შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 8


დაუმთავრებელია. 1946. 30 აგვისტო.

დავიბადე 1892 წ. ყოფ. ქუთაისის გუბერნიაში, სოფ. ჭყვიშში, მასწავლებლის ოჯახში. მამა არ მახსოვს, ვინაიდან იგი გარდაიცვალა ჩემს დაბადებამდე 4 თვით ადრე. დედის ხელმძღვანელობით მე გულდასმით ვეწაფებოდი წიგნებსა და ძველ ხელნაწერებს.
1900 წელს ჩამიყვანეს ქუთაისში. გაოცებული ძველი ტაძრისა და ციხის ნანგრევების სიდიადით, ვწერ პირველ ლექსებს: „ნანგრევის საიდუმლო“ და „ფიქრი ფაზისის პირად“.
1905 წ. მონაწილეობას ვიღებდი მოსწავლეთა არალეგალურ შეკრებებში, განვაგრძობდი რა ქართულისა და უცხოეთის ლიტერატურის გულდასმით შესწავლას. ვკითხულობდი ძალიან ბევრს.
1908 წ. მგზავნიან ტფილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს ჟურნალ „კვალში“ და გაზ. „ამირანში“ იბეჭდება ჩემი პირველი ლექსები („შავი ღრუბლები“, „ღამე“). აგრეთვე ვიბეჭდები მრავალრიცხოვან ალმანახებში. ვხელმძღვანელობ სალიტერატურო წრეს. ვრედაქტორობ რევოლიუციურ ჟურნალს „შუქს“.
1909 წ. მიუხედავად ჩემი ახალგაზრდობისა ძირითად თანამშრომლად მიმიწვიეს პირველ ქართულ სიტყვა-კაზმული მწერლობის ჟურნალ „ფასკუნჯში“, სადაც თანამშრომლობდენ კორიფეები: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და სხვ. ამ ჟურნალის თითქმის ყოველ ნომერში იბეჭდებოდა ჩემი ლექსები.
1910 წ. ვთანამშრომლობ ჟურნალ „განათლებაში“.
1911 წ. მდგომარეობა მაიძულებს მასწავლებლად წასვლას ზემო იმერეთში. განვაგრძობ თანამშრომლობას ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
1912 წ. გაზ. „თემის“ მთელ რიგ ნომრებში [იბეჭდება] ქვეყნდება ჩემი პირველი, დიდი მოცულობის პოემა „მწყესი“. მუდმივი თანამშრომელი ვარ ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“.
1913 წ. [სალიტ.] ვმოგზაურობ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში (ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარაში) ლიტერატურული მიზნებით.
1914 წ. გამოდის პირველი ტომი ჩემი ნაწერებისა. ერთი კვირის განმავლობაში იყიდება მთელი ტირაჟი.
1915 წ. მივემგზავრები მოსკოვში; წასვლის წინ, ქუთაისის მოსახლეობისგან მივიღე ვერცხლის კალამი წარწერით: „გალაკტიონს, პოეტების მეფეს“.
1916 წ. ვბრუნდები საქართველოში. ხალხის მდგომარეობის ახლო გაცნობის მიზნით მონაწილეობას ვღებულობ ამიერ-კავკასიის სასოფლო-სამეურნეო აღწერაში. მეორედ მივდივარ მოსკოვში - ლიტერატურული მიზნებით. ვბრუნდები - საქართველოში და ვცხოვრობ არალეგალურად ქ. ქუთაისში, ჟანდარმერიის დევნის გამო.
1917 წ. რევოლიუციის პირველსავე დღეს ვაქვეყნებ ლექსს „დროშები ჩქარა“. მეორე დღეს ჩამოვდივარ ტფილისში, აქ ვხვდები ქართველ მწერლებს: რამდენიმე დღის შემდეგ მივემგზავრები ისევ მოსკოვში, სადაც, ხალხის მდგომარეობის კიდევ უფრო ახლო გასაცნობად, მონაწილეობას ვიღებ მოსკოვის მოსახლეობის მთლიან აღწერაში. მოსკოვის ქართ. კოლონია მიმართავს გრანდიოზულ საღამოს.
1918 წ. გერმანელების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქებსა და დაბებში გავლით, სადაც მოწმე ვხდები დიდი პარტიზანული ომების, ვბრუნდები საქართველოში.
1919 წ. გამოდის ჩემი ლექსების მეორე ტომი. ამ წიგნში პირველად ქართულ პოეზიაში ნახსენებია „ლენინი“.
1920 წ. საღამოები ტფილისში, ქუთაისში, სოხუმში და სხვ.
1921 წ. ვრედაკტორობ სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანოს „ლომისს“. პირველი ნომერი გამოდის ჩემმიერ დაწერილი საპროგრამო წერილით.
1922 წ. ვმუშაობ მწერალთა კავშირში, როგორც პრეზიდიუმის წევრი.
1923 წ. გამოდის ჩემი ყოველკვირეული ჟურნალი „გალაკტიონის ჟურნალი“.
სახელმწიფო ოპერის თეატრში ეწყობა ჩემი ლიტ. მუშაობის 15 წლის იუბილეი.
1924 წ. გამოდის დიდტანიანი ჟურნალი „მნათობი“, რომლის გარშემო თავს იყრის მთელი ქართული მწერლობა. ამ ჟურნალის დაარსებიდანვე დღემდე ვარ მისი ძირითადი თანამშრომელი.
1925 წ. „მნათობში“ ერთერთ ნომერში იბეჭდება ჩემი „ასი ლექსი“.
1926 წ. ვთანამშრომლობ გაზ. „კომუნისტში“.
1927 წ. სახელგამი სცემს ჩემს დიდტანიან წიგნს.
1928 წ. რუსთაველის სახელობის თეატრში იმართება ჩემი ლიტ. მუშაობის 20 წლის იუბილეი.
1929 წ. კომინტერნის მე-VI კონგრესის დელეგატებთან ერთად ვმოგზაურობ საბჭოთა კავშირის სამრეწველო რაიონებში. ამ მოგზაურობის გამოძახილია წიგნი „ეპოქა“.
1930 წ. წიგნი „პაციფიზმი“. „მნათობში“ იწყება ბეჭდვა „რევოლიუციური საქართველოსი“.
1932 წ. არჩეული ვარ საქ. ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის (ცაკ-ის) წევრად.
1933 წ. ქართველმა ხალხმა დიდის ზეიმით გადაიხადა ჩემი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 25 წლის თავი. მომენიჭა წოდება „საქართველოს სახალხო პოეტისა“.
1934 წ. ვჯილდოვდები ამიერ-კავკასიის ცენტრ. აღმ. კომიტეტის მიერ საპატიო სიგელით.
1935 წ. ვიგზავნები პარიზში მწერალთა პირველ მსოფლიო ანტიფაშისტურ  კონგრესზე. საანგარიშო მოხსენება ტფილისში.
1936 წ. დაჯილდოვებული ვარ უმაღლესი ჯილდოთი ლენინის ორდენით.
1937 წ. [იწყება] გრძელდება ჩემის ნაწარმოების ტომებად გამოცემა სახელგამის მიერ.
1938 წ. მწერალთა სასახლეში იმართება ჩემი ლიტ. მოღვაწეობის 30 წლის თავი.
1939 წ. გამოდის ქართვ. მწერლების დიდი კრებული მიძღვნილი ბელადისადმი. კრებული იხსნება ჩემი ლექსით „გორი“.
1940 წ. იბეჭდება ჩემი პოემა „აკაკი წერეთელი“ და სხვ.
1941 წ. საქართვ. გასაბჭოების XX წლის თავისათვის მწერალთა მიერ იცემა სპეც. დიდი კრებული, რომელიც იხსნება ჩემი ლექსით „მშობლიურო ჩემო მიწავ“. სამამულო ომის გამოცხადებისთანავე, მონაწილეობას ვღებულობ თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთებში, გამოვდივარ საღამოებზე, რადიოთი და სხვ. [ვიწყებ].