შუალედი - დან - მდე
 
 


შენი სახელი მზესთან დარჩება


გაზ. „კომუნისტი“, 1951, 1 იანვარი.

მრავალს და მრავალს გარჯას, სიხარულს,
ბრძოლას, [სიხარულს] მიღწევას და გამარჯვებას!
მრავალ ახალ ძეგლს, შენს ხელთქმნილს, უკვდავს, (ანბანები?)
დროთა მსვლელობას რაც გადარჩება!

მრავალ ახალ ვაზს და ხვავს გილოცავ,
სამშობლოვ, ვალი არ დაგედება!
ვაშა შენს ნაყოფს, შენს აზრის ნათელს,
შენს ხელბედნიერ შემოქმედებას!

გიბედნიეროს მზის დარი შვილი!
მისი სადარი, მითხარ, სად არი!
დიდი მებრძოლი და შემოქმედი,
ბრძენი, ბელადი, მამა, სარდალი.

განა ვინ არის, განა ვინ იტყვის,
ვინ სთქვას დიდება ქვეყნად იმ ერთის!
და მხოლოდ მისით, სახელით მისით,
გულთან უჭირავს ყველას იმედი!

სამშობლოვ, შენი უბის შვილია
და მისთვისაც ხარ თავმომწონარი!
ვინ დაიქადოს შენებრ სიუხვე,
მადლი, სიკეთე აუწონარი?!

ჩემო სამშობლოვ, გამიღე კარი, (გამიღე კარი, გამიღე ჩქარა)
მზესთან ხარ მდგარი, მზესთან ხარ მდგარი.
შენი სახელი მზესთან დარჩება!
ვის ულოცავენ, რომელს, ამ ქვეყნად,
შენებრ დიდებას და გამარჯვებას.

გ. ლეონიძე


1. ხვავი და ვაზი - აგრარულია, რატომ არაფერია მშენებლობაზე, ქალაქზე? დაზგაზე.
1. ამ ლექსს არ უხდება დატეხვა. არ იყო საჭირო 25 სტრიქონის ნაცვლად ყოფილიყო 52 სტრიქონი. აი, რად: 1. ლექსს არ აქვს წყვილი რითმები, ამის გამო დატეხვის დროს ძალზე გაჭიმული გამოდის; 2. ჰკარგავს კეთილხმოვანებას ძალზე გაჭიანურებული წყობით; 3. არაფრით არაა გამართლებული უკანასკნელი ტაეპის 4-ის ნაცვლად ხუთ სტრიქონად გადაკეთება (შეიძლებოდა).
2. „მრავალ ახალ ძეგლს, შენს ხელთქმნილს“ - უპირისპირდება ხელთუქმნელ ძეგლს ([ოვიდიუსი] ჰორაციო, ჟუკოვსკი, დერჟავინი, პუშკინი). არ იყო საჭირო დაპირისპირება!
3. „დროთა მსვლელობას რაც გადარჩება“, ე. ი. უკვდავება. „გადარჩება“ - შეიძლება გაგებულ იქნას სიტყვად „спасется“. აგრეთვე სიტყვად რაც გადარჩება - რაც ზედმეტია, რაც лишнее останется. ასეთი გამოთქმა აბუნდოვანებს აზრს (ომონიმებია თუმცა), რასაც პოეტი უნდა [გაურბოდეს] ერიდებოდეს!
4. „ბრძოლას, მიღწევას და გამარჯვებას“. უნდა იყოს: ბრძოლას და გამარჯვებას. მიღწევა და გამარჯვება აქ ერთი და იგივეა. ამიტომ ერთი [მათგა.] ამ სიტყვათაგანი უნდა ყოფილიყო: ან მიღწევა, ან გამარჯვება!
5. „მრავალ ახალ ვაზს და ხვავს გილოცავ“ - უხერხული თქმაა. ახალი ვაზი - გაზაფხულისაა, ხვავი შემოდგომის, აქ სრულიად საჭირო არაა „ახალი ვაზი“.
6. „სამშობლოვ, ვალი არ დაგედება!“ - არაა საჭირო. სამშობლო, რა თქმა უნდა, არავითარ ვალში არ არის, არც წინად მართებდა რა ვისიმე. პირიქით, მის წინაშე არიან ვალში. კონტექსტი „ვალი არ დაგედება“ - უცებ დაბლიყინებას უდრის.
7. „ხელბედნიერი შემოქმედება“ - უაზრო თქმაა: ხელბედნიერი არის მოქმედება და არა შემოქმედება! NТворчество! თუ მხედველობაში გვექნება „Творческий труд“ - სხვა საქმეა.
8. „მისი სადარი, მითხარ, სად არი“ - ეს ცნობილი სიტყვები უნდა ჩასმულიყო ბრჭყალებში, როგორც სხვისი სიტყვები. ეკუთვნის პოეტს ივანე ყიფიანს და არა გ. ლეონიძეს.
9. „განა ვინ არის, განა ვინ იტყვის, ვინ სთქვას დიდება ქვეყნად იმ ერთის!!“ ბუნდოვანია. გამოდის, რომ „ვინ გაბედავს, რომელი გაბედავს, რომ სთქვას დიდება [იმ მე] ერთისა?“ რა თქმა უნდა, ეს არ უნდოდა ეთქვა ლეონიძეს, მაგრამ ასე გამოუვიდა.
10. „და მხოლოდ მისით, სახელით მისით“. „განა ვინ არის, განა ვინ იტყვის“ სიტყვების კაკაფონიაა. პოეტს უკეთესად უნდა გაეკეთებია.
11. „და მხოლოდ მისით, სახელით მისით გულთან უჭირავს ყველას იმედი“ (ბესო ჟღენტმაც შენიშნა). როგორ გავიგოთ? 1. გულთან უჭირავს იმედი ყველასი, 2. [თუ] ყველას [გულთან] უჭირავს იმედი გულთან თუ... 1. Близ сердца держит надежду всех. 2. [Близ сердца держат надежду все]. Все держат надежду близ сердца. არ ვარგა ასე. პოეტი უნდა ერიდებოდეს ორაზროვან თქმებს.
12. აზრის მხრით: გულთან იმედის დაჭერა ახლო - დაეჭვებას ნიშნავს.
13. ენის მხრით: გულთან იმედის დაჭერა არ შეიძლება. [უნდა იყოს] „გულში იმედის დაჭერა“ - კიდევ ჰო. მაგრამ...
14. კიდევ ენის მხრით: გულთან იმედის დაჭერის ნაცვლად რომ გულში იმედის დაჭერაც დაიწეროს, სისულელე გამოდის. როგორ შეიძლება თქმა: ამ კაცს გულში იმედი უჭირავს. ქართულად იტყვიან: გულში იმედი აქვს!
15. „სამშობლოვ, შენი უბის შვილია“. უხერხული გამოთქმაა „უბის შვილი“. განა არსებობს „კაბის კალთის შვილი“, ან „ყურთმაჯების შვილი“? [ან] არსებობს: შვილი თავის სამშობლოის. უბრალოდ - სამშობლოს შვილი. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს აქ უბე! არ ვარგა.
16. არ ვარგა სიტყვა „თავ-მომწონარი“, როდესაც არსებობს „თავმომწონე“.
17. არც სიტყვა აუწონარი გამოდგება.
18. მადლი, სიკეთე - აქ ერთსა და იმავეს ნიშნავს. ან მადლი, ან სიკეთე.
19. „ჩემო სამშობლოვ, გამიღე კარი, მზესთან ხარ მდგარი“. ულოღიკობაა. იღება სახლის კარები. თუ სამშობლო შიგნით სახლშია, მზესთან მდგარი, მზეზე მდგარი - როგორღა იქნება?
20. „შენი სახელი მზესთან დარჩება“. მაშასადამე (აქაც ულოღიკობაა), ვინ უნდა გაუღოს მას (პოეტს) სახლის კარები?
21. რატომ მაინცა და მაინც „მზესთან" და არა მიწაზე, დედამიწაზე, ქვეყნად? რატომ სიტყვას მიწას?
22. „დიდების“ მილოცვა არ შეიძლება, „გამარჯვების“ - კი. დიდებას - ქება-დიდებას ეტყვიან, გამარჯვებას ულოცავენ... აქ დიდებისა და გამარჯვებისათვის ერთი სიტყვა „მილოცვა“ არ გამოდგება.
23. „[დიდ] მამა, სარდალი, შენი სადარი, ქვეყნად სად არი“ - ესეც ბრჭყალებში უნდა ჩასმულიყო, [იგი] ეკუთვნის იმავე პოეტს - ივ. ყიფიანს (ცისფერი ყანწ.). ამას ლეონიძე არ სჩადის.
24. ვის ულოცავენ, რომელს ულოცავენ - ერთი და იგივე სიტყვაა. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე.
25. „შენებრ“ - ვის ულოცავენ? განა გამოთქმაა? (უნდა იყოს ვის ულოცავენ ისე, როგორც შენ? ქვეყნად გამარჯვებას? და ვის ეტყვიან ისე, როგორც შენ, ქვეყნად ქება-დიდებას? შენებრ ვის უმოქმედნია?
დასკვნა: 25 სტრიქონში - 25 შეცდომაა. ქართული ენა დამახინჯებულია, აზრიც დამახინჯებულია, რითმები კი... გადამღერებული, სხვებისგან ნასესხები რვა რითმა. 25-ს მიუმატე რვა - გამოვა: 25 სტრიქონში 33 შეცდომა. მიუმატე, რომ ბოლოს არა აქვს არც გაკვირვებითი ნიშანი, სხვაგან არც სასვენია და სხვ. 25 სტრ.-ში 50 შეცდომაა.

1951 წელი