შუალედი - დან - მდე
 
 


პოეზიის დღე


[შარშანდელი ჩვენი დებულებები სავსებით გამართლდენ] [ერთი წლის განმავლობაში თუ სავსებით არა, ნაწილობრივად გამართლდა ჩვენი დებულებები წამოყენებული ჩვენ მიერ შარშან „პოეზიის დღეში“].
ორი [შეთანა] მხარე ქართული პოეზიისა ვითარდებოდა პარალლელურად. წლის განმავლობაში ქართულ პოეზიას ჰქონდა ფენომენალური მოძრაობის უნარი, მოხერხებულად იცვლიდა ადგილებს თანდათანობითი პრინციპით, ჰქონდა ულეველი კომბინაციები, რომელნიც მიმდინარეობდენ ლოგიკური უბრალოებით, ზეშთაგონებითი სიმსუბუქით (ყველაფერი რაიმე ღირსების მქონე უსათუოდ მსუბუქი და გამჭვირვალეა - ამბობს ნიცშე). შინაგანი რიტმი, მუსიკალობის ელასტიურობა, ენერგია ლექსის, რომელიც უნებურად იზიდავდა მკითხველის ყურადღებას. პოეზია ეხლა ყველასთვის გასაგებია საქართველოში და იგი აღარ წარმოადგენს [ხუმრობას] ეфემერულს „მხოლოდ რჩეულთათვის“. მაგრამ ეს „გასაგებად გახდომა“ პოეტური პრიმიტივობა როდია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ, საქართველოს თანამედროვე პოეტებმა, გავიარეთ ნაწილი ჩვენის გზისა და პირისპირ ვდგევართ სრულიად ახალი გამოცანების წინაშე. [შეხედეთ,] რა შორსა ვართ იმ ნაპირისაგან, სადაც პირველად ავედით გემის ბაქანზე, ჩვენ ეხლა შეიძლება შუაგულ ოკეანეში ვართ, მაგრამ შეიძლება ახლოა ნაპირი რომელიმე სრულიად უცნობი ქვეყნისა?

ო, როდის ვიტყვით: გრიგალი ჩადგა..
იქნება დაცხრეს მშფოთარე გული,
იქნებ აღმოჩნდეს სადმე კამჩატკა,
რუქაზე არსად არ აღნიშნული.

შეიძლება, ჩვენ ცოტანი ვართ; მაგრამ არც ისე ცოტანი, რომ [საკადრისი] სამაგიერო პასუხი ვერ გავსცეთ ჩვენს მტრებს... რომელნიც ჰფიქრობენ ქართული პოეზიის, და მაშასადამე ქართული კულტურის [სრულ განადგურებას] ჯერ დამონებასა და შემდეგ სრულიად განადგურებას. უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებთ ჩვენ ქართული პოეზიისათვის. ვისაც სურს ჩვენი გაგება - გაგვიგებს - ჩვენ წინასწარ ვგრძნობთ და ვწინასწარმეტყველებთ: შორს არაა დრო, დიაღ, შორს არაა ის დრო. ჩვენ მარტონი არ [ვართ] ვიქნებით, ქართული პოეზიისაკენ მიმართული იქნება მთელი კულტურული საქართველოს ყურადღება და იგი რისხვით [იცქირება იმათკენ] გაიხედავს იქითკენაც, [რომელნიც] წყევლიან [დას]წყევლიან ქართულ პოეზიას და მის მსოფლიო სულს: [ქართული პოეზია ჩვენთვის არასდროს სამოთხე არ ყოფილა: იგი ჩვენთვის მუდმივი ჯოჯოხეთი იყო და არის, მიუხედავად ამისა ჩვენ პატრიოტები ვართ ჩვენი პოეზიის] საიდანაც ქართული პოეზია ჯოჯოხეთად სურთ გადააქციონ. შეხედეთ: [რიგს] ქართველი პოეტებისას, რომლებიც თვითმკვლელობით ათავებდენ თავის სიცოცხლეს, რადგანაც მასში, ძარღვებში სჩქეფს წმინდა ქართული სისხლი, რასსიულად ამაყი სული [ვერ ურიგდება] ჩვეული არ არის დამცირებისა და დამონების ატანას, მეორე [რიგი საშინელ] საყინულესავით ცივსა და ნესტიან სარდაფებში ლევს სულს [განათებული] [ისევ ისე შეურიგებელი და ამაყი] ჭლექი[თა და ანთებით] [მომაკვდინებელი] აღრჩობს მას, მაგრამ იგი [თითქო] არავის არ სთხოვს მისადმი მიახლოვებული დადარაჯებული სიკვდილისაგან [სიახლოვეს] დახსნას. მესამენი [სრულიად ეცლებიან ამხანაგებს... ამხანაგებო!] ჩვენ გვკლავს შიმშილი, წყურვილი, სიცივე. [ჩვენ მორალურად შეურაცხყოფას გვაყენებენ, ამხანაგებო. ვიტანთ ამგვარ შეურაცხყოფას]. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ავიტანთ შეურაცხყოფის გარდა და [ყოველივეს ამას ჩავდივართ] მოვითმენთ მხოლოდ უძვირფასესი სახელისათვის: პოეზია. ჩვენ, შესაძლებელია, ყველანი დავიღუპოთ, მაგრამ არა ისე, რომ [მთელმა დედამიწამ] მთელს მსოფლიოს არ შევატყობინოთ ჩვენი დაღუპვა, რომელიც შეიძლება მხოლოდ უბრალო მკვლელობა იყოს. დადგება დრო, როდესაც ჩვენს [კივილს] გავაგონებთ მთელს დედამიწას: დიაღ, მთელ დედამიწას: დეე, გაიგოს ყველამ, როგორ [იღუპებიან] გაგვაკრეს ჯვარზე ქართველი პოეტები.
[დროა, დავამზადოთ მემორანდუმები ქვეყნის ყველა კუთხეებისადმი. მე მოგიწოდებთ გმირობისაკენ, მე გმირობისაკენ მოგიწოდებთ, ამხანაგებო. ჩვენს შორის ბევრი არის იუდა-გამყიდელი, რომლებიც ცდილობენ ჩვენს დაქუცმაცებას, შეუბრალებლად უნდა ვებრძოლოთ ასეთ გამყიდველებს, არასდროს ისე, როგორც ეხლა, საჭირო არ ყოფილა მჭიდრო კავშირი პოეტებისა, როგორც ეხლა].
დღეს პირველად, ხელოვნების სასახლეში იგრგვინებს მშობლიური პოეზიის გიმნი [და პოეტები ფეხზე ადგომით მოისმენენ მას]. დღეს ქართველი პოეტები ერთმანეთს ისევ შეხვდებიან [რომ] გულწრფელად, [უთხრან ერთმანეთს: არსდროს] გრძნობით, რადგან არასდროს ისე [საჭირო] აუცილებელი არ ყოფილა ერთმანეთის ახლო ყოფნა,  როგორც დღეს. დღეს ჩვენი დღეა, მაშასადამე, თანამედროვე პროზის ბურუსიდან უფრო ნათელ საოცრებაში ვართ ასროლილი. მხოლოდ ქართველ პოეტს, რომელსაც ახსოვს მარადი დევნა, რომელმაც სიმწრით დასცალა წარსულის მღვრიე თასი, რომელმაც კეთილშობილურად მიიღო წინაპართა მხურვალე ოცნებები, სრული შეგნებით შეუძლია იამაყოს დიდი მორალური გამარჯვებით.

1923 წელი