შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 21


საქართველოს სახალხო პოეტი
აკადემიკოსი
გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონის ცხოვრება და შემოქმედება

1892 წ. - სოფ. ჭყვიშში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა გალაკტიონი.
1899 წ. - სიობლეში, დედის მზრუნველობის ქვეშ, პატარა                                                                                                                                     გალაკტიონი გულდასმით ეწაფება წიგნებსა და ძველ ხელნაწერებს.
[(1900 წ. - გალაკტიონი ჩაჰყავთ ქუთაისში. მეოცნებე ბავშვი, გაოცებული ბაგრატრის ტაძრის ნანგრევების სიდიადით, სწერს პირველ ლექსებს: „ნანგრევის საიდუმლო“ და „ფიქრი რიონის პირად“)].
1905 წ. - გალაკტიონი მონაწილეობას იღებს მოწაფეთა არალეგალურ შეკრებებში, რომლებიც იმართება ძველი ციხის ნანგრევებში, იქ კითხულობს ლექსს „პირველი მაისი“. განაგრძობს ქართული და უცხოეთის ლიტერატურის გულდასმით შესწავლას. კითხულობს ძალიან ბევრს, თითქმის დღითა და ღამით.
1907 წ. - ლექსით ეხმაურება ილია ჭავჭავაძის მკვლელობას. სწერს მოთხრობებს, პიესებს.
1908 წ. - ამთავრებს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელს, როგორც საუკეთესო მოსწავლეს, ჰგზავნიან თბილისის სასულიერო სემინარიაში სახელმწიფო სარჯზე, პანსიონში მიღებით.
ჟურნალ „ახალ კვალში“ და გაზ. „ამირანში“ პირველად ქვეყნდება გალაკტიონის ლექსები („შავი ღრუბელი“, „ღამე“).
იბეჭდება მთელი რიგი გალაკტიონის ლექსებისა ალმანახებში: „პირველი ტალღა“, „პირველი ნაბიჯი“ და სხვ.
გალაკტიონი იმარჯვებს სემინარიელთა კონკურსზე აკაკი წერეთლის იუბილეიზე გამოსასვლელი ლექსით.
გალაკტიონი ხელმძღვანელობს სალიტერატურო წრეს. რედაქტორობს ამ წრის რევოლიუციურ ხელნაწერ ჟურნალს „შუქს“.
1909 წ. - გალაკტიონს თანამშრომლად იწვევს პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი „ფასკუნჯი“, სადაც აგრეთვე თანამშრომლობენ კორიფეები: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და სხვ. აქ გალაკტიონი ენერგიულად მუშაობს: „ფასკუნჯის“ თითქმის ყოველ ნომერში იბეჭდება მისი ლექსები.
1910 წ.  - რეაქციის გამწვავებულ ხანაში, სემინარიის მთავრობასთან კონფლიქტის გამო, გალაკტიონი თავს ანებებს სემინარიას, დროებით მიდის მასწავლებლად. ხდება აქტიური [წევრი] თანამშრომელი ჟურნალ „განათლების“. იქ იბეჭდება მთელი რიგი ლექსებისა, მათ შორის „მესაფლავე“, „ფერფლი გრძნობათა“ და სხვ.
1911 წ. - გალაკტიონი თავს ანებებს მასწავლებლობას შკოლების უფროს თედო ჟორდანიასთან უთანხმოების გამო, უფრო აქტიურად ებმება მწერლობაში. ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში იბეჭდება გალაკტიონის „მე და ღამე“, „ქალი და ხელოვნება“ და სხვ.
1912 წ. - გალაკტიონი მთლიანად თარგმნის ჰომიროსის „ოდისე“-ს.
გალაკტიონი გაზ. „თემში“ ათავსებს დიდ პოემას „მწყემსი“.
ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მუდმივი თანამშრომელია.
1913 წ. - გალაკტიონის ლექსის „გურიის მთები“-ს გამო ჟანდარმერია სჩხრეკს გაზ. „განთიადის“ რედაქციას. სტამბაში კონფისკაცია უქნეს გაზეთის [მთელ] ამ ნომერს.
გაზეთში იბეჭდება ლექსი ავგუსტ ბებელის შესახებ. ცენზურა იღებს მთელს [ტაეპებს] კუპიურებს.
(ჟორდანია მაფასებს, რამიშვილი ლექსების წინააღმდეგია. „სავსებით ჩვენს“...).
იწყება მთელი რიგი სალიტერატურო საღამოებისა. [გალაკტიონი მონაწილეობს საღამოებში აკაკი წერეთელთან ერთად].
ერთ-ერთი რედაქციის გაჩხრეკის დროს ჟანდარმერიას მიაქვს მთელი [ყუთი] წყება გალაკტიონის დაუბეჭდავი ლექსებისა.
აკაკისთან ერთად გალაკტიონი მოგზაურობს ქვემო-იმერეთში.
გალაკტიონი სალიტერატურო საღამოებით მოგზაურობს იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში.
გალაკტიონი ამზადებს დასაბეჭდად თავის პირველ წიგნს.
1914 წ. - ხელის მოწერით გამოდის გალაკტიონის ლექსების პირველი ტომი. წიგნში იშვიათი პოპულიარობით და სიყვარულით სარგებლობს. ორი კვირის განმავლობაში იყიდება წიგნის მთელი ტირაჟი. აკაკი წერეთელი  ესალმება წიგნს. წიგნს ეხმაურება ქართული პრესა.
პირველ იმპერილიასტურ ომთან დაკავშირებით ამზადებს მეორე წიგნს მთავრობა არა რთავს გამოცემის ნებას.
სასტუმრო „გრანდ-ოტელში“ პატარა, ცივ ოთახში, ქუთაისში, გალაკტიონი უკანასკნელად ხვდება აკაკი წერეთელს.
1915 წ. - 26 იანვარს, ღამის პირველ საათზე აკაკი გარდაიცვალა. გალაკტიონი აქვეყნებს ლექსს „აკაკის გარდაცვალების გამო“ და „აკაკის ლანდს“. ესწრება, როგორც მწერალთა დელეგატი, პოეტის გამოსვენებას საჩხერიდან.
გალაკტიონი სცხოვრობს საჩხერეში და ჭიათურაში.
მოსკოვში გამგზავრების წინ ქუთაისის ახალგაზრდობამ გაზეთ „სამშობლოს“ რედაქციას გალაკტიონისთვის მისართმევად გადასცა ვერცხლის კალამი წარწერით: „გალაკტიონს, პოეტების მეფეს“ (იყო გამოცხადებული გაზ. „სამშობლო“-ში).
მოსკოვში მყოფი ქართველობა გალაკტიონს უმართავს დიდს საღამოს, რომელსაც ესწრება პოეტი კ. დ. ბალმონტი.
მოსკოვში ყოფნის დროს გალაკტიონი ხვდება და ეცნობა რუსეთის მწერლებს.
1916 წ. - დაბრუნება საქართველოში. ქვეყნდება გალაკტიონის ლექსები: "მერი", "ატმის ყვავილები", „მთაწმინდის მთვარე“, „ლურჯა ცხენები“, „თოვლი“, „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“, „ვერხვები“, „ცამეტი წლის ხარ“, „საქართველოში შენ ერთი მაინც“, და სხვ.
ხალხის მდგომარეობის ახლო გაცნობის მიზნით გალაკტიონი მონაწილეობას იღებს ამიერ-კავკასიის სასოფლო-სამეურნეო აღწერაში.
გალაკტიონი მეორედ მიემგზავრება მოსკოვში. იქ ჟანდარმერიის დევნის გამო მცირე ხნით ბრუნდება საქართველოში. სცხოვრობს არალეგალურად.
1917 წ. - რევოლუციის პირველსავე დღეს „სოციალ-დემოკრატში“ ქვეყნდება გალაკტიონის ლექსები „დროშები ჩქარა“, „ნიკოლოზ II“. ხალხი აღფრთოვანებით ხვდება პოეტის გამოსვლას მიტინგებზე ქალაქის თეატრში, ქალაქის თვითმმართველობაში, ჯარის ნაწილებში გალაკტიონს ხელით ატარებენ.
რევოლუციის მესამე დღეს გალაკტიონი ჩამოდის ტფილისში. აქ იგი ხვდება ქართველ მწერლებს, რომელთა დავალებით სასწრაფო მატარებლით მიემგზავრება მოსკოვს.
გალაკტიონი სწერს ლექსებს: „მას გახელილი დარჩა თვალები“, „როგორ ებრძოდნენ ზარებს ზარები“. გალაკტიონი ეცნობა მაქსიმ გორკის.
გალაკტიონი ხალხის მდგომარეობის უფრო ახლო გასაცნობად მონაწილეობას იღებს მოსკოვის მოსახლეობის მთლიან აღწერაში.
გალაკტიონი მოსკოვის რეჟისორებისაგან იღებს ატესტატს რეჟისორობისას.
მოსკოვის ქართველთა კოლონია მართავს გრანდიოზულ საღამოს გალაკტიონის პატივსაცემად.
ოქტომბერში გალაკტიონი მიემგზავრება პეტროგრადში. აქ, სმოლნიში ხვდება [ამხანაგ სტალინს] პასუხისმგებელ ამხანაგებს. იწერება ლექსი „რამდენიმე დღე პეტროგრადში“ და სხვ.
1918 წ. - გერმანიის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქებსა და დაბებში გალაკტიონი მოწმე ხდება დიდი პარტიზანული ომების ნეჟინში, მან ნახა, თუ როგორ ხვრეტდენ გაიდამაკები დაჭრილ პარტიზანებს.
შავი ზღვით, გემით „დალანდი“ გალაკტიონი ბრუნდება საქართველოში, მას დასაბეჭდად მზად აქვს ახალი წიგნი.
ტფილისში კონსერვატორიის დარბაზში ეწყობა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის ათი წლის აღსანიშნავი საღამო.
1919 წ.  - გამოდის წიგნი „არტისტული ყვავილები“. ამ წიგნში, პირველად ქართულ პოეზიაში, ნახსენებია ვ. ი. ლენინი. გალაკტიონი ისევ ლიტერატურული მოძრაობის ცენტრშია. „ბორბა“-ში თავსდება ცნობა გალაკტიონის „პოეტების მეფედ“ [ოფიციალურად] არჩევისა, პოეტების მიერ.
1920 წ. - ეწყობა გალაკტიონის საღამოები ტფილისში, ქუთაისში, სოხუმში.
1921 წ. - გალაკტიონი აქტიურად მუშაობს სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირში - პრეზიდიუმში. მთავრობა მწერლებს აძლევს სასახლეს მაჩაბლის ქუჩაზე. გალაკტიონის რედაქტორობით გამოდის სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული ჟურნალი „ლომისი“, რომლის პირველ ნომერში მოთავსებულია გალაკტიონის მიერ დაწერილი და [მუშათა] მწერალთა ფართო კრებაზე წაკითხული ჟურნალის საპროგრამო წერილი.
გალაკტიონის მეთაური წერილით გამოდის „პოეზიის დღე“.
გალაკტიონი აქვეყნებს მონოგრაფიას ზაქარია ჭიჭინაძის შესახებ.
1922 წ. - გალაკტიონი განსაკუთრებულად მუშაობს გლეხთა მწერალთა კავშირში, როგორც პრეზიდიუმის წევრი.
ლიტერატურული მიზნით მოგზაურობს კახეთში.
1923 წ. - გამოდის ყოველკვირეული ჟურნალი („გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“). აქ ქვეყნდება მთელი რიგი ლექსებისა „ეფემერების“ სახელწოდებით.
სახელმწიფო ოპერის თეატრში ეწყობა გალაკტიონის ლიტერატურული მოღვაწობის 15 წლის იუბილე.
1924 წ. - გამოდის დიდტანიანი ჟურნალი „მნათობი“, რომლის გარშემო თავს იყრის მთელი ქართული მწერლობა. გამოცემის დღიდან ამ ჟურნალის პირველი გვერდები იხსნება გალაკტიონის ლექსებით. გალაკტიონი „მნათობის“ ძირითადი თანამშრომელია.
აკადემიკოსი ნ. ი. მარი ეხმაურება გალაკტიონის ლექსებს თავის წიგნში „იაფეტიური სემინარები“.
ცალკე წიგნად გამოდის „ჯონ-რიდი“.
1925 წ. - "მნათობის" ერთ-ერთ ნომერში იბეჭდება გალაკტიონის „ასი ლექსი“.
1926 წ. - გალაკტიონი თანამშრომლობს გაზ. „კომუნისტში“.
1927 წ. - სახელგამის მიერ იცემა გალაკტიონის დიდი წიგნი, რომელშიაც მოთავსებულია უმრავლესობა პოეტის ლირიკულ ლექსებისა. წიგნი დიდის პოპულიარობით სარგებლობს.
გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიაც მოთავსებულია წერილები და ლექსები გალაკტიონის შესახებ. გალაკტიონის წიგნის გამოსვლას განსაკუთრებით ესალმება ქართველი მწერლების ძველი გვარდია (დ. კლდიაშვილი, ვ. ბარნოვი, ვ. გუნია, განდეგილი, შიო მღვიმელი, ზ. ჭიჭინაძე), ისე ახალგაზრდა მწერლები.
ყოფ. „ქართულ კლუბში“ ტარდება გალაკტიონის დიდი საღამო.
ქ. სუხუმში იმართება დიდი საზეიმო საღამო გალაკტიონის პატივსაცემად. სოხუმის ახალგაზრდობამ გალაკტიონს სახსოვრად მიართვა ოქროს ლირა წარწერით: „გალაკტიონს, პოეტების მეფეს“.
1928 წ. - „მნათობში“ იბეჭდება გალაკტიონის ახალი ლექსები.
რუსთაველის სახელობის თეატრში იმართება გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის ოცი წლის იუბილე.
1929 წ. - კომინტერნის მე-VI კონგრესის, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, ჩეხოსლოვაკიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების დელეგატებთან ერთად გალაკტიონი მოგზაურობს საბჭოთა კავშირის სამრეწველო რაიონებში.
„მნათობში“ იწყება გალაკტიონის „ეპოქის“ ბეჭდვა.
1930 წ. - ცალკე წიგნად სახელგამი უშვებს გალაკტიონის „ეპოქას“.
გამოდის წიგნი „პაციფიზმი“.
„მნათობში“ იწყება ბეჭდვა „რევოლუციური საქართველო“-სი.
1931 წ. - სახელგამი ცალკე წიგნად უშვებს „რევოლუციურ საქართველოს“.
1932 წ. - გალაკტიონი არჩეულია საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის (ცაკ-ის) წევრად.
გალაკტიონი მოგზაურობს სომხეთში და აზერბაიჯანში.
1933 წ. - სახელმწიფო ოპერის თეატრში ქართველმა ხალხმა დიდის ზეიმით გადაიხადა გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 25 წლის იუბილე (რა დღეს?).
ქვეყნდება საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილება: „საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი იღებს რა მხედველობაში პოეტ გალაკტიონ ტაბიძის ნაყოფიერ სამწერლო-სალიტერატურო მოღვაწეობას ოცდახუთი წლის განმავლობაში, რითაც მან სათანადო სამსახური გაუწია სოციალიზმის მშენებლობას, ადგენს:
1. მიენიჭოს პოეტ გალაკტიონ ტაბიძეს საქართველოს სახალხო მწერლის სახელწოდება.
2. დაევალოს სოცუზრუნველყოფის კომისარიატს, უზრუნველჰყოს გ. ტაბიძე პერსონალური პენსიით.
3. დაევალოს მომარაგების სახალხო კომისარიატს, უზრუნველყოს იგი სპეცმომარაგებით.
4. დაევალოს ჯანმრთელობის კომისარიატს, გაგზავნოს დასასვენებელ კურორტზე მთელი სეზონით.
5. დაევალოს სახელმწიფო გამომცემლობას, გამოსცეს გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული“.
მთელს საქართველოში ტარდება გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამოები. ტფილისის „კომკავშირი“-ს სახ. ქუჩას ერქმევა გალაკტიონის სახელობის ქ.
„ზარია ვოსტოკა“-მ გამოსცა რუსულ ენაზე გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული.
1934 წ. - სრულდება ათი წელი „მნათობის“ გამოსვლიდან. გალაკტიონი მონაწილეობას იღებს „მნათობის“ საღამოში.
გალაკტიონი დაჯილდოებულია საპატიო სიგელით ამიერ-კავკასიის ცენტრ. აღმასრულებელი კომიტეტის მიერ.
1935 წ. - გალაკტიონი მიემგზავრება პარიზში - როგორც მწერალთა პირველი მსოფლიო ანტიფაშისტურ კონგრესის დელეგატი. გაივლის რა გერმანიის, პოლონეთის, და ბელგიის საზღვრებს, იგი ჩადის საფრანგეთში. იგი ირჩევა კონგრესის პრეზიდიუმის წევრად. გამოდის სიტყვით, მონაწილეობას იღებს კონგრესის მუშაობაში - ეცნობა ევროპის გამოჩენილ წევრებს.
„პრავდაში“ - თავსდება კოლექტიური წერილი პარიზის კონგრესის მონაწილე საბჭოთა მწერლებისა.
საქართველოში დაბრუნებისას გალაკტიონი მწერალთა კავშირში აკეთებს საანგარიშო მოხსენებას მწერალთა მსოფლიო კონგრესის მუშაობის შესახებ.
გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ნაწერების მეორე ტომი, გამოცემა სახელგამისა.
გამოდის „ზარია ვოსტოკას“ გამომცემლობით გალაკტიონის „ლექსები და პოემები“ რუსულ ენაზე.
1936 წ. - გალაკტიონი დაჯილდოებულია უმაღლესი ჯილდოთი ლენინის ორდენით.
ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდება მთელი რიგი ანტიფაშისტური ლექსებისა, დაწერილი გალაკტიონის მიერ.
1937 წ. - გალაკტიონი არჩეულია რუსთაველისა და პუშკინის საიუბილეო კომიტეტების წევრად. მიემგზავრება საექიმოდ სევასტოპოლში, სეჩენევის ინსტიტუტში.
მოსკოვში გამოდის გალაკტიონის ლექსების კრებული. „სასკოლო ბიბლიოთეკის“ სერიაში, სახელგამი უშვებს გალაკტიონის წიგნს.
გამოდის გალაკტიონის თხზულებათა პირველი ტომი.
1938 წ. - მწერალთა სასახლეში იმართება გალაკტიონის ლიტერატურული მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავი საღამო. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტარდება ამგვარივე საღამოები.
მთელ რიგ ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდება გალაკტიონის ახალი ლექსები: „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, „მთვარის ნაამბობიდან“, „მთებში“, „პოეზიის ინტეგრალები“ და სხვ.
„ზარია ვოსტოკა“ სცემს გალაკტიონის ლექსების წიგნს სათაურით „რჩეული ლექსები“.
1939 წ. - გალაკტიონი ჩრდილოეთ კავკასიაშია. ბაქსანის ხეობიდან იგი სხვებთან ერთად ადის იალბუზის მისადგომ მწვერვალზე „11 თავშესაფარი“.
გამოდის ქართველი მწერლების დიდი კრებული, მიძღვნილი ბელადისადმი. წიგნი იხსნება გალაკტიონ ტაბიძის ლექსით „გორი“.
1940 წ. - ქვეყნდება პოემა „აკაკი წერეთელი“, რომლის ადგილები ითარგმნება რუსულად.
გამოდის გალაკტიონის ნაწერების მე-III ტომი (გამოცემა სახელგამისა).
მოსკოვის გამომცემლობა „მხატვრული ლიტერატურა“ უშვებს გალაკტიონის „რჩეულ ლექსებს“.
გამოდის გალაკტიონის წიგნი „ლირიკა“ - გამოცემა სახელგამისა.
1941 წ. - გალაკტიონის ლექსით „მშობლიურო ჩემო მიწავ“ იხსნება საქ. მწერალთა კავშირის კრებული, მიძღვნილი საქართველოს გასაბჭოების XX წლის თავისადმი. ესევე ლექსი ითარგმნება უკრაინულად, სომხურად და სხვ. რუსულად ნათარგმნი თავსდება „პრავდა“-ში.
გალაკტიონი ათავსებს მასალებს საბავშვო გამომცემლობებში: „ოქტომბრელში“, „პიონერში“ და სხვ.
1942 წ. - სამამულო ომთან დაკავშირებით გამომცემლობა „ფედერაცია“ და სახელგამი სცემენ გალაკტიონის წიგნებს „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და „მამულო სიცოცხლეო“.
სამამულო ომთან დაკავშირებით გამომცემლობა „ზარია ვოსტოკა“ - უშვებს გალაკტიონის წიგნს. გალაკტიონი მონაწილეობას იღებს საღამოებში.
გალაკტიონი ათავსებს ლექსებს „მნათობში“, „კომუნისტში“, „ზარია ვოსტოკაში“, აგრეთვე რაიონულ გაზეთებში. გალაკტიონი ხშირად კითხულობს რადიოში.
სრულდება გალაკტიონის დაბადებიდან 50 წელი.
1943 წ. - საქართველოს სახალხო პოეტის, ორდენოსანის გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 50 წლის და ლიტერატურული მოღვაწეობის 35 წლისთავს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი აღნიშნავს განსაკუთრებით. ამ მიზნით ოქტომბერში ეწყობა მხატვრულ-ლიტერატურული საღამო. მწერალთა კავშირმა შუამდგომლობა აღძრა აგრეთვე გ. ტაბიძის ნაწარმოებთა სრული აკადემიური გამოცემის განხორციელების შესახებ.
29 ნოემბერს ზ. ფალიაშვილის სახელობის ლენინის ორდენოსანი ოპერისა და ბალეტის თეატრში შესდგა საქართველოს სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 50 და შემოქმედებითი მუშაობის 35 წლისთავის აღსანიშნავად გრანდიოზული საღამო. წაკითხულ იქნა მოხსენება: „გალაკტიონ ტაბიძე და ახალი ქართული პოეზია“. იყო სიტყვები და მისალმებები. პოეტების გამოსვლა, კონცერტი ოპერის, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობთა მონაწილეობით. თეატრი ვერ იტევდა ხალხს. თეატრის წინ, აგრეთვე თეატრალური შესახვევი და მარი, ბროსეს ქუჩა გაჭედილი იყო ხალხით, რომელიც არ დაშლილა საღამოს დამთავრებამდე. წესრიგისთვის გამოწვეული იყო პატრული და მილიცია. არაჩვეულებრივი საღამო იყო.
7 დეკემბერს ასეთივე საღამო შესდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლუბებში და სხვა.
მუშაობს „კომუნისტში“. აწყობს საღამოებს მწერალთა სასახლეში ფრონტელთა ლექსების კითხვისას. ამზადებს წიგნებს.
1944 წ. - საღამოები გორში, ბათუმში და სხვ.
გალაკტიონი მონაწილეობს ქართულ მწერლობის დეკადაში მოსკოვში. გამოდის აგრეთვე რადიოთი.
გამოდის გალაკტიონის ახალი წიგნი: „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“.
გალაკტიონი ერთხმად არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას. 1944 წლის განმავლობაში შემოქმედებითი მუშაობა ასეთნაირად ჩატარდა.
1944 წ. - სამამულო ომის ფრონტზე მყოფ მებრძოლთა მიერ გამოგზავნილი მასალების შესასწავლად იწყებს მუშაობას გაზ. „კომუნისტის“ რედაქციაში.
სამამულო ომის ფრონტზე მყოფ მებრძოლთა მიერ გამოგზავნილი მასალების შესწავლის შემდეგ ატარებს რამდენიმე საღამოს საქ. მწერალთა სასახლეში.
მოეწყო მისი საღამო ბათუმში, ქობულეთში, სადაც კითხულობდა ახალ ლექსებს.
მოეწყო საღამო გორში, სადაც კითხულობდა ახალ ლექსებს.
მოეწყო ბათუმში შეხვედრა წითელარმიელებთან, კოლმეურნეებთან, პიონერებთან.
მონაწილეობს მოსკოვში გამართულ ქართულ მწერალთა დეკადაში.
„პრავდა“, „იზვესტია“, „ლიტ. გაზ“., „ლიტ. ისკუსტვო“, „ვეჩერნაია მოსკვა“ და სხვ. ათავსებს მის ახალ ლექსებს.
მოსკოვის რადიო აწყობს სპეციალურ მის შემოქმედებით დილას, სადაც გამოდის ახალი ლექსებით.
„სოვეტსკი პისატელს“ მოსკოვში გადასცა რიგი ლექსების კრებულისათვის „გამარჯვება“ - კრებული უკვე გამოვიდა.
გადასცა „გოსლიტიზდატს“ წიგნი (მოსკოვში) 10.000 სტრიქონი.
გადასცა სახელგამს წიგნი (20.000 სტ. რაოდენობით - თბილისში).
გადასცა „ზარია ვოსტოკას“ წიგნი (5.000 სტ. რაოდენობით).
აფხაზეთის გამომცემლობამ დაიწყო მზადება გალაკტიონის წიგნის გამოსაცემად (5.000 სტ. რაოდენობით).
აზერბაიჯანმა გამოსაცემად მიიღო წიგნი. საბლიტგამმა გამოსაცემად მიიღო მისი წიგნი (5.000 სტ. რაოდენობით).
თანამშრომლობს „კომუნისტში“, „ზარია ვოსტოკაში“, „საბჭოთა აჭარაში“ და სხვ.
ჩვენს ლიტერატურაში ზღვის თემის დაფუძნების მიზნით დასწერა წიგნი „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“. წიგნი შეიცავს სამოცდაათამდე ლექსს და რამდენსამე პოემას. წიგნი გამოსცა აჭარის სახგამომცემლობამ. ამზადებს მეორე წიგნს.
1945 წ. - სამამულო ომის დამთავრებისას სწერს ლექსს „გამარჯვება“. ლექსი იბეჭდება „კომუნისტში“. ითარგმნება რუსულ, სომხურ და სხვა ენებზე, გადაცემულ იქნა რადიოთი. გალაკტიონის გამოსვლა 9 მაისს გადაღებულ იქნა კინო-სურათისთვის „გამარჯვების დღე ტფილისში“.
სამხატვრო აკადემია მართავს გალაკტიონის შემოქმედების დიდ საღამოს.
გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის დიდი წიგნი (სახელგამის გამოცემა). წიგნში მოთავსებულია 800 ლექსი. წიგნი მეტად პოპულიარული ხდება.
 
[1945 წლის შემდეგ]