კრება. დაფუძნდა „ცენტრალური სამხედრო სალიტერატურო წრე“, დამტკიცდა დებულება, დამტკიცდა კალენდარული გეგმა. გამოდის ყოველდეკადური სამხედრო სალიტ. გაზეთი და ყოველთვიური სამხედრო ჟურნალი. არჩეული ვარ „ც.ს.ს.წ.“ მთავარ ხელმძღვანელობაში. ამირჩიეს აკტიურად მომუშავე წ. ა. მწერალთა ბიუროს თავმჯდომარედ. მყავს მოადგილე და მდივანი. მდივანიცა და მოადგილეც არმიელებია. გვექნება კავშირი პერიფერიებთან, მთელ საქართველოს წითელ ჯართან. ეს მუშაობა ძლიერ მაინტერესებს.. შეიძლება მუშაობის გაშლა ფართო მაშტაბით. აქ ყველანი ძალიან სიმპატიით მიყურებენ. გამოსულა მ. ზანდუკელის წიგნი ქართულ ლიტერატურაზე, სადაც ჩემზედაც არის სტრიქონები. „კარგადა სწერსო“ - მითხრა ირ. აბაშიძემ, რომელიც კრებაზე იყო. კრება ყოჩაღად ჩაატარა კალე ბობოხიძემ. მე ძლიერ კარგ ხასიათზე დავბრუნდი სახლში. აქ მართლა შეიძლება, რომ გააკეთო რაიმე დიდი. საჭიროა თავდაჭერა, დისციპლინა; მაფიქრებს შემოქმედებითი საღამოს ამბავი, ემზადებიან პლენუმისათვის. ჩვენს განმანაწილებელს დიდი მარცხი მოსვლია (2500 მანეთის საქონელი წაუღია ჩვენი რომელიღაც დაწესებულებას, რომ შეშა მოეცა. არც შეშა მოიტანა და საქონელიც შერჩა). რად არ იყვენ კრებაზე ტიციანი, სიმონი, გიორგი და სხვ., არ ვიცი.
9 დეკემბერი. ვიყავი ხელოვნების სასახლეში. მდგომარეობა სალიტერატურო ფრონტზე ასეთია: მწერალთა პლენუმი მოხდება 20 ნოემბერს. და აი, არის მზადება, რომელიც გამოიხატება ერთიმეორის გამასხარავებასა და გაბითურებაში ზურგს უკან, [კულისებს იქით] კულისებში. ფაკტია, რომ უმთავრეს როლს ამ საკითხებში ითამაშებს ცენტრალური კომიტეტი პარტიის, იქ წყდება ყველაფერი, აქ მხოლოდ გადაწყვეტილ ამბებს შეატყობინებენ ხოლმე. ცხადია, გაიმარჯვებს ის, ვისაც რაიმე დამოკიდებულება აქვს ცეკასთან, პირადი, მეგობრული, ნათესავური. ისინი, ალბად, უკვე აჭახრაკებენ იქ ყველაფერს. ცეკაც მართალია: ხომ უნდა დაეყრდნოს ვინმეს. და ხომ ვერ დაეყრდნობა იგი უცნობს, ან და შორეულ ნაცნობს. მას სურს, იცოდეს ყველაფერი, იყოს საქმის კურსში, მაგრამ აქ ხდება დანაშაული: სწორედ ისინი ხდებიან მწერალთა სათავეში, რომელთაც არავითარი ნდობა მწერალთა მასაში არა აქვთ. ზევიდან დანიშნული პირები მხოლოდ საჭის ხელში ჩაგდების შემდეგ შეუდგებიან ხოლმე თავიანთ გარშემო მწერალთა დარაზმვას, და მწერალთა უმრავლესობა იძულებულია შეეგუოს მას, როგორც ადმინისტრატორს, მისი ბედის წამყვანს - ნებით თუ უნებლიეთ იგი ურიგდება თავის მდგომარეობას. ავიღოთ, მაგალითად, ყურულაშვილი, რომელსაც დაეყრდნობიან, ვთქვათ, ყანწელები და სხვები. ის ეხლა ცეკას სამდივნოში აღარ არის, მაგრამ ცეკაში მაინც არის და ასრულებს ბევრს საქმეს, რომელსაც კავშირი აქვს სალიტერატურო მდგომარეობასთან. იქნება თუ არა იგი ჩემს მხარეზე (მაგალითად ვთქვათ)? რა თქმა უნდა, არა, თუ ძალა არ დავატანე, რაიმე ჩემი გასამართლებელი საბუთი არ ვუჩვენე, რომ მე ვმუშაობ და ჩემს გარშემო არიან მწერლები. საიდან უნდა ვუშოვო მას მე ეს საბუთები? განა მათვე არ იციან, რომ არავითარი შესაძლებლობა არ მქონდა მუშაობისა, და მწერლებსაც თითქმის ძალით ჩამომაშორეს. მე მივიღე ოფიციალური ქაღალდი ფედერაციისაგან, რომ შევატყობინო მათ, თუ რა გავაკეთე მივლინებაში; მე მათ, იძულებული ვარ, ოფიციალურადვე ვუპასუხო, რომ ვიყავი ჩაის მეურნეობაში, დავაგროვე მასალები, რომ ეს მასალები თითქმის დამუშავებული მაქვს, მინდა მხოლოდ ხელახლა გადავწერო და მივსცე დასაბეჭდათ რომელიმე ჟურნალში.. (როგორც დღეს მითხრა ქუთათელმა, ცეკაში ის აზრია, რომ „საბჭოთა მწერლობა“ დაიხუროს უნდა უქაღალდობის გამო. ან არ დაიხურება, მაგრამ გადავა ახალგაზრდობის ხელშიო. ყოველ შემთხვევაშიო, სთქვა ქუთათელმა, მე იქ აღარ ვიქნებიო). რისთვისაა საჭირო ასეთი მოქცევა? - რომ თავი დავაღწიო ბრალდებებს პლენუმზე. უნდა ვუხერხო რამე „ეპოქის“ საკითხსაც. ფული აღებული მაქვს, წიგნი კი არ ჩამიბარებია. გასამართლებლად შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ მაინც არ დაიბეჭდებოდა - უქაღალდობისა გამო.
„სალიტერატურო გაზეთის“ ეს ნომერი იგვიანებს. შემდეგი ნომერი კი 16-ისთვის ვერასგზით ვერ მოესწრება. ამის გამო თავისთავად იხსნება საკითხი შემოქმედებითი საღამოების დაწყებისა. სულ ერთია, შალვა რადიანი მაინც ემზადებაო, სთქვა ცეცხლაძემ. ეხლა მაშ, მთელი ენერგია სამხედრო წრისა და პლენუმისაკენ. ყურადღება, მთელი ყურადღება მწერალთა მასისკენ, - და ცეკასაკენ. იქ ეხლა წყდება ჩემთვის ძალიან საინტერესო და, შეიძლება ითქვას, ფიზიკური და მორალური, არსებობასთან დაკავშირებული საკითხი... უნდა დავუკავშირდე ცეკას, რათაც არ უნდა დამიჯდეს... ნიღაბი უნდა ავხადო მოწინააღმდეგეებს, თუ ისინი მოისურვებენ ჩემს გაქიაქებას... ძვირად უნდა დავუჯინო „საბჭოთა მწერლებს“ (ფრჩხილებში) მათი ჩემდამი ასეთი არაადამიანური დამოკიდებულების გამოჩენა. მეცა მაქვს რაღაცა შანსები. დიდი ხნის გამოცდილებიდან ვიცი, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ამ მოყვრებს ერიდებათ თუ ეშინიათ, მაგრამ მათ ხმა უნდა ამოიღონ: ეხლა ნეიტრალიტეტის დრო არ არის! „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“.
გრ. ცეცხლაძემ მითხრა, რომ თფილისში არსებობსო ექვსი სალიტერატურო წრე: 1. ტრამვაელებთან, 2. სტალინის კლუბთან (აკაკი), 3. ერზესთან (ცეცხლაძე), 4. მეტყავეებთან (ალი არსენიშვილი), 5. აბრეშუმის ფაბრიკასთან (აბაშიძე ირ.), 6. ... ყველა ეს [კლუბები] წრეები გამოყენებული უნდა იქნას. [იუბ.]
ტიციანი ამბობდა, რომ ჩიქოვანი არაა თანახმა იმუშავოს ბობოხიძესთანო. საკითხავია, რატომ? იმიტომ, რომ მეც იქ ვმუშაობ? აგინებდა ნატროშვილს, ბუაჩიძეს, პოლუმორდვინოვს, ეულს, პავლე საყვარელიძეს. ეს ყველაფერი საპლენუმო მანევრებია (რატომ არისტო ჭუმბაძესაც?).
ამბობენ, რომ ხშირხშირად სულ სხვადასხვა პირები ინტიმურად ხვდებიან ერთმანეთს სუფრებზეო.. სულ საპლენუმო მანევრებია.
აწყობენ ვითომ სასადილოს - ესეც საპლენუმო მანევრია. ესაა ბაზა, რომელზედაც მიწიშვილი დაეყრდნობა თავის გასამართლებლად, როდესაც მას ჰკითხავენ, თუ რატომ წიგნები არ იცემაო, სადაა გეგმებიო?
იაშვილი რას აპირებს? იგიც დარბის მუშათა კლუბებში და კითხულობს თურმე ლექსებს. საპლენუმო მანევრებია, სხვა არაფერი.
ხომ არ არის მანევრა ის გარემოება, რომ ყოველივე საიდუმლოების ბურუსითაა მოცული?
ხვალ კრებაა...
და, ამგვარად, სრულიად მოულოდნელად, ჩვენი სამხედრო წრე, დაარსების დღიდანვე, ამოჩემებულია რაღაც ყოვლად მავნე და საზიზღარი მიზნებით. ამაზე თვალის ახვევა შეუძლებელია. სხვა მხრით ვერ ახსნით მთელი რიგი მწერლების კრებაზე დაუსწრებლობას (სიმონ ჩიქოვანი, ტიციან ტაბიძე, კარლო კალაძე, მაშაშვილი, ნაროუშვილი, კაჭახიძე, სულავა, ჟურული, ცეცხლაძე, ადამია, გაბესკირია, მელაძე, ბ. ჩხეიძე, მ. ჩიქოვანი). უმაგალითო ბოიკოტია.
ჩიქოვანის განცხადება წარმოადგენს დიდ საზიზღროებას, რაც მას უთქვამს სახელგამში, კრებაზე: ბობოხიძესთან მე როგორ, ღმერთო კი მომკალი, როგორ ვიკადრებ მუშაობასო. რატომ არ უნდა იკადროს ჩიქოვანმა ბობოხიძესთან მუშაობა (ბობოხიძე დადებითი ხასიათის ახალგაზრდა მწერალია, მუშაობა შეუძლია, შეუძლია ხელმძღვანელობის გაწევა, არ არის თავის თავზე დიდის წარმოდგენის, მე არ გამიგონია, რომ მას ჯერ რაიმე ეთქვას თავის თავზე. მას აქვს ანალიზის ხასიათი და ალბად ამის გამო არ უყვართ იგი, მან იცის, რომ თუ თვითონ დიდი მწერალი არაა, სხვებიც არ არიან გენიოსები და თავისსავე მსგავს ახალგაზრდებს თავზე არ დაიჯენს. ეს ცუდი თვისება კი არა, მშვენიერი თვისებაა. ახალგაზრდამ იცის, რასაც სჩადის, მაგრამ მას არასდროს ეს არ უთქვამს. არ უთქვამს, რომ მე ვისმეზე მაღლა ვდგევარო. მაშ, საიდან ჰგონიათ ჩიქოვანებს, რომ იგი ასეთი ზვიადი გულის კაცია. კარგი, დავუშვათ, რომ ჩიქოვანი გაცილებით მაღლა დგას (ჩემთვის ეს საეჭვოა). ნუ თუ ერთი დიდი იდეიისთვის შრომა ღირსი არ არის, რომ მას მოაცილონ ეს პირადი ხასიათის სიბინძურე - და ჭუჭყი. წარმოგიდგენიათ: მე იქ არ ვიმუშავებ, ვინაიდან იქ ისეთი კაციც მუშაობს, რომელიც მე თვალში არ მომწონსო. თუ ამას მოითხოვს საქმე? (გომიაშვილმა ჭკვიანად შენიშნა ტიციანს, რომ ჩიქოვანმა უნდა იმუშაოს არა ბობოხიძესთან, არამედ წითელ ჯართანო). მარქსს, მაშ, ხელი უნდა აეღო ენგელსთან მუშაობაზე, თუ საკითხი დაისმებოდა, თუ ვინ უფრო დიდია მათ შორის. მაგრამ დიდბუნებოვანი ადამიანები არასდროს ასე მსჯელობას არ დაიწყებენ: მათ, უპირველეს ყოვლისა, ამოძრავებთ ერთი იდეა. თუ ჩიქოვანი იტყვის, რომ ჩვენ გვაშორებს იდეური საკითხებიო, სხვა საქმე იქნება, მაგრამ ამას ის ვერ იტყვის, ვინაიდან იდეიურად, იდეოლოგიურად გაცილებით უფრო მაღლა დგას კომკავშირელი თუ კომუნისტი ბობოხიძე, ვინემ ჩიქოვანი. მაგრამ შეიძლება მათ სხვადასხვა ლიტერატ. მიდგომა აქვთ და ეს უშლის ჩიქოვანს? არა. რატომ შეუძლია ჩიქოვანს ტიციანთან, და სხვებთან იმუშაოს და კალესთან კი არა? არც ერთი ზემოდ დასახელებული მიზეზი გასამართლებელი არაა, კიდეც რომ არსებობდენ. მაგრამ ასეთი მიზეზების არსებობაში მე რაღაც ეჭვი მეპარება. ძაღლის თავი სულ სხვაგანაა დამარხული, ვულგარულია ეს თქმა, მაგრამ სწორედ ზედ-გამოჭრილი. მათ იქ უნდათ უფროსობა და ამის გამო ბობოხიძესთან ვერ იმუშავებენ? მე კი მგონია, რომ ისინი ვერ იმუშავებენ იქ იმის გამო, რომ აქ გალაკტიონ ტაბიძეა. მისი ავტორიტეტი დიდი ხანია თვალში ეჩხირებათ. მასთან მუშაობის ეშინიათ, რომ არ დაიჩაგრონ, რომ არ დაეცენ სხვის თვალში მასთან შედარებით. ამის გამო არჩევენ, სულ არ იმუშაონ მასთან, ვიდრე დამორჩილდენ მას. მაგრამ ნუ თუ ეს შეცდომა არ არის? მე არავის ხელს არ ვუშლი, პირიქით, ხელს ვუწოდებ, მაინც ეშინიათ, აშინებენ ერთიმეორეს არარსებული ჩემი მედიდურობით(?). ეს ძალიან რთული ფსიხოლოგიური მდგომარეობაა, ძალიან მავნე ამასთანავე. მაგრამ დაძლევა შეიძლება სოლიდარობის დიადი გრძნობით; აქვთ კი ეს გრძნობა მაგათ? არა. მაშასადამე, რა დაგვრჩენია? მხოლოდ ბრძოლა, სხვა არაფერი. ბობოხიძესაც, შესაძლებელია, კიდევ იმიტომ ებრძვიან, რომ იგი ჩემს მხარეზეა სავსებით. იგი მაფასებს მე, მწერლების სიაში ყველაზე წინ მე მაცხადებს, გავყავარ ბიუროს თავმჯდომარედ და სხვ. ჩემს თავსაც მოვალედ ვთვლი, საჭიროების დროს დავიცვა იგი. მაინც ყოველივე ეს მანევრებია პლენუმის წინ. მათ უნდათ ყოველი მხრით მომიჭრან გზა - მიმიყვანონ ჩიხში. მაგრამ მე ვეძებ ისეთ გამოსავალს, რომელიც მათგან ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. მე ხომ თავმჯდომარედ გასვლა არ მინდა მწერალთა კავშირში? არა. მე მინდა, მხოლოდ ძლიერი დაკვრით დაცინვას გადავაჩვიო ზოგიერთი ცინიკი. აი, რა მინდა მე. ამ მიზნისგან მე არასოდეს არ დავიხევ. რომ შეჰქმნა რაიმე დიადი, უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, და ვერასდროს ვერ დაუჯერებ თავის თავს, თუ სასაცილოდ დამარცხდი. რომ შეჰქმნა რაიმე დიადი, არ უნდა გეშინოდეს ხვალინდელი დღის...
ვნახოთ, რას მოიტანს ხვალინდელი დღე. უმთავრესია გაგება, როგორია ძალთა განწყობილება, ვინ ვისკენ არის, რა საიდუმლოებია გარშემო. აქ მარტო ინერცია არ კმარა. ნათლად უნდა მქონდეს ყველაფერი წარმოდგენილი.
წეღან რომ ვამბობდი განცხადების შესახებ: ო, როგორ ეჩხირებათ თვალში, როდესაც პირველად ვარ გამოცხადებული სადმე. რა ბავშობაა, მაგრამ ამ განცხადებების გამოა, რაც უბედურებები ხდება აქ. რეკლამა. ერთმანეთის გადაჯირგალება დაუმსახურებლად, უცერემონიოდ. სასაცილოა ყოველივე ეს, მაგრამ კარგი რეკლამა, მახვილი რეკლამა საჭიროა, რომ შექმნა რაიმე დიადი. ვნახოთ, რა იქნება ხვალ გაზეთებში, ხელოვნების სასახლეში, სახელგამში, შტაბის სამმართველოში.
მართლა: რაღაც ფედერალისტები გამოცოცხლდენ. ხვალ ხელოვნების სასახლეში კ. ჭიჭინაძე კითხულობს ნუბელუნგების თარგმანს, ამას წინად პეტრე მირიანაშვილი ჰკითხულობდა ილიადა-ოდისეის თარგმანს. ფედერალისტები ჯგუფ-ჯგუფად დადიან სახელგამშიც, დემონსტრატიულად; [მეგობრობის] რას ნიშნავს ყოველივე ეს? ნუ თუ ეს ყოველივე მოახლოვებული პლენუმის გამოა? ხომ არ აპირებენ ისინი რაიმე გამოსვლის მოწყობას? აღსანიშნავია, რომ მწერალთა კავშირში ბევრი ფედერალისტია დატოვებული „რაღაცა მანქანებით“. ძალიან მეინტერესება, ვინ იქნება ხვალ კ. ჭიჭინაძის კითხვაზე. მაგრამ მე არ მეცლება.. კრებაზე ვიქნები. მეინტერესება მაინც, ვინ ეხმარება ამ ფედერალისტებს მწერალთა კავშირში. ვინ იყო მწერალთა გამცხრილველ ბიუროში წინა პლენუმზე? საინტერესოა - ძლიერ, ფრიად ე. ი.
11 დეკემბერი. მხოლოდ „წითელ-არმიელში“ იყო (ლიტქრონიკა) ცნობა 8 დეკემბრის კრების შესახებ.. „სალიტერატურო გაზეთის“ ახალ ნომერში გამოცხადებულია, რომ შესდგება ჩემი შემოქმედების საღამო 16 დეკემბერს (აღარაფერი მესმის)! ნუ თუ აღარავინ იცის, ვინ რას აკეთებს? ცეცხლაძე სდებს საღამოს, გვეტაძე კი აცხადებს. თითქო ისე შორიშორს არიან და ერთი ოთახით არ არიან დაშორებულნი ერთი მეორეს ხელოვნების სასახლეში. რაღაც პროვოკაციის მოწყობის ცდაა (ნამდვილი პროვოკაციაა. ყანწელები კავშირდებიან).
სამხედრო წრე თანდათან მტკიცდება, თუმც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის კარგად (არაა ჩატარებული ფართო კომპანია სამხედრო მწერლების აღრიცხვაზე აყვანისათვის, არაა ფული, არის დაბნეულობა რაღაცნაირი, ჩემთვის სრულიად გაუგებარი. ამას ბოლო უნდა მოეღოს).
ჩვენს სამხედრო წრესთან მწერლების დამოკიდებულება ისევ ძველებურია, ე. ი. როგორც იყო გუშინ და გუშინწინ.
 მიროტაძესთან იყო კრება და გადაწყდა ჟურნალის გამოცემის საქმე. ფული არ არის და განსახკომმა უნდა მოგვცესო. იქნება ხელოვნების სასახლეში სამხედრო საღამო - მოხსენება ბლუაშვილის.
გადავეცი ლექსი წით. არმიელის სალიტერატურო ნომრისთვის. ჭანიშვილი, ახ. პოეტი, ქუთაისელი - მოიტანა უზარმაზარი ლექსი და იცავს ფრაზას: „ღამე სხდებოდა მთაში გლეხურად“.
მორიგი ტყუილი ქუთათელის, რომ „ს. მწ.“ გამოვა 13 დეკემბერს. სტამბაში მითხრეს, რომ შეუძლებელიაო. ჰონორარი მინდა.
ბობოხიძეს მოუხდა ორი შეტაკება: გომიაშვილთან (კომკავშირელთან) და ს. ჩიქოვანთან (ს. წრის წევრთან). კალე იბრძოდა. გომიაშვილს შეუძახა, რომ: როგორა გგონია, თუ შენი ლექსი არ იქნა, ისე გაზეთი ვერ გამოვიდოდაო? გომიაშვილმა მკვახედ უთხრა: როდემდინ უნდა ეფარო სხვის ჩრდილსო. - რაო? ვირის ჩრდილსო? - იკითხა სულავამ. - არა, სხვის ჩრდილსო! ააა! კომკავშირული „ავტამობილია“, სხვა არაფული. ჩიქოვანმა შეუძახა ბობოხიძეს: ვინ მიბედავს კატეგორიული განცხადებების წერასო. მე პრეზიდიუმში განვაცხადეო და სხვ. (იგი ძალზე გაფითრებული იყო). ბობოხიძემ უპასუხა, რომ, თუ არ ნებავს მუშაობა, ალბად სხვას გამოგზავნიანო. გვეტაძემ მე მითხრა: „წითელ დაფაზე უნდა გაგწეროთო“ (კალესთვის კი უთქვამს, მაგ ხომ ვერაფერს იმუშავებსო). თან განცხადება მიუცია ჩემი შემოქმ. საღამოს შესახებ. მოდი და ენდე ასეთ პიროვნებას, რას არ მპირდებოდა და რა გამოდის. ეულმა უპალტოობის შესახებ მკითხა. ალის წრეში ჰყოლია 40 კაცი. ძალიან მინდა გავიგო, ხომ არ ვცდები ბობოხიძის შეფასებაში?
ჩემს გარშემო რაღაც საგრძნობი ინტრიგაა. პლენუმის გამო ალბად. მე ძალა ვარ და უნდათ გადამიბირონ სხვადასხვა ჯგუფებმა. ეხლა: რა კი ასეა - ისევ მედგარი მზადება შემოქმედებითი საღამოისათვის (პლატონმა სთქვა, რომ სულ ერთ დღეში მოეწყობაო, ბობოხიძემ: უსათუოდ უნდა ჩატარდესო, ეულს რად არ უთხარიო და სხვა.. რა მაქვს ვისმესთან შესახვეწნი). ო, რა დიდი უსინდისობაა ფედერაციის მხრით: უნდა ვანანო!!!
საღამოთი ვიყავ სტამბაში, სადაც „წითარმიელი“ იწყობა. იქ იბეჭდება ჩემი ლექსი: „რწმენით იარ, იარ, იარ, მტკიცე გქონდეს ბიჯი. ყოველ ნიჭზე ძვირფასია ქვეყნის დაცვის ნიჭი!“
12 დეკემბერი. ჩემი ლექსი „წითელარმიელი“-ს სალიტერატურო ფურცელში მოთავსებულია პირველ ადგილას, ორ სვეტზე. სტამბას ნუ თუ არა აქვს კარგი საღებავი? - პირველი სტრიქონები ლექსისა სრულებით არა სჩანს. შეიძლება ესაა გამომშვების დაუდევრობა. ყოველ შემთხვევაში, უნდა გავიგო, რად ხდება ასე. დღემ გაიარა ჩინებულად: შინაგანი მეორე „მე“ იყო მშვიდი და ნათელი.
14 დეკემბერი. იყო ხელოვნების სასახლეში კარლო კალაძის მოხსენება ქართ. თანამედროვე ლიტერატურაზე. შეეხო ყველას, მეც. ქებასთან ერთად წამოისროლა ფრაზა: „თუმცა ხანდახან იმას ლაპარაკობს, რაც ენაზე მოადგებაო“ (უდიდესი თანამედროვე პოეტი, მოკავშირე, თანამგზავრი და სხვ.). გამოვიდა კალე ბობოხიძე და წაიკითხა ჩემი ლექსი, აგრეთვე ილაპარაკა თავდაცვით ლიტერატურაზე. სიმონ ჩიქოვანი ცდილობს ფრაქციის შექმნას. გამსახურდია შეწყნარებულია. სიმონ ჩიქოვანი ახსენებდა რაღაც ნარკვევს, რომელიც თითქო წამყვანი მომენტი იყოს ჩვენს ლიტერატურაში (მეო, ლორთქიფანიძე, კალაძე, ნაროუშვილი), ტიპიური ფრაქციონერია. ისევე სჩანდა, როგორც არასდროს ჯგუფობრივობა! მოხვდა კრიტიკოსებს. მანევრებია პლენუმისათვის.
16 დეკემბერი. შესდგა სამხედრო მწერალთა კრება ხელოვნების სასახლეში. ვიყავი თავმჯდომარედ. შემდეგ დავესწარი პრეზიდიუმის კრებას. ჩემზე გაკვრით ილაპარაკეს: გომიაშვილმა (შემოქმედებითი საღამო), ჟურულმა (რატომ პირველად ყოველთვის გალაკტიონი იხსენიებაო), გვეტაძემ (ვეხვეწეთ და წერილი ვერ დავაწერინეთო), ტიციანმა (შემოქმედებით საღამოზე ვილაპარაკებო). დემეტრაძემ მითხრა, რომ შეგვატყობინეთო ადრე, სალიტერატურო საღამოსათვის, გაზეთში მასალებს გავუშვებო. სანდროს შესახებ ლაპარაკობდა ალი. მისი, სანდროს, შემოქმედების საღამო იყო. ძლიერ უგულოდ მიმდინარეობდა საღამო. ეტყობა ხალხი ენერგიას ინახავს. ამაღლობელი მემარჯვენეების მხარეზეა, კარლო მელაძეს დღეს ურტყამდენ: ტყავს გავაძრობთო. შალვა რადიანი ოპალაშია. მას სახელგამი საზიზღარ საქმეს უშვება, სახელგამი ეყრდნობა ფედერაციის გავლენიან წევრებს. შალვა დაშინებულია სასტიკად: როდესაც მეორე ნომრის მასალებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მე ძლივს მახსენა. გასაგებიცაა. ხშირად გაისმის საუბარი: წითელი ხალტურა, თეთრი ხალტურა! ალბად მე უნდა მომაწერონ პირველი ეპიტეტი. არ გაუვათ... სალიტერატურო გაზეთი უნდა ავიღო იერიშით. კმარა ცდა. იერიშითვე ჩვენს წინააღმდეგ მოდიან ისინი, რომელთაც სურთ (რათაც არ უნდა დაუჯდეთ) თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ ცეკას 23 აპრილის დადგენილება.
დავუშვი ერთი დიდი შეცდომა: [პალ] შინელის შესახებ. არ უნდა გადამედგა ჯერჯერობით ასეთი ნაბიჯი. მით უმეტეს, კალეს, როგორც ვატყობ, მთელ ამ მუშაობაში პირადი საქმეები უფრო აინტერესებს, ვინემ სამხედრო. 1. ის მეტისმეტად ეჩრება ჩემს ფუნქციებში და ხელს მიშლის. 2. ის არავითარ მუშაობას არ აწარმოებს წითელარმიელებში წრეების ჩამოსაყალიბებლად (გასაგებიცაა, ფული არ არის, მაგრამ ცოტათი მუშაობა მაინც შეიძლება). 3. გადამეტებით აყენებს თავის თავს წინ ყველა კრებებზე: სამხედრო წრის ხელმძღვანელი და სხვ. უმიზეზოდ თავს დაესხა დემეტრაძეს (ლიტ. გაზ.), ეომება გომიაშვილებს, ჯგუფობრივობას, აბრალებს ნაროუშვილის ჯგუფს, რომ ნატროშვილმა მოიპარა მისი წიგნის წინასიტყვაობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მათ წინააღმდეგ გამოვიდა. (წინედ მოწინავეთა რიგში მაყენებდაო). ებრძვის ჩიქოვანს; და, მგონია, მეც მაყენებს უხერხულ მდგომარეობაში ბევრის წინაშე, რადგან ბევრს ჰგონია, რომ ის ჩემი სახელითაც გამოდის, რომ მე მას ვემხრობი. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ვისი იმედით სჩადის ყოველივე ამას? მხოლოდ სანდრო ეულის იმედით. საბრალომ არ იცის, რომ სანდრო ეული თვითონ ასე თუ ისე ეყრდნობა მემარჯვენეებს და თუ მას ანებივრებს, მხოლოდ მისთვის, რომ დაანახვოს მათ: შეხედეთ, მეცა მყავს მომხრეებიო. მეტად ყალბი მდგომარეობაა ჩემთვის. [მაგრამ] თუ კიდევ შევამჩნიე ბობოხიძეს გუშინდელის მსგავსი გამოსვლა ჩემს წინაშე (ტონი, ტონი: დღეს მასალები მზად უნდა იყოსო! წარმოგიდგენიათ? როგორ ბედავს! მან ვერ გააკეთა (ან არ გააკეთა) ის საქმე, რაც ჩემთვის საჭირო იყო). სამწუხაროა, რომ ადამიანებში ვცდები! სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი მასზე. შეიძლება მართალი იყო სიმონ ჩიქოვანი, როდესაც მასთან მუშაობა არ ისურვა? მაგრამ მე განა თვითონ არ ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა? მე სხვა მიზნები მაქვს. ასეა თუ ისე, ხომ უნდა გავაკეთო რამე. კალე, მე მგონია, ჯერ სულ გამოუცდელი ბავშია. მაგრამ სანდრო ეულს სჭირდება იგი ისე, როგორც არასდროს. აი რაშია - საქმე. სანდრო ეულს ჩემს შესახებ ვამჩნევ მავნე გადახრებს: რაღაც ზევიდან იყურება, კალე იმეორებს მის ჟესტებს. მაგრამ ყოველივე ეს მე მაძლევს ძალას ბრძოლისათვის. მე გავიმარჯვებ. მე გავიმარჯვებ. და ეს იქნება ძალიან მალე. ამ დღიურის ფურცლებზე ჩაიწერება იმ საარაკო გამარჯვების ამბავი.
(ბარონი - „ჟურნალი მიჩვენეთო“ და ჟურნალს კი არ უშვებს თვითონ).
31 დეკემბერი. 1932 წლის უკანასკნელი დღეა. საათი დავაყენე სწორედ თორმეტზე, და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ოთახი შეძლებისადაგვარად დავასუფთავე. ოთახშიაც და აივანზეც ანთია ელექტრონები. მე მინდა მხიარულად შევხვდე ახალ წელს. არ მინდა მახსოვდეს უკანასკნელი დღეების კოშმარები (საღამო რომ გადაიდო ქართულ კლუბში, ვინაიდან არავინ არ დამეხმარა. შემდეგ მწერალთა პლენუმზე რომ გამოვედი სასტიკად გაბოროტებული, ყველა მწერლები რომ დავიმდურე, საშინელი კრიზისი რომ იყო და ხელი არავინ გამომიწოდა, რომ ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი, რომ „არც ერთი პიასტრი“ არ გამაჩნია, რომ ყველა მისაყვედურებს რაღაცას, დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე. სხვა უკანასკნელ დღეებში არავითარი [იმედის] კარგი რამ არა ყოფილა ჩემთვის. რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე). საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბავებიდან? ძალიან ცოტა რამ იყო კარგი. ჩემის მხრით შეცდომები იყო უამრავი. კარგია, რომ გამოვიდა „რევოლიუციონური საქართველო“, ვიმოგზაურეთ [ჩრდ.] და სხვ. მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად). სოფელში რომ ვიყავი, ვიქცეოდი ისე, როგორც აქ, საზიზღრად ვთვრებოდი. მივეჩვიე არაყს, შევიქენი გესლიანი კაცი. ჩამოვიშორე ბევრი კარგი მეგობარი, და დავიახლოვე ისეთები, რომლებიც ყოველდღე მძარცვავენ. სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი. „საქართველოს ჩა“-მ ხუთასი მანეთი მომცა შემოქმედებითი მივლინებისთვის. ის ფული ხუთ დღეში გავაქრე და ვერსადაც წავედი. პენსიის ფულს ყოველთვის წინდაწინ ვიღებდი, მარა ორ დღეს იქით არ გამყოლია. „ეპოქა“ უნდა გამოსულიყო, ფული ნაწილნაწილად ავიღე და არაფერი კი არ დამჩენია. რადიომ სამასი მანეთი მომცა ავანსად და ისიც უცებ გაჰქრა. ასი მანეთი აჭარისტანის ცაკს გამოვართვი და დღემდე ვერ დავუბრუნე, ასი ბარონს საღამოსათვის, ასი კიდევ სხვა ორგანიზაციას (სახელიც კი არ მახსოვს). დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა, აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა, ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში [მშიერი] და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი. ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურობა? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს.

1933  წელი.
14 იანვარი. 12 იანვარს ვიყიდე ბილეთი ბათუმამდე რკინისგზისა და ბათომიდან სოხუმამდე გემის. ჩაველი ბათუმში, მაგრამ სოხუმში აღარ წავედი. გადავრჩი! დღეს ისევ ტფილისში ვარ: განა შეიძლება კალმით აწერა ყოველივე იმის, რაც უკანასკნელი თოთხმეტი დღის განმავლობაში განვიცადე? სოხუმში მივდიოდი, რომ ღამით გემიდან გადავვარდნილიყავი ზღვაში. არავისი და არაფრის იმედი არა მქონდა. არ ვიცი, რამ შემაცვლევინა გადაწყვეტილება, მაგრამ სულიერი განწყობილება, დიდი წვალების მერე, თანდათან განათლდა და მე ისევ აქა ვარ. აჭარისტანში ისეთი თბილი დღეებია, რომ ხალხი უპალტოოდ დადის. აქ კი, ტფილისში, დღეს გადაუღებლად თოვს. საშინელი სიცივეა. ქალაქს დაუკეტეს წყალი. მატარებელში შემხვდა ორი კარგი ქალი: ერთი დონის ბასეინიდან, მეორე გურიიდან, იყო მესამეც, კომკავშირელი ქალი. შემხვდა აგრეთვე მთავრობასთან შერიგებული ორი გურული ყაჩაღი. საინტერესო ამბები მიამბეს. შემხვდა აჭარელი, მაჰმადიანი, რომელმაც გამაოცა სტუმართმოყვარეობით. შემხვდენ ენთუზიასტი ახალგაზრდებიც. ზღვა წყნარი იყო. პალმები ყვაოდენ და მანდარინები. ნავთსადგურში იდგა რამდენიმე მშვენიერი გემი უცხოელებისა.
6 ივლისი. დიდებულად გადახდილ იქნა ჩემი 25 წლის მოღვაწეობის იუბილეი ოპერის თეატრში!!!

ილია ჭავჭავაძის ლექსების შესახებ
ილია ჭავჭავაძის თხზ., ტ. 1, 1914, მ. გედ. გამოცემა.
1.    ფაქსიმილე №1. „ბაზალეთისა ტბის ძირას“ (ვერ). ა. დარღვეულია რიტმი.
      არ ერჩის თურმე მის ყვავილს
            არცა სიცხე, არც ზამთარი;
      და ლამაზ მზიან ჩრდილებში
            მუდამ გაზაფხული არი.
წაიკითხება ასე: 1. არცა`   სიცხ, ეა`რც ზამთარი,
                              2. მუდამ გა`ზა`ფხუ ლი`არი.
2.    ფაქსიმილე №2. „ვერვინ მომეწევა ვერც მარდს ცხენზედ“. N.B. და იხმარება მხოლოდ კავშირის აღნიშვნის დროს: „მე და ღამე“, „და სთქვა“ და სხვ. არავითარ სხვა შემთხვევაში „და“ არ შეიძლება. ილია კი ამბობს: ხეზედა, მახედა და სხვ.

„ყვარლის მთებს“.
3. თრთოლით თუ თრთოლვით? (ყვარლის მთებს).
4. ყმაწვილ ყრმობის სიმარტივითა (Наивность).
5. ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა (ტანტალი - ტიტველა სიარულია. Рыскать что-ли).
6. არ შეიძლება „ყმაწვილ ყრმობის“  სიმარტივითა.
7. „ვნატრობდი ხოლმე რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა
ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა“.
N.B. „ვნატრობდი“  - ნამყო. „რომ აღმოვფრინდე“  - აწმყო (დაუშვებელია ლექსში).
8. „როცა ღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი“. რა არის „მძვიფრნი“?
9. ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი (დაჭრილთა ლომთა),
ას მრისხანე.
10. „ქართვლად“ გაზრდილი (ქართველად).
11. „ვღვრიდი „ჩემ“ ცრემლთ ნაკადულს“. ჩემ - ზედმეტია. „ჩემს“.
12. „როგორცა ეხლა“. „მემარხება გულშია ღრმათა“. კიდევ იმეორებს „ყმაწვილ ყრმობის“.
13. „ყოვლი ნაბიჯი“ ჩემის ცხენის (შეადარე გრ. ორბელიანის „გამოსალმებას“ - ეტლი რბის...). მეორე ადგილას „ყოველი წუთი“.
14. ხოლოდ-ღა (მხოლოდ).
15. ვსჭვრეტ...
16. ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს
და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს.
17. „თვალში ცრემლით“ (?).
18. კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული.
19. და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.
20. ყვარელის თუ ყვარლის?
ტლანქი ენაა!!
წაიღეთ ეხლა და მიიღეთ ეს ლექსი მთლიანად... Так. Однобоко.
არ ყოფნისთ გამბედაობა, გამოამჟღავნონ, ან არ იციან. Коверкать поколение. Путают людей.

ლექსი „სანთელი“ (გვ. 6).
1. ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ წინ სანთელსა!
2. აწ მიწურვილა! გასაქრობლად!
3. ძლივ-ძლივღა.
4. ხან ჩაჰქრება და ხან მნათობლადა, კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს (Вспыхнет?).
5. ლაჟვარდად (თუ... დათ?).
6. ერთი მუჭა-ღა!..
7. საზოგადოთ გამოსა.

ხმა სამარიდან  (ხმა სამარიდამ?) (გვ.7).
1. სამართალს ფულითა ვსჭრიდი,
გროშისათვის კაცს გავყიდდი,
თვით ძმას ორმოს გავუთხრიდი.
ეს ლექსი არა ჩვეულებრივი.
სამართალსფუ / ლითა ვსჭრიდი.
გროშისათვის / კაცს გავყიდდი.
.........................................................
მე ის არ დამ / ნანდებოდა.
2. ჩემთვის იყო გაუგებრად? (II ტაეპში. იგივე ცეზურების დაუშვებელი რღვევაა).
3. ირჩობოდა, კაცს ვხედავდი,
მე შემეძლო მის მორჩენა (იმის გადარჩენა).
მის მორჩენას გავბედავდი,
თუ მესმოდა ვერცხლის ბზენა (!)
4. მსგავსსა, კარგსა (ა - რატომ?).
5. სიცოცხლეს კარგად ვიცნობდი (უნდა ცხოვრებას).
6. დროზედ... სიბრმავე ვიცი, დროზედ თვალის ახილება.
დროზედ... ხანც ვიცოდი დახანება...
7. გლეხებთან ვიყავი ჭკვიანი, ტუტუცი ნაჩალნიკთანა.
8. მას ბრაგა-ბრუგს დავუწყებდი (Действительно ротмистрский, фельдфебельский язык!).
9. სულ ჯიბისთვინა ვცდილობდი.
10. ჩემს დღეში ცრუადა ვსწირე.
11. შეიბრალეთ ჩემი გვამი,
თუ ოდესმე ვინმე მნახეთ,
საიქიოს თუა ქრთამი,
გამახარეთ, ჩამომძახეთ!

სიმღერა (გვ. 10).
1. ჩემს მცირეს  ნავს... რას არხევ (უნდა მცირე).
2. სთანხმობს (უნდა, ეთანხმება).
3. ვსწყევლი ჩემ  შობის წამსა.
4. თუ ეგ ბოლო მხვდა მხვედრად.

გუთნის დედა (გვ. 11).
1. შენებრ მეც მელის მიწა ვით მსხვერპლსა
სიკვდილის შემდეგ დასავიწყელსა.

ლოცვა.
1. მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა.
2. მწყურს. რას იქმან.

მეც შავ თვალებს (14 გვ.).
1. მეც მინახავს თვის სიბნელით თვალნი,
ვითა მწყვდიადი ისე ღრმათ-ღრმანი.
2. დაუმონავნი, აღვსილნი ცეცხლით,
3. ვით ქარიშხალში აღმშფოთნი ზღვანი.
4. სიცოცხლესთანა ჰსცნობ შარიგებას.
5. ტრფობათ ამღვრეულობა.
6. და არწივისა თავისუფლობა (თავისუფლობა - ე). (ამავე ლექსში მეორეგან: თავისუფლება).
7. როს დაიწყობენ  იგინი ცქერას.

გიყვარდეს (15).
1. და ქვეყნად ჩემს სვლას
ჰსცემდა წმინდ ნათელს
მისთვისც...

მთვარეს (16).
1. ცაზედ, ქვეყანაზედ...
2. ყოველი ჩუმობს გარშამო ჩემსა.
3. სხვა ფრათ(!).

უფრო მაღლა და წინ!
3 სეკტემბერი. 1934.
ახალგაზრდობის XX საერთაშორისო დღეს ტფილისში, რომელიც პირველ სეკტემბერს ჩატარდა, „კომუნისტი“ თითქმის მთელ პირველ გვერდს უთმობს. პირველი წერილის სათაურია „მოდის ბრწყინვალება და სიხარული“ და იწყება ჩემი ცნობილი ლექსის პირველი სტრიქონებით:
„ასე მშვიდი, ასე წყნარი
ჯერ ცა მე არ მახსოვს“.
„მართლაც, - განაგრძობს გაზეთი, - იშვიათად მშვიდი და წყნარი საღამო იყო 1-ლ სექტემბერს ტფილისში. ამინდიც კი სიხარულის განწყობილებას ჰქმნიდა ამ დღეს მშრომელ ტფილისელებში“
ეს სტრიქონები გაზეთისა საგულისხმიერო სტიქონებია - მათთვის, რომელთაც ჩემი „მთაწმინდის მთვარე“ პესსიმისტური ლექსი ჰგონიათ. აქ კი იგი უკავშირდება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, დიად დღეს, ბრწყინვალებისა და სიხარულის დღეს!
„დიდი სიხარულის, პათოსის და ენტუზიაზმის ბრწყინვალე საღამო იყო ახალგაზრდათა საერთაშორისო დღეს ტფილისში“ - ამთავრებს წერილს გაზეთი.
მადლობა „კომუნისტი“-ს რედაქციას...
4 სეკტემბერი.
ბუხარინის მოხსენების გარშემო კამათია სახელგამის კორიდორში.
ვ. გორგაძე: რა ან ვინაა ტიჩინა, მიჩინა. უნდა ელაპარაკნა, რომ სცოდნოდა - გალაკტიონ ტაბიძეზეო!
გ. კაჭახიძე: ამდენი უფერული კაცი, რაც საქართველოდან გაიგზავნა... მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იქ გალაკტ. ტაბიძე არ იქნებოდაო. მასთან იყო ერთი სიმპატიური ახალგაზრდა, რომელიც აშფოთებული იყო ამ ფაკტით.
ნ. კავჟარაძე: ჩვენ ეს ვერ წარმოგვედგინა... (მ. ჯ. და გ. ტ.).
ვ. მასხულია: განა გალაკტიონისთანა პოეტი არის რუსეთში?
შ. რადიანი: დიდი უსინდისობაა! ეგ არ უნდა მომხდარიყო (აქ? ბ. ჩხ.).
ბ. ბუაჩიძე. უსინდისობაა. „Известия“ წაიღო ჯავაირამ. ის კარგად შემხვდა ტრამვაიში.
ლევ. ასათიანი: ყრილობაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო შენს გარშემო. ტიხონოვმა წაიკითხა შენი ლექსები - ქართულ საღამოზე.
მთელი ტფილისი აღშფოთებულია ამ გარემოებით. ყველა ჩემს მხარეზეა. ამბავი თანდათან იზრდება (მოისურვებენ მისი ზრდის შეჩერებას, მაგრამ ვერ მოახერხებენ, ასე თუ ისე იძულებული იქნებიან, ბოდიში მოიხადონ).
მაშასადამე: უფრო მაღლა და წინ!

* * *
სანამ ჰქონდა, [გადაჰქონდა] ქარს გაჰქონდა
ფული ჭუჭყი, ფული მტვერი,
შემოაკლდა და დაღონდა
ჩემი [ტობა] ევა ტობანერი.
ერთ დროს სავსე, ეხლა სწუხდა
დახეული მისი ჯიბე -
კარს მოადგა საშინელზე
საშინელი სიღარიბე.
სირცხვილისგან [შორს გაურბის] გაურბოდა
მთავარ ქუჩას და მიდამოს.
ტანისამოსს დაეძებდა -
სულ უბრალო ტანისამოსს.
შავზე შავი დღე დაუდგა:
არც საჭმელი, არც სასმელი.
ფეხსაცმელებს დაეძებდა
და არ სჩანდა ფეხსაცმელი.
ის მშიერი დაწრიალებს,
სავსე უკმაყოფილებით -
[სხვა] დღე კი მიქრი-მოქრიალობს
ფერად ავტომობილებით.
„უნდა ყველა ააფეთქო,
და დაცხრება [მაშინ] გრძნობათ მღვრევა,
ახ, საბრალო ჩემო, [ტობა] ევა,
რა ყოფაში მყავხარ, [ტობა] ევა.
ამ ფიქრებთან საღამო ხანს
უბრუნდება გრძნობა დაღლის,
მიდის სახლში და კარებთან
შეეფეთა დიასახლისს.
დიასახლისს სიტყვა ჰქონდა
[უგრძელესი, როგორც] რაღაც მკვახე, რაღაც მკვრივი -
მადლზე პიმპილს მოაყრიდა,
როგორც ოთარაანთ ქვრივი.
მისი სახით, ამ ტფილისმა
ევას დაუპირდაპირა -
[სახლის] ბინის ქირა, სანთლის ქირა,
და ათასი სხვა რამ ქირა.