1916

23 დეკემბერი

ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონის დიდი საღამო: „...საღამო დაიწყო ბ. ალ. წერეთელის ლექციით: „ნეორომანტიზმი ქართულ უახლეს ლიტერატურაში“... ლექციის შემდეგ დაიწყო ბ-ნ ტაბიძის ლექსების კითხვა. ფარდა აიხადა და სცენაზე გამოჩნდა სურათი: სამი ასული, თეთრ მოსასხამში, ჭიანურით ხელში. შემდეგ ცოცხალ სურათად დადგმული იყო ლექსი „მერი“. თარებს ქვეშ ჯვარის საწერად გამოწყობილი დგას ასული და თეთრ სვეტს მიყრდნობილი, ნაბადში გახვეული მოჩანს თვით მგოსანი. ჭიანური უკრავს და ლოჟიდან ლექსს „მერი“ კითხულობს პაოლო იაშვილი... შემდეგ ლ. ჯაფარიძემ და ვ. გაფრინდაშვილმა წაიკითხეს გ. ტაბიძის ლექსები: „მე და ღამე“, „ვერხვები“ და სხვ. უკანასკნელ განყოფილებაში თვითონ გალ. ტაბიძემ წაიკითხა თავისი ლექსები. საზოგადოება მხურვალე ტაშისცემით აჯილდოებდა მგოსანს. დებმა იშხნელებმა გიტარაზე იმღერეს გალ. ტაბიძის ლექსები. საერთოდ, საღამო ძლიერ საინტერესო იყო და მხოლოდ, სამწუხაროდ, ხალხი ცოტა დაესწრო შედარებით“ – გაზეთი „ჩვენი მეგობარი“, #242, 1916.