შუალედი - დან - მდე
 
 


პოეზიის დღე


[ლოზუნგი: ნამდვილი პოეზია
ჩვენი უმაღლესი თავისუფლებაა]

[დღეს პირველად ხელოვნების სასახლეში იგრგვინებს მშობლიური პოეზიის ჰიმნი. [დღეს] ქართველი პოეტები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს გულწრფელი გრძნობით, რომ] კოლეკტივის წევრების შეკავშირებულობა არასდროს ისე აუცილებელი არ ყოფილა ერთმანეთს შორის მჭიდრო კავშირით, როგორც ეხლა. დღეს - ჩვენი დღეა - [მაშასადამე] პროზის ბურუსიდან რევოლიუციისკენ, მაშასადამე, უფრო ნათელ საოცრებაში ვართ ასროლილი. ჩვენ [დავსცალეთ წარსულის მღვრიე თასი] კეთილშობილურად მივიღეთ წინაპართა მხურვალე ოცნებები  და სრულის შეგნებით ვამაყობთ [დიდი] [დღევანდელი დღის] მორალური გამარჯვებით. ჩვენი ქვეყნის მემატიანე [დროს შარშანდელი 7 მაისიდან დღევანდელ 7 მაისამდე ამნაირი სიტყვებით] თანამედროვეობას მხურვალე სტრიქონებით შეიტანს თავის იდუმალ ფოლიანტებში.
შეხედეთ: ათასწლოვანი ადგილებიდან მოწყდენ [მდიდარი] სასახლეები, დაიძრენ უმძიმესი ტაძრები, ააფეთქეს მიუვალი კლდეები. საქართველოზე გადაიარა სამუმმა; [მაგრამ საქართველოში დღეს] და ამ სამუმთან ერთად გრგვინავდა ერთი გიგანტიური ქნარი. [და] უკარნახებდა თუ არა იგი საუკუნეებს [უკარნახებს] თავის ნებას? [ამ შემთხვევაში ჩვენი პოეზია გვაგონებს იმ ეკზოტიურ ყვავილს, რომელიც იფეთქებს მიწის გულიდან და გაშლისთანავე მარადისობაში ფანტავს თავის სურნელებას]. ეს სულია - ქართული სული და იგი იმდენად გვათრობს, რომ სრულის შეგნებით ვამჯობინებთ ოღონდ ერთი დღის განმავლობაში ვიყოთ [ქართველი] თანამედროვე პოეტი - ვინემ მარადისობაში [ღმერთი] რუსთაველი, მაგრამ არა [ქართველი] თანამდროვე. ოდესმე ჩვენ ვამბობდით: ნამდვილი [პოეზია] ხელოვნება ჩვენთვის უმაღლესი თავისუფლებაა. [პოეზიისათვის] ხელოვნებისათვის [არ უნდა] არსებობდეს არავითარი დამმონებელი ძალა-უფლება, არავითარი ავტორიტეტი, არავითარი ანტიხელოვნებითი ძალა. [პოეზიას] ხელოვნებას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია უფრო მძლავრად გაშალოს ფრთები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავიგოთ გენიალური სინჲორელლო, რომელიც თავისუფლად მოგზაურობდა. [მაგრამ ხანში შესული] ჭაღარით მოსილი იგი მივიდა ერთხელ უცხო და უცნობ ორვჲეტოში და მოწიწებით სთხოვა მოქალაქეებს - ნება დაერთოთ მისთვის - მოეხატა ახალი კაპელლა. ეს არის კეთილშობილება - უმაღლესი თავისუფლების გრძნობაში. [ამნაირადვე:] ერთხელ პარიზში გამოცხადდა, ახალგაზდა, უცნობი გამენის ტიპისა, არტურ რემბო. და მან მედიდურად განაცხადა, რომ იგი გენიალური პოეტია, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში არა აქვს არც ერთი სუ. არტური - სავსებით თავისუფალი [იყო] პოეტია ისე, როგორც სურს ქართულ პოეზიას. ქართული პოეზია თავბრუდამხვევი გაქანებაა რევოლჲუციონური ეკზალტაციით [გაქანებული] [განადგურებული] საქართველოსი. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ენა შევუერთოთ ჩვენს მშობლიურს გულისთქმას - და ამნაირად - ქართული [პოეზია] ხელოვნება სინტეტიური - მოვლენაა. ჩვენ [ვიყავით ასეთივე] გვინდა ვიყოთ ასეთი მოძრავი, როგორც თვით ცხოვრება. ჩვენ [პოეზიას] ხელოვნებას არა ვყოფდით არც ცხოვრებისაგან, ჩვენ ვქმნიდით ახალ ფორმებს, სიტყვებს, ხმებს და სახეებს, რომელთაც გაგიჟებით ეწაფებოდა სიახლეს მოწყურებული ახალგაზრდობა.
საცოდავობა [იქნებოდა, რომ ასეთი ჯანმრთელი [ერთ,] ასეთ ჯანმრთელ ბუნებაში - მახინჯებად იქცენ და ამიტომაც ქართული [პოეზია] ხელოვნება თუ არ არის, უსათუოდ უნდა იყოს რევოლჲუციონური. იგი ოპოზიციაში უდგას საერთო მიმდინარეობას. მისი მიზანია ადამიანი - მშვენიერი და ძლიერი. საქართველო და რევოლჲუცია მისცემენ მას ძალას, პოეზია - სიმშვენიერეს. და დღევანდელ დღეს ეს ხმა უნდა ისმოდეს, როგორც ხმა [ვულკანიური ორკესტრის. მხოლოდ ქართული ხმა. ხოლო რას წარმოადგენს დღეს უცხო ერების პოეზია? მათი ნამდვილი მნიშვნელობა ინდუსტრიაა - მათი მორალური მიზანი - შოვნა,  მოგება, მათი ესტეტიური მოთხოვნილება - გართობა მოწყენილი სპეკულიანტების. აქ წერტილი უნდა დავსვათ]. ვისაუბროთ ისევ ჩვენს სფეროდან: ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, ეხებოდეს არა მარტო სმენას არამედ თვალსაც. ჩვენ მეტი ყურადღებით ვეპყრობით ეხლა სტამბას. გვჯერა მისი დიდი როლი, თუ დღეს აწყობილი ლექსი ტექხნიკურად სხვანაირია ვინემ წინანდელი - ამ მოვლენაშიაც კი ჩვენი ღირსება უფრო თვალსაჩინოა, რომ დაიბადოს კიდეც გაუგებრობა. მე ვიცი, რომ გაუგებარი [დღეს] ეხლა ხვალ დღესავით ნათელი იქნება. პოეტებს უნდა ეპატიოს ცოტაოდენი ტეხნიკური გიმნასტიკა, რომელიც აცოცხლებს პოეზიას, მაგრამ სრულიადაც არ აშორებს სხვა სერიოზულ მეტოდებს.
ჩვენ საქართველოს თანამედროვე პოეტებმა გავიარეთ ნაწილი ჩვენის გზისა და პირისპირ ვდგევართ ახალ გამოცანების წინაშე. რა შორსა ვართ იმ ნაპირისაგან, სადაც პირველად ავედით გემის ბაქანზე, ჩვენ ეხლა შეიძლება ვართ შუაგულ ოკეანეში, მაგრამ შეიძლება ახლოა ნაპირი რომელიმე სრულიად უცნობი ქვეყნისა?

[ო, როდის ვიტყვით: გრიგალი ჩადგა...
იქნება დაცხრეს მშფოთარე გული,
იქნებ აღმოჩნდეს სადმე კამჩატკა
რუქაზე არსად არ აღნიშნული.]

შეიძლება ჩვენ ცოტანი  ვართ, მაგრამ არც ისე ცოტა, რომ სამაგიერო პასუხი ვერ [შევძლოთ] მივსცეთ მათ, რომელნიც ფიქრობენ [ჯერ] ქართული პოეზიის, და, მაშასადამე, ქართული კულტურის ჯერ დამონებას და შემდეგ სრულიად განადგურებას. იცოდეს ყველამ, რომ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებთ ჩვენ ქართული პოეზიისთვის.
ვისაც სურს გაგება - ჩვენ გაგვიგებს.. მაგრამ ჩვენ მაინც მარტონი არ ვიქნებით. ჩვენ ვწინასწარმეტყველობთ, რომ ქართული პოეზიისკენ მომართული იქნება [მთელი] ყველა კულტურული [საქართველოის] ყურადღება. შორს არაა დრო, როდესაც ჩვენი სამშობლო რისხვით გადაიხედავს იქითკენ, საიდანაც წყევლიან ქართულ პოეზიას, სადაც ქართული პოეზია სურთ ჯოჯოხეთად გადააქციონ. შეხედეთ: ქართველი პოეტი თვითმკვლელობით ათავებს თავის სიცოცხლეს, რადგანაც მის ძარღვებში ფეთქს წმინდა ქართული სისხლი. რასსიულად ამაყი იგი ჩვეული არ იყო დამცირებისა და დამონების ატანას. მეორე - საყინულესავით ცივსა და ნესტიან სარდაფში ლევს სულს, ჭლექი აღრჩობს მას, მაგრამ იგი არავის არ [უმხელს] სთხოვს მისდამი მოახლოვებული  სიკვდილისაგან დახსნას. შიმშილი, წყურვილი, სიცივე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ავიტანთ სხვა შეურაცხყოფის გარდა. ყოველივეს მოვითმენთ მხოლოდ უძვირფასესი სახელისთვის: პოეზია. უკანასკნელ შემთხვევაში, ჩვენ, შესაძლებელია ყველანი დავიღუპოთ, მაგრამ არა ისე, რომ მთელს მსოფლიოს არ შევატყობინოთ ჩვენი დაღუპვა, რომელიც შეიძლება მხოლოდ უბრალო მკვლელობაა. ჩვენს პროტესტს გავაგონებთ მთელს დედამიწას: დეე, გაიგოს ყველამ, როგორ გაკრული ვართ ჯვარზე ქართველი პოეტები! დაე, იცოდეს მთელმა მსოფლიომ:
ჩვენ ვდგევართ ჩვენი კულტურის სავსებით დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ყველგან და ყოველთვის ვიბრძოლებთ წინააღმდეგ ყოველი ტირანის, რომელიც კი მოისურვებს ჩვენზე მბრძანებლობას და ჩვენი თავისუფალი და ამაყი პოეზიის შეზღუდვას. არავისი  მზრუნველობა ჩვენ არ გვჭირდება. თუ შეიძლებოდეს, მოგვაშორეთ გავლენები უცხო ქვეყნების, არ დავინდობთ არავითარ ტრადიციას ძველსა ან ახალს, რომელიც მოისურვებს ჩვენი პოეზიის თავისუფლების დამონებას, რადგან ნამდვილი პოეზია ჩვენთვის იგივე: უმაღლესი თავისუფლებაა.

გალაკტიონ ტაბიძე

1923 წელი