შუალედი - დან - მდე
 
 


შენიშვნები სვანეთის შესახებ


ვ. ბარდაველიძე. „სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი“. 1. ახალწლის ციკლი. ტფილისი. 1939.

ვ. ბარდაველიძე წინასიტყვაობაში სწერს: „ცხადია, რომ ეტნოგრაფიულ ლიტერატურაში თუ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი და აგრეთვე ამ ჟამად უმრავლეს შემთხვევაში მოხუცების ხსოვნაში ცოცხალ მოგონებად ქცეული ამ ოციოდე წლის წინად მოქმედი დღეობები არ წარმოადგენენ უძველესი დღეობების მთლიანსა და უცვლელ სახეს. თვითეული დღეობის წეს-ჩვეულებები უძველესი დღეობის ორგანულ წეს-ჩვეულებათა მხოლოდღა ნაწილებს და ამ ნაწილების ვარიაციებს იძლევიან“-ო. მაშასადამე:
1. სვანეთის შესახებ თუმცა ძლიერ ცოტა, მაგრამ მაინც არსებობს ეტნოგრაფიული ლიტერატურა, როგორც ქართულ, ისე [ევროპიულ] უცხო ენებზე.
2. ჟურნალ-გაზეთებიც [ძლიერ ხშირად ეხმაურებიან] ათავსებენ მასალებს სვანეთის ეტნოგრაფიის შესახებ, თუმცა [პერიოდიკის] გამოხმაურებას არა აქვს სისტემატიური ხასიათი. წერილები იბეჭდება შემთხვევიდან შემთხვევამდე. პირადათ მე ამჟამად საშუალება არა მაქვს მათი გადათვალიერების. უცნაური რამ არის თანამედროვე გაზეთის თვისება: რამდენიც არ უნდა ინახო, ბოლოს მაინც ვერ ჰპოულობ, ყოველგვარი მასალა დაკარგული აღმოჩნდება. სამუდამოდ გაჰქრა ის დრო, როდესაც ქართულ გაზეთს მკითხველი სასოებით ინახავდა, ყდას უკეთებდა მთელი წლის ნომრებს, ასეთნაირადაა ჩვენი წიგნთსაცავების მიერ კერძო პირთაგან შეძენილი კომპლეკტები, ივერიის, კვალის, დროების, ცისკრის და სხვ. ამჟამად გამოდის, მაგალითად, ჟურნალი „მნათობი“; ეს ჟურნალი ჩემის ინიციატივითაა დაარსებული თხუთმეტი წლის წინად.. არც ერთ ქართულ ჟურნალს ამდენ ხანს არ გაუძლია, და ვერც ჩვენი „მნათობი“ გასძლებდა, რომ მთელი ჩემი ენერგია მისი არსებობისათვის არ შემეწირა. მიუხედავად ათასგვარი პროვოკაციებისა (არ იძლეოდენ არავითარ საშუალებას მუშაობისას, მინიმუმამდე დაიყვანეს ჰონორარი), მე მაინც უანგაროდ ვმუშაობდი ამ ჟურნალში, ვიცოდი რა მისი ისტორიული მნიშვნელობა. მახოვს, ეს იყო 1928 წელს, მე მოვათავსე მნათობში ერთი რომანი სვანეთის ცხოვრებიდან. ამ რომანს სახელად ერქვა „სამართალს (ნუ დაივიწყებთ სვანურ მცნებას: „სამართალს სისხლით მოვძებნიო“) სისხლით მოვძებნიო“. მე თვითონ არ მქონდა შესაძლებლობა „მნათობის“ კომპლექტების შენახვისა და მივმართე წიგნთსაცავებს - არც ერთ წიგნთსაცავს „მნათობი“-ს სრული კომპლექტი არ აღმოაჩნდა. არც წიგნთსაცავებს, არც კერძო პირებს, არც მწერალთა კავშირს, არც თვით, წარმოიდგინეთ, „მნათობის“ რედაქციასაც კი. თუ სადმე არსებობს ეს კომპლექტი, უსათუოდ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ ეს ხომ ისტორიული ჟურნალია; მისი როლი ქართული მწერლობის მე-XX საუკუნისათვის - ამ გარემოების არცოდნა, არავისათვის საქებური არ არის.. და ამგვარად. ბედი, როგორც ამ ჟურნალებში, ისე სხვა გამოცემებში მოთავსებული როგორც სხვა, ისე ეტნოგრაფიული მასალებისა, სრულებითაც სახარბიელო არ არის: ისინი გამოუყენებელნი რჩებიან.
3. „და აგრეთვე ამ ჟამად უმრავლეს შემთხვევაში მოხუცების ხსოვნაში ცოცხალ მოგონებად ქცეული ამ ოციოდე წლის წინად მოქმედი დღეობები არ წარმოადგენენ...“ და სხვ.
რა თქმა უნდა, იმაზე ძვირფასი არა არის რა, როდესაც მოხუცი მოგიყვება წარსულ ამბავებს, რაც უნახავს, რაც განუცდია, რაც მის გონებაში და მეხსიერებაში წაუშლელად დარჩენილა. მიყვარს მე ამგვარ მოხუცებთან საუბარი, თუმცა ძალიან ხშირად მათ „ცოცხალ მოგონებას“ რაღაც უჩვეულო ფანტასტიკის იერი გადაჰკრავს... ასე: სვანეთში დღეს აღარ არის ის, რაც ამ ოციოდე წლის წინად იყო, ან უფრო ადრე, და მას, რაც იყო (ამ შემთხვევაში დღეობები), მხოლოდ მოხუცების ხსოვნაში დაშთენილა ცოცხალ მოგონებად. მოხუცობას სამოცდაათ წლამდე - თანდათან უსუსტდება ფიზიკური ძალ-ღონე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გონებრივი: ასეთ მოხუცს კარგად ემახსოვნება სამოცდაათი წლების სვანეთი და მას მშვენივრად შეუძლია გადმოგვცეს [მაგალითები] ბევრი რამ, რაც ეხება სვანეთის ძველ ყოფა-ცხოვრებას. მაგრამ აი, სამოცდაათი წლის შემდეგ რომ იწყება სიბერე, ისაა, რაც არის: თქვენს თვალწინ რაღაცნაირად პატარავდება ადამიანი, მეტისმეტად პატარავდება, ხანდახან მოიკუზებიან ისე, თითქო დედამიწაზე აპირებენ განთხმას. ჩიავდებიან ისეთ ნაირად, გეგონებათ, სიომ რომ შეუბეროს ბუმბულივით გააფრენსო. აკლდება ძალ-ღონე, რომ ძუძუმწოვარა ბავშსაც კი შეუძლია წააქციოს - ძლივას მიდის, კანკალებს. ძილი ეკარგება და ადრიან დილით, ჯერ მამალსაც არ უყივლია, იგი ყავარჯენ დაბჯენილი საცვლების ამარა, კანკალით გამოდის თავის მაჩუბიდან და ქვაზე ჩამოჯდება [ქვაზე] უძველესი ხის ძირში; და იმ გარემოებით, რომ იგი უშბის მხრებით ამომავალი მზის სხივების ცქერაშია გართული, პირის კანი, სახე კიდევ უფრო მეტ ნაოჭებს იკრებს; სახე ისეა დაღარული ამ ნაოჭებით, თითქო ნიაღვრებს ხრიოკები ჩამოულეკია და ეს ხეობებიც მათი ნაკვალევიაო. ო, ეს ნაოჭები! უძველეს ხის წლოვანებას გარდი-გარდმო, განივი [კვეთით] ჭრილით გაიგებენ ხოლმე, [ისინიც] მათი კონცეტრიული შრეების მიხედვით... იგი სალოკ თითს პირთან მიიდებს და ტრაგიულად ჩიფჩიფებს: ა.. ა.. ა.. ერთად ერთი კბილიღა დამრჩაო, ან ჩაბალახს მოიხდის: აა... ერთი ღერი თმაც კი აღარ შემრჩაო. [მაგრამ ეს კიდევ არაფერი] და ნაღვლიანად აკაკი წერეთლის [სიტყვებით] იმეორებს: „დავბერდი, დავჩაჩანაკდი, წვერი შემექნა ჭაღარა“, ან თავისსავე წრიდან: „სიბერე ძნელი ყოფილა, სიპი ქვა აეწონება, დაჯდება, ვეღარ ადგება, ადგომა დაეზარება“... ან კიდევ „ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ, ნუ დამანებებ სოფელსა“.. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის დაჩაჩანაკებული, მთლად დაჩაჩანაკება - [წერტილის] სიბერის უკანასკნელი სტადია არის, პროგრესიული დასუსტება ყოველნაირი ფიზიკური და სულიერი არსებობის... ვეკითხები ღრმა მოხუცს:
- თათარ-ხან... რამდენი წლის იქნები ეხლა შენა.. [ვეკითხები ღრმა მოხუცს].
- ოო... დიდი ხნისა ვარ..
- მაინც, მაინც?
- ოო.. ჩემი ხნის ქვაც კი არ არის სვანეთში...
- მაინც, ჩვიდმეტი წლის იქნები?
- ოო... ჩვიდმეტის, მგონია, ვიქნები. ჩვიდმეტის კი ვიქნები! ჩვიდმეტს არა დამაკლდება-რა.
მაგრამ ასეთი დაჩაჩანაკება ხომ ძალიან იშვიათია სვანეთში. აქაც ისევე, როგორც მთელ დედამიწის ზურგზე, ადამიანები სხვადასხვა სნეულებებით ჰკვდებიან და, იშვიათად, თავისი სიკვდილით, სიბერით.
- ჩვიდმეტის როგორ არ ვიქნები. მგონია, კი ვიქნები...
რა თქმა უნდა, ასეთი „ჩვიდმეტი წლის“ ახალგაზრდა კაცს, ამ „ოციოდე წლის წინად მოქმედი დღეობები არ ემახსოვნება...“
4. და აი, „ოციოდე წლის წინად მოქმედი დღეობები არ წარმოადგენენ უძველესი დღეობების მთლიანსა და უცვლელ სახეს“. აი, მუდმივი მისამღერი, ელეგიური მოტივის!.. რაღაცა გაჰქრა, რაღაც დაიკარგა: ან ჰქრება, იკარგება. ან შეიძლება არსებობს, მაგრამ დიდს სიღმეში, როგორც გეოლოგიური ფენების პირველი ფენა იფარება შემოდგომით.
5. როგორ უნდა იქნეს დადგენილი დღეობის წეს-ჩვეულებათა მთლიანი კომპლექსი? - იმგვარადვე, როგორც ერთ დროს დამსხვრეული მოხატული ვაზა: სხვადასხვა ადგილას ნაპოვნი ნაწილები ჭურჭლისა, „ჩახედული“ სპეციალისტების მიერ აღდგენილ იქნება დაზიანებული ნაწილების აღდგენითაც კი - მთლიანი ვაზა. ასე ჩვეულებებიც: ბეჩოში ნახულს ემატება უშგულის დეტალები, ორთავეს კი იფარში ან მესტიაში ნახულ-გაგონილი. საჭიროა, მაშასადამე, ფიქსაცია ერთის შეხედვით თითქოს უმნიშვნელო დეტალებისა და ნიუანსების.

[1939 წელი]