შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 14


დაიბადა 1892 წ.
[ლიტერატურული მუშაობა] ლექსები, პოემები, მოთხრობები დაიწყო 8 წლისამ. თან კითხულობდა ბევრს. ბავშის უმთავრეს ოცნებას შეადგენდა რომანისტად გახდომა.
1905 წ. - მონაწილეობდა მოწაფეთა გაფიცვაში; სცემდა აგრეთვე ხელნაწერ ჟურნალს „დღიურის“ სახით, რომელიც ვრცელდებოდა მოწაფეთა შორის.
1906 წ. - საოჯახო საღამოებზე [მისივე რეჟისსორობით] იდგმებოდა [მისივე] რევოლიუციონური პიესები, რომლის ავტორი, რეჟისსორი, აქტიორი ამხანაგებთან ერთად - იყო გალაკტიონი.
1908 წ. - თანამშრომლობს ჟურნალ „ახალ კვალში“ (გამოდ. ლადო დარჩიაშვილი), აგრეთვე გაზეთებში: „ამირანი“, „მათრახი“, „პირველი ნაბიჯი“. ამავე წელს იბეჭდება მასზე პირველი კრიტიკული წერილი.
1909 - ერთი უმთავრესი თანამშრომელთაგანი პირველი ქართული სალიტ. ჟურნალის „ფასკუნჯი“.
1910-1911 წლებში იგი თანამშრომლობს თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
1911-12 - [გამოდის] მონაწილეობას ღებულობს მრავალ სალიტერატურო საღამოებში, სადაც ახალგაზრდა პოეტს ოვაციებს უმართავენ.
1914 - გამოდის მისი ლექსების წიგნი, რომელიც სწრაფად ხდება პოპულიარული (მე და ღამე, მესაფლავე და სხვ.).
1914-1916 [მონაწილეობს] მოგზაურობს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეებში რევოლიუციონერ მწერლებთან ერთად. თანამშრომლობს ყველა გამოცემებში.
1916 - მიემგზავრება მოსკოვში, საიდანაც იძულებული ხდება დაბრუნდეს - ჟანდარმერიისაგან დოკუმენტების მოთხოვნის გამო (არასოდეს არავითარი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა ან სხვა რამ პოეტს არა ჰქონია). ქუთაისში კი გუბერნატორის პირადი შეურაცხყოფისათვის მას და პოეტ ახოსპირელს მიუსაჯეს საგუბერნიო ციხე სამი თვით.
1917 - თებერვლის რევოლიუციის პირველ დღეებშივე ბეჭდავს გაზ. „სოციალდემოკრატში“ ორს ლექსს („დროშები ჩქარა“ და „იმპერატორის გადადგომა“). გამოდის რევოლიუციონურ ტრიბუნაზე საღამოზე. მიემგზავრება მოსკოვში. ლადო მესხიშვილითან ერთად გამოდის საღამოზე „ოდეონში“. თან ჰკრებს მასალებს რევოლიუციის მომენტებიდან. ხდება რ.ს.დ.მ.პ. (ბოლშევიკების) წევრი.

თენგიზ ჟღენტის წერილი. საღამოზე.
სოც. დემოკრ. წრეები.
თანამშრომლობა გაზეთებში.
ეგნ. ნინოშვილის საღამო.

[1920-იანი წლები]