შუალედი - დან - მდე
 
 


ძვირფასი საფლავები


იერ. ჯვარის მონასტრის ბნელ აკლდამაში დაკრძალული შოთა.

საქართველოში, სადაც ხე არ ყოფნისთ ჯვრების ასამართავად და ჯვრები არ ყოფნისთ ჯვარზე საცმელად, ერთი ტრიბუნა-ღა დაგვრჩენია: ეს არის სასაფლაო! ერთი-ღა თავისუფალი ადგილი გვაქვს შესავსებად - ეს არის ჩვენი მკვდრების განსასვენებელი ბინა... ერთი დროღა გვაქვს, როდესაც შეგვიძლია ვითომ საერთო ხმის ამოღება, ეს არის დრო ტირილისა და ცრემლებისა, როდესაც წინ გვიდევს გაცივებული გვამი... დამწუხრებულნი ვტირით ჩვენს ძვირფას საფლავებზე და რაც უფრო მწარედ ვტირით, მით უფრო ვგრძნობთ სიყვარულს ამ საფლავებისადმი ისე, როგორც დატყვევებულნი ებრაელნი სტიროდენ ბაბილონის მდინარეთა ნაპირზე, და რაც უფრო მწარედ სტიროდენ, მით უფრო გრძნობდენ დაკარგულ თავისუფლებას. როდესაც ვასაფლავებდით ძვირფას თანამემამულეებს, შევიკრიბებოდით ერთად და საფლავის წინაშე გამოთქმულ სიტყვით, ფრთხილად, გაუბედავათ, შეშინებული გამოთქმით ვამბობდით ჩვენის გულის ტკივილებს... სასაფლაოზე [ყველაფერი სამარადისო] ძილს მოუცავს. ერთმანეთს გადახვეული ჯვრები, ქვები და იასამანი, აქ თვითეულ [ჩვენგანს] ელანდება თავისი ორეული, მიცვალებული... და რამდენი ძვირფასი საფლავებითაა მოფენილი საქართველოს ყოველი კუთხე: იზრდება და მძლავრდება ახალგაზრდობა, ისინი სცვლიან მოხუცებს, [და] წელი წელს მისდევს, საუკუნე საუკუნეებს და ძვირფასი საფლავებით მუდამ დღე იფინება ჩვენი [პანთეონი] სასაფლაოები. ახვევიათ ამ საფლავებს სამარადისო ძილი, და არავინაა, რომ ისევ აღადგინოს მათი სხივმოსილი და [აწ უკვე ჩამქრალი] მშვენიერი დიდება მაშინ, როდესაც მხოლოდ აქ შეგვიძლია ჩავიხედოთ წარსულის სარკეში და დავინახოთ ჩვენი მეოცნებე სახე, როგორც ხანდახან მყუდრო საღამოს ზღვის ყურეში გარინდებულ გემის ჩრდილი ლაჟვარდ ზედაპირზე. აქ [ყველაფერი] ცხოვრების ხმაურობა ისმის შორიდან, როგორც ზღვის ღელვა, აქ ყველაფერი სიმშვიდეს მოუცავს, აქ ყველაფერზე ღრმადაა გაყოლებული იდუმალება, საიდუმლო. ამ უზარმაზარს, ბნელსა, და ერთი შეხედვით, ცარიელ სივრციდან, როდესაც მირაჟი მკრთალი და მინაზებული მშვენიერი და ლამაზი წარსულის ანარეკლს ისვრის, ჩვენი სული იღვიძებს და მზად არის ისევ აანთოს ჩამქრალი ან დაფარული სიამაყის სანთლები. მოვიგონოთ [ის] ხალხი, რომლებიც აშენებდენ უზარმაზარ, საშვილიშვილო სამრეკლოების დიდ კედლებს, რომლებიც რეკავდენ ამ მაღალ სამრეკლოებზე და ფოლადის ზარებზე გულდადებით სჭრიდენ თავიანთ სახელებს... მოვიგონოთ მორწმუნენი, რომელთაც თავი დასდვეს თავიანთ სარწმუნოებისთვის, რომლებიც [მღვდ.] ღვთის მსახურებას ასრულებდენ თავიანთ სალოცავ ტაძრებში და მთრთოლვარე ხელით ანთებდენ სანთლებს მშვენიერების წინ. ვიფიქროთ მათ წამების ჯვარზე, მათ ტანჯვაზე, მათ ცრემლებზე, ვიფიქროთ სასაფლაოზე, სადაც დამშვიდებით განისვენებს ამდენი წარსული, შორეული და დავიწყებული. ვიფიქროთ მათზე, რომელთაგანაც დარჩა პატარა რვეულები, ბალახი სასაფლაოზე  და ქვები ვინაობის ზედწარწერით.

ნ. ბ.

როდესაც იგი მთაწმინდაზე ადიოდა - მისი სული ჰგავდა მთვარეს, რომელიც თანდათან ფითრდებოდა. იმან გაიარა თავისი მარტოობის გზა, გაიარა მოწყენილს, შეღამებულ დროს, როდესაც ბედნიერებას სძინავდა და სცხოვრობდენ მხოლოდ აჩრდილები, ჭოტები და ცოდვები.

მ.

მაჩაბელი, უკეთილშობილესი ქართველი მწერალი, შექსპირის მთარგმნელი.

ჭ.

ჭოლას უკანასკნელი რომანებიც ავსებულია ამ ნანგრევებით - იმ ტიტანებით, რომელთა სულიერი ფრთები ისე ძლიერნი იყვენ, რომ  თამამად მიფრინავდენ მაღლა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხებზე ძალიან მძიმე ბორკილები ედოთ.

აკ.

ჭეშმარიტად აკაკი ძველი საქართველოის მოლანდებაა... იგი თითქო განგებ ამოვიდა საფლავიდან, რომ კიდევ რამდენიმე სურათი დაეხატა; ეს იყო მხატვარი, რომელმაც თავისი თავი თვითონ გამოიძახა საფლავიდან მასთან დამარხულ და მასში გაგრძელებულ სიცოცხლის სიტყვის ძალით. აქვს აკაკის ისეთი ლექსები - რომელსაც უნდა ვუცქიროთ მეთორმეტე საუკუნის [ძალით] ქართ. მკითხველის თვალით.

ნ. ბ.

მის ხანამდე ხანგრძლივი სიბნელე იყო, მას შემდეგაც [ისევ ხანგრძლივი სიბნელეა...] იყო... მისი ხელი არის ბრწყინვალე ხელი განმარტოებული სულისა ხელოვნების განუჭვრეტ ღამეში.

მ.

ამბობენ, რომ ორთეოსის სულის ძალას შეეძლო აღფრთოვანებული რიტმით მოძრაობაში მოეყვანა ხეები და ქვები... ასეთი იყო თურმე მამია გურიელის მიერ წაკითხული ლექსების რიტმი...

ვაჟა.

როგორც ძველი ეგვიპტის ქურუმები, რომლებიც სცხოვრობდენ თავიანთ მწერვალების ლაბირინტისებურ გვირაბებში და ყურს უგდებდენ ბუნების საიდუმლოებას და სწავლობდენ მის სიმბოლიურ ენას, რომლის საშვალებითაც შეძლება ეძლეოდათ მუნჯ ბუნებასთან საუბრისა.

აკ.

აკაკი კვდებოდა - და მისი დამავალი მზის ნათელი ანთებდა მთების მწერვალებს და ამსგავსებდა მათ მეფეებს თავზე ოქროს გვირგვინებით.

დას.

როდესაც მე ვხედავ დასაფლავების პროცესიას...

ვაჟა.

ვაჟას სიმღერებიდან გამოკრთის უმაღლესი სული, როგორც ვეფხვის ტყაოსნის გმირებში. ქალების დაკაწრული ღაწვებიდან სისხლი იწყებდა დენას და მოგაგონდებოდათ ვეფხვის ტყაოსნის [ლექსები]:
„სისხლმან და ცრემლმან გარეკით
ღაწვი ქმნის ღარად და ღარად!“
მაგრამ თვით მამიას დასაფლავება მოკლებული იყო წინაპართა დიდებულებას. ეს იყო უბრალო დასაფლავება და დღესაც მის სამარეზე ძეგლი არ მოიპოება.

ერთმა მოხუცმა პოეტმა მიამბო:
თ. რ. ერისთავის იუბილეზე გეროლდათ დანიშნული [იყო] თ. გრიგოლ აბაშიძე, [რომელსაც ხმა-მაღლა უნდა წამოეძახა ყოველ დეპუტაციის სახელი თავ-თავის დროზე. თავის თავსაც მოვალედ სთვლიდა] გამოვიდა და იუბილიარს ჯერ სიტყვა უთხრა და შემდეგ ლექსი. მისმა გრძნობიერმა ლაპარაკმა და ორატორულმა მიხვრა-მოხვრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე.

მამია.

ქუთაისი, რომელიც აძლევს ტონს მთელ საქართველოს.

მამია.

მამია გურიელს ჰქონდა თავისი საათი უმაღლესი სილამაზისა და აყვავების.

ილია.

მისი გონების ძალა არამარტო სიტყვებში: იგი [უცქეროდა] ზომავდა საგნებს თავისი განსაკუთრებული თვალთხედვის ისრით. ეს თვალთხედვის ისარი (მსოფლმხედველობა) ხშირად ცვლიდა საგნების ნამდვილ სახეს, როგორც იცვლება ყოველგვარი საგანი იმისდა მიხედვით, თუ საიდან უცქერი მას. სხვებისგან შეუნიშნავი რამ მისთვის ადვილი გასაგები იყო. მისი ჟესტები იყო ნელი, იშვიათი და თავდაჭერილი, მაგრამ გონიერი. ეს უმთავრესი [მისი] დამახასიათებელი თვისება ილიას პირადი ცხოვრების. არ უყვარდა მას არც ცხოველი და მკვეთრი, გაფრენილი სიტყვა: ბრიტანული სიცივე კარგი ზრდილობის მაჩვენებელი იყო, მისი აზრით.

მამია.

მამიას უყვარდა, მამიას სულს სჭირდებოდა ძლიერი და არაჩვეულებრივი განცდა..

ბარ.

მაგრამ ბარათაშვილი მაინც სატანისტი არ იყო. სატანისტის დამახასიათებელი ისაა, რომ მას არაფერი არ უყვარს და არავის წინ [მუხლს] თავს არ  ხრის. მზის სხივები სჭრიან მის სულს, და დიდების მოჩვენებაც კი ისე ემძიმებათ, რომ თვალებზე ხელები უნდა აიფარონ.

ვაჟა.

არავის არ შეეძლო  ლიტერატურულ მასწავლებელთა პატივისცემა და მათი შეყვარება ისე, როგორც ვაჟას: ის ყოველთვის მზად იყო, მუხლი მოეყარა მათ წინ, მაგრამ არა როგორც მონას. [ვაჟა] ის ხომ თვითონ მეფე იყო, ჰქონდა თავისი სამეფო და ჰყავდა თავისი ხალხი, ოქროს სჭრიდა საკუთარი შტამპით. ყველასათვის ცნობილია აკაკისა და ვაჟას ერთმანეთში დამოკიდებულება. აკაკის არაფერი არ სწამდა ვაჟა-ფშაველასი და გაკვირვებას ეძლეოდა, როდესაც [დაინახა, რომ] [ისმენდა] ხედავდა ვაჟა-ფშაველას [საუკეთესო მგოსნად იქნა გამოცხადებული] ტრიუმფს. სამაგიეროდ, ვაჟა მუხლს იყრიდა აკაკის წინ და სრულიად არ აწუხებდა მას აკაკის შეხედულება. ასეთია დიდბუნებოვან ხალხთა [ჩვეულებები] ცხოვრება.

დასავლეთი.

იგი დამთვრალი იყო ცით, სადაც ელვარებენ მნათობნი, ევროპისთვის უცნობი და მიუნდობელნი, დიდებული ასწლოვანი მცენარეებით, რომელთა სურნელება ყველაფერში იბჟნება, მშვენიერი და საოცნებო დარებით, მთელი ამ ეგზოტიური ბუნებით, ასეთი მხურვალე, ძლიერისა და აყვავებული ბუნებით, მისი სინათლით, სილაჟვარდით; ყოველ უსაშინლეს და ჩაბნელებულ პოეტური განცდის სიღრმეში ხანდახან გაიხსნებოდა პატარა სარკმელი, რომლიდანაც დიდ ქალაქების შავი, დაჭვარტლული სახურავების ნაცვლად გამოჩნდებოდა ლურჯი ზღვა და საოცნებო მთები, გამოჩნდებოდა მთებში აყოლილი ბილიკი, რომელზედაც გრაციოზული რხევით მიდიოდა ალვის ტანიანი ქალწული მხრებზე კოკით.

ბარ.

ბარათაშვილმა, როგორც ყველა ბუნებით დაბადებულმა მგოსნებმა, იმ თავითვე დაიმონა ფორმის სიძნელე, და გახდა ბატონი თავისი სტილისა, რომელსაც შემდეგ [თანდ.] დროთსვლასთან ერთად ასწორებდა და აშალაშინებდა.

ილია.

მისი ტვინის ხვეულებში მოძრაობდენ იდეები, რომლებიც შემდეგ იკუმშებოდენ იმის ნაცვლად, რომ გაფართოებულიყვენ და გაგანიერებულიყვენ...
ეს მოძრაობა ხშირად ცვლიდა პერსპეკტივას.

ბარათაშვილი.

ლიტერატურაც ისეა, როგორც დღის მოძრაობა: მას აქვს თავისი განთიადი, თავისი შუადღე, თავისი საღამო და ღამე. ყოველ მომენტს ესაჭიროება თავისი პალიტრა: [და] განა შუა-ღამეს [და საღამოს] არა აქვს თავისი განსაკუთრებული სილამაზე, როგორც, მაგალითად, მზის ამოსვლას? განა სისხლისფრად წითელი მზის ჩასვლისას [არა აქვს] არ გხიბლავთ იმგვარივე იდუმალი ფერები, როგორც მზის ამოსვლის დროს? ყველა ეს ფერები, რომლებიც ენთებიან და იღვრებიან დიდი დღის ალმურში, ეს სხივებით გაკვეთილი ფანტასტიური ღრუბლები, ჰაეროვან ბაბილონის ნანგრევებათ რომ გეჩვენებიან, განა იმათში ნაკლები პოეზიაა, ვინემ ფერუმარილიან ავრორაში, რომელიც არასგზით არ გვინდა დავივიწყოთ? განა შეიძლება ვინმემ უარყოს ბარათაშვილის შემოღამება ისე, როგორც მისი მერანით გაფრენა მზით დამწვარ ცხელ უდაბნოში? ეს დრო ჩვენს ლიტერატურაში არ დადგება; [სანამდი კიდევ დარჩებიან...]

ახ. მგ.

რა თქმა უნდა, ჩვენს წინანდელ მგოსნებს ბევრი გზა დარჩათ [შეუსწავლელი] გასარები, მაგრამ ეს კიდევ მომავლის საქმე იყო. თანამედროვე პოეზიას აუცილებლად დიდი კავშირი აქვს ძველ საქართველოსთან. ახალმა ლიტერატურულმა მიმდინარეობამ, რომელიც 1908 წლიდან დაიწყო, შეეცადა წარსულისაგან შეუსრულებელ იდეების გატარებას, შემოიტანა რა თანამედროვე პოეზიაში ახალი სტილი: სტილი უფრო ღრმა, რთული, ხელოვნური ნიუანსებით და ძიებებით სავსე, განშორებული [ჩვენ] წინანდელ ჩვეულებრივ ენას, ყველა პალიტრების ფერებით, ყველა ტეხნიკურ ლექსიკონების სიტყვებით, ყველა კლავიატურების ნოტებით. იდეები უკანასკნელთა მიერ გადმოცემულნი არიან გადმოუცემელი და ძლივს  შესამჩნევი, ძლივს დასაჭერი ანარეკლით - ფორმა კი გადმოცემულია ნისლიან და დაბურულ [ფორმ] სახეებით. სტილი - სავსეა ნევროზით, მიუშორებელ იდეების გალიცინაციებით, რომელიც პირდაპირ შეშლამდე, შერყევამდე მიდის. ეს სტილი დეკადანსისა, - უკანასკნელი სიტყვაა ჩვენი ენის - რომელმაც უნდა გამოთქვას ყველაფერი... და, რა თქმა უნდა, ადვილი არაა [ამ სტილის კარგად დამუშავება] ყველაფერი ეს, რადგან იგი აძლევს გამოთქმას ახალ იდეებს, ახალ ფორმებს, ახალს, ჯერ არსმენილ სიტყვებს. ეს პირდაპირი წინააღმდეგობაა კლასიკური სტილის. ახალ სტილში არის ბუნდოვანება,  და ამ ნისლში ძლივს გასარჩევად ირევიან ცრუმორწმუნეობის სანთლები, უძილო ღამეების საშიშარი აჩრდილები, საშინელი ღამეები, სულიერი ქენჯნა, რომელიც იღვიძებს სულ მცირეოდენ ხმაურობაზე, საოცარი ოცნებები, რომელიც გაუკვირდებოდა დღის სიცხადეს, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც კი [არის სულში] მოწყენილს, გამოუსახველს და გაუგებრად საშინელს ინახავს სული თავის უძირო და შეუცნობელ ხვეულებში.

ბარათაშვ.

ბარათაშვილის ენა უფრო უახლოვდება თანამედროვეობას, თანამედროვე სიყვარულისა და მწუხარების გამოსახატავად. მისტიურობა არის წინააღმდეგი [მხარე] პოლიუსი იმ მიმართულების, რომელიც ბარათაშვილის წინამორბედი მგოსნების... მგოსნებს აუცილებლად ტლანქი და ჭეშმარიტად პორნოგრაფისტები, ესმოდათ, როგორც უკიდურესი სქესობრივი გრძნობიერება.

ბარ.

რაც შეეხება მის ფილოსოფიურ და ლიტერატურულ შეხედულებებს, მას ძლიერ ბევრი საერთო ჰქონდა ედგარ პოსთან.

აკაკი.

ამ დაცემულობას ის ხედავდა და ამათრახებდა, როგორც დანაშაულობაში დაჭერილ მონას, [სხვებშიც და თავისთავშიც].

ნინოშვ.

[თუ] იგი ხშირად საუბრობდა საზიზღარზე და ავადმყოფურზე, რადგან მასზე გავლენას ახდენდა ის განსაკუთრებული ჰიპნოზი, რომელიც ხეზე მჯდომ ფრინველს შხამიანი გველის მსხვერპლად ხდის დიდი ხნის ცქერის საშუალებით.

ვაჟა.

ვარდების თასები სავსენი არიან არა ციური ცვარ-ნამით, არამედ ცრემლებით, ცრემლებითა და შხამით.

ნინოშ.

მას [უყვარს] სურს, რომ გაჰყვეს გზადაგზა საქართველოს ყოველ მოსახვევებში, გაფითრებულს, ნერვებ-დაჭიმულს, გაწამებულ ადამიანს, ადამიანს, რომელიც იტანჯება თანამედროვე ცხოვრების კონვულსიებში, სურს დაიჭიროს იგი უეცრად მის კანკალში.  ფიქრებში [და] საშინელებაში, მის უღონობაში და აგზნებაში, მით თავგანწირულებაში და სასოწარკვეთილებაში; იგი ხედავს, როგორ ირევიან, როგორც გველის ბუდეში გადაწეულ ქვის ქვეშ, ახლად შობილნი ცუდი ინსტიკტები, ტალახსა და  სიბინძურეში ზარმაცად მწოლიარენი და ამგვარ სურათების ნახვა მისთვის თან მიმზიდველი და თან საზიზღარი, შობს მასში საშინელ მელანქოლიას, რადგან თავისთავსაც იგი სხვებზე უმაღლესად არ სთვლის. იგი [იტანჯება] სწუხს, როცა ხედავს, რომ სოფლის წმინდა უღრუბლო ლაჟვარდი ზეცა და [ეს] სოფლის უმანკო, უბიწო ვარსკვლავები თანდათან ეხვევიან დაჭვარტლულ ორთქლში. არის [ამ ნაწერებში] ამნაირ მდგომარეობაში ისეთივე ხასიათი და ეფექტებიც, როგორც რემბრანდტის სურათებში; [ნისლიანი...].

ალ. ყაზბეგი.

რა თქმა უნდა, იგი დაჯილდოებული იყო დიდი გენიით, და დიდით, რანაირიც არ უნდა იყოს იგი ზეშთაგონებით. თუ ზეშთაგონებად მივიღებთ ენერგიას, ინტელექტუალურ ენტუზიაზმს,  ნიჭიერებას, თავისი ძალების ანთებულ მდგომარეობაში დიდი ხნით შესანახავათ. მაგრამ მას ისე უყვარდა მუშაობა, როგორც არავის სხვას. როგორც გადმოგვცემენ, თავიდან ფეხებამდე იგი თურმე დიდი ორიგინალი იყო.

ყაზბეგი.

ალექსანდრე ყაზბეგი „დროების“ ფელეტონებისთვის სწერდა თავის რომანებს ნაწყვეტ-ნაწყვეტად, დღეს ერთ ფელეტონს,  ხვალ - მეორეს, ამასთანავე იგი სრულიად არაფერს არ ასწორებდა შემდეგ, ერთ სიტყვასაც არ სცვლიდა, მაგრამ ეხლა, როცა ამ რომანებს კითხულობთ, და ამასთანავე გახსოვთ მისი წერის ამბავი, გიკვირთ, რომ მთელ რომანში წითელი [ხაზივით] ზოლივით გატარებულია ერთი დაჟინებული იდეა - ამ იდეიიდან ვერავითარ გზის გადახვევას, ცოტათი გზის აცდენასაც ვერ შეამჩნევთ. აქ ხედავთ, რომ ყაზბეგის ნიჭს სააღმაფრენო მდგომარეობაში დიდხანს შეეძლო ყოფნა და დიდხანს მუშავდებოდა ეს ანალიზი, კომბინაციები, ათასნაირი გამოანგარიშება. ედგარ პო ამბობს: „პოემაში, ისე, როგორც რომანში, როგორც სონეტში, ან ნოველაში ყველაფერი უნდა ისწრაფებოდეს კარგი დასკვნისაკენო. კარგმა მწერალმა დასაწყისშივე იცის თავისი ნაწერის უკანასკნელი სტრიქონიო“. ეს  აქსიომა არავისზე ისე არ ითქმის, როგორც ყაზბეგზე.

დასაწყისში.

ბოდლერს აქვს ერთი შესანიშნავი ლექსი, რომელსაც სახელად ჰქვია „ლოცვა-კურთხევა", მაგრამ აქ არავითარი კურთხევა არ არის, აქ არის [ნამდვილი] წყევლა, [წყევლა ისეთი] და, მხოლოდ წყევლა... [ის] ლექსი გამოხატავს მგოსნის ამქვეყნად მოსვლას, დაბადებას... ღვიძლი დედისთვის, მგოსანი არის საგანი  მარტოოდენ გაკვირვების და ზიზღისა... დედას სცხვენია საკუთარი შვილის ყოლა; მგოსანი იტანს  დაცინვას სულელებისგან, იტანს შურსა და სარკაზმებს. მგოსანი ხანდახან მსხვერპლი ხდება რომელიმე სისხლისმსმელი დალილასი, რომელიც დიდის სიხარულით მიჰყიდის მას ფილისტიმელებს, მას, უიარაღოს, გრძნეულ თმებ-მოშორებულს, და მისცემს მას შემდეგ, რაც ამოსწოვა მასში უკანასკნელი სისხლი. [და] მგოსანი, რომელმაც გამოიარა მთელი რიგი შეურაცხყოფათა და ტანჯვათა, უკანასკნელად მიდის ამ ტანჯვათაგან განწმენდილი სამარადისო დიდებასთან, [ანთ.] მიდის იმ გვირგვინით, რომელიც განმზადებულია წამებულთათვის, მათთვის, რომელთაც ყველაფერი გადაიტანეს სიმართლისა და სილამაზის სამსხვერპლოდ. [ეს მშვენიერი ლექსი] ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ლექსი ქართულად არ დაიწერა - მაგრამ აკაკის ნაწერებშიაც ბლომადაა გაბნეული ამის მსგავსივე ფიქრები. იგი ისე ახლოა ქართველის სულთან, მისი საუკეთესო და თაყვანის საცემ შვილთა მდგომარეობასთან.

დასაწყისი.

განა არა ჰგავს მგოსანი მზეს: მხოლოდ ის სწვდება ყველგან, ქოხებში და სასახლეებში,  სალხინოებში და ტაძრებში, ყოველთვის წმინდა, ყოველთვის ბრწყინვალე, ყოველთვის ღვთაებრივი. განურჩევლად ისვრის ის თავის სხივებს ყველგან.

ყაზბეგი.

არასდროს არ დაბადებულა უფრო მხურვალე წყურვილი ქალწულებრივად წმინდა ჰაერისა, [სუფთა] უმწიკვლო, მყინვარის თოვლზე უფრო სუფთა ჰაერის, სითეთრე, ბრწყინვალე სილაჟვარდის წყურვილი, როგორიც [ჩაქსოვილია ბარათაშვილის ლექსებში] იბადება ყაზბეგის ნაწერების წაკითხვის შემდეგ.

ბარათაშვ.

ბევრს მგოსანთაგანს, რომელიც კი არის ღირსი ამ საღვთო სახელის ტარების, სამწუხაროდ, არ ემჩნევა ასეთი მისწრაფება, ისინი, ჩვეულებრივათ იმით კმაყოფილდებიან, რომ შეაქვთ ლექსებში სინათლე, ფერები და მუსიკა, მაგრამ ძალიან ძვირად ღვრიან მასში იმ საიდუმლოების წვეთებს, რომელიც ასე უხვადაა დაფრქვეული ბარათაშვილის ლექსებში.. უფრო ბევრი დიდის სიამოვნებით [ეტმასნება] იკალათებს მეფისტოფელის კოჭლ ფეხებთან, მაგრამ თვით მათში კი არ სუფევს ბოროტი სული, წინამძღვრად მოხმობილი. მოიგონეთ სამაგიეროთ ის ბოროტი სული, რომელიც შეჭრილია ბარათაშვილის არსებაში... ეს ისეთი ლექსია, რომ თვით ექიმი ფაუსტი, თავის საკანში ძველებურ წიგნებითა და  ალქიმიკურ იარაღებით მუდამ შეიყვარებს ბარათაშვილს, როგორც თავის სიყმაწვილის მეგობარს.

ბარათ.

წაიკითხეთ ლექსი: „რად ყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას“, რომელშიდაც ბარათაშვილის სული ოცნებობს ქალის მშვენიერ სულზე... ქალის მშვენიერი სული ელანდება ბარათაშვილს მეორე ლექსშიაც: „მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო“. ამ ლექსებში, ამ შავ ლაბირინტში, შორს, დაუსრულებელ სილაჟვარდეში მოსჩანს სათაყვანებელი ლანდი ბეატრიჩესი, მუდმივად სასურველი, და მუდამ მიუღწეველი იდეალი, ციური, ღვთაებრივი [იდეალი] სილამაზე, [განსახიერებული] ჰაეროვანი, უსხეულო ლანდი შორეულ ქალის, შექმნილი სინათლისა, ალის და სურნელებისაგან, ღრუბელი, ოცნება, ანგელოსთა ქვეყნის ანარეკლი. ამ ქალს ბარათაშვილის ლექსებში არ აქვს სახელი. მაგრამ შეიძლება განა ამ ბეატრიჩეში, ამ ლაურაში დავინახოთ რომელიმე ქალწული ან ახალგაზრდა ქალი, რომელიც მხურვალე გრძნობით უყვარდა მგოსანს სინამდვილეში? ბარათაშვილის ბიოგრაფები ამის შესახებ არაფერს არ გვეუბნებიან, მაგრამ ამ აზრის დადებითად მიღება ძალიან რომანტიული იქნებოდა. ჩვენ შევეცდებით მაინც აღვადგინოთ ბარათაშვილის დროინდელი ქალები ბარათაშვილისა და მისი თანამედროვეების ლექსების საშვალებით. ზოგიერთები ამ ქალთაგანნი იყვენ უსირცხვილო, თითქმის პირუტყვული პროსტიტუციის გამომსახველნი, თავიანთი ნიღაბებით, ფერუმარილით, თვალებით. მათი ბაგეები გასისხლიანებულ ჭრილობას ჰგავდა, [თმები ყალბი ჰქონდათ და] მათ თავიანთი სხეულის ბიწიერება გადაჰქონდათ აგრეთვე სულზედაც.
ისინი იყვენ ამაყი, ცივი, როგორც ყინვა და სასტიკნი. მათი დატკბობა გამოიხატებოდა მხოლოდ [ბოროტი გულის] გესლიანობის დაკმაყოფილებაში... ისინი დაუმცხრალნი არიან, როგორც უნაყოფობა... მოღუშულნი არიან, როგორც  მოწყენილობა, მათ აქვთ მხოლოდ ისტერიული და უგონო ფანტაზიები, და, როგორც დემონი, მოკლებულნი არიან სიყვარულის ნიჭს (ფაშ.).
ისინი, დაჯილდოებულნი შემაშინებელ სილამაზით, უსიცოცხლო სილამაზით, სახე მკრთალნი, გრძნობას მოკლებულნი, მიდიან თავიანთ მიზნებისკენ, დადიან გულებზე, და ჭეჭყენ მათ თავიანთი ფეხსაცმლის ქუსლებით (ფაშ.).
[და როდესაც შორდებიან ამგვარ სიყვარულს (განა ეს სიყვარულია? ეს ხომ მხოლოდ ზიზღია) შორდებიან ამ შხამიან სიყვარულს] მაგრამ მე ძალიან შორს მივდივარ, არავითარი [ლექსი] თემა არ საჭიროებს [დიდ] გრძელ ახსნა-განმარტებას.

მამია.

მამიას აქვს ტრივიალური, ძლიერ სანტიმენტალური ლექსები... მაგრამ ყველაში უსათუოდ არის რაიმე სიცოცხლე... გონება...
ჩემის აზრით, ბარბაროსობა უკეთესია, ვინემ ჭკუა-ნაკლებობა. მაგრამ, თუ ორივე შეერთდა?

ეგნ. ნინოშ.

ეს იყო სოფელში და როდესაც ნინოშვილი ქალაქში ჩამოდიოდა, ხედავდა, როგორ მიდიოდა ქუჩებზე ქრისტინე. ამ მწუხარე სიარულით მოსიარულე ქალს იგი ფეხდაფეხ მისდევდა, როგორც ლამაზ ქალს. ქრისტინეს ძველს, ნახმარსა და გაცრეცილ, [ათასჯერ დაკერ.] ათას ადგილას დაკერებულს, ფერ გამოცვლილს ტანთსაცმელში იგი კიდევ ხედავდა ამ ქალის წარსულს, და ხანჯლის[აგან] დაკვრისაგან გაფუჭებულ სახეში მაინც [ხედავდა] ამჩნევდა წარსული სილამაზის კვალს... მწერალი აძლევს ამ ქალს სიცოცხლეს, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ ქართულ მწერლობაში არ შეგვხვედრია (ფაშ.).

ნ. ბარათ.

ეხლა ძალიან ხშირად ურევენ ერთმანეთში პოეტურსა და პოეზიას. ამათ ხომ ერთმანეთში არავითარი დამოკიდებულება არა აქვთ. ყაზბეგი, მაგალითად, ნინოშვილი, ესენი [უფრო ბელეტრისტებია, ვინემ] სრულიად არ არიან პლასტიკები. პოეტური აღწერები და სურათები ყაზბეგისა ძალიან დაშორებულნი არიან პოეზიას.
ამ სპეციალურ ნიჭით დაჯილდოებულნი არიან უფრო ნაკლებად დამსახურებული ადამიანები, ვინემ ზევით ნათქვამი [განთქმული] გამოჩენილი მწერლები.
სურვილი, რომ გამოყონ ლექსი პოეზიისაგან, ეს ერთი თანამედროვე უგუნურებათაგანია, არც აქით, არც  იქით, უარყოფს თვითონ ხელოვნებას. ამ გარემოებისკენ მივაქცევ მე ახალგაზრდა მგოსნების ყურადღებას.

მე აქ არ დავასახელებ თუ ვის, მაგრამ ჩვენს დიდებულ მწერლებში არიან ისეთები, რომელთაც აქვთ ლექსები.

ახ. მგ.

რითმების სიმდიდრეს, ცეზურების მოძრაობას, საკუთარი სახელების და ტეხნიკურ [ლექსების] ტერმინების შემოღებას, ძლიერ და ხმოვან რიტმს აქვთ თავისი საკუთარი არქიტეკტურა, ყავს თავისი მასწავლებლები, თავისი, თუ შეიძლება ესე ითქვას, ხელების სიმარჯვე, და საკუთარი ბეჭედი. შემდეგ სიტყვები: თანამედროვე მგოსნისთვის სიტყვას, მისი [სახულ] აზრის მიუხედავად, აქვს თავისი [მნიშვნელობა] საკუთარი სილამაზე და ფასი, როგორც ძვირფას ქვებს, ყელსახვევ მარგალიტებს, ან ბეჭდებს.. ვინც იცის ფასი, იგი აღტაცებულია მშვენიერი სიტყვებით: არის სიტყვები - ალმასები, იაგუნდები, ლალები, არიან სიტყვები, რომლებიც ბრწყინავენ ფოსფორივით, აი, ამათგან დღევანდელი სტილი - რომლის შედარებაც კი არ შეიძლება წარსულის დიდებულ და პატივსაცემ სტილთან.

მამია.

ის სვამდა ღვინოს, თუმცა ლოთი არ იყო. სვამდა მისთვის, რომ თავდავიწყებას მისცემოდა, რომ გალიუცინაციებში შეჭრილიყო. შეიძლება იმიტომაც, რომ ამით მოესპო სიცოცხლე, [რადგან] და ფორმალური თვითმკვლელობით გამოწვეულ სკანდალებს აცილებოდა. ვინ იცის!

აკაკი.

არავისზე საქართველოში იმდენი არ ულაპარაკნიათ, რამდენიც აკაკიზე.. საკმაოთ დამახასიათებელია მისი ბუნება, [ამ ბუნებაში იცვნეს ქართული სული და] თვით აკაკის პიროვნებაც ქართველების ბედის ნატეხად იცვნეს..
[ერთი ცნობილი და აღიარებული მწერალი, ამნაირად ასწერს ერთ საღამოს, ქუთაისში, მიქელაძის ოჯახში...].

საერთო.

ყველანი გაფაციცებით ისმენდენ მამიას მიერ წაკითხულ ალავერდის. უკანასკნელ ხანებში მამიას ასეთ სურათს იძლევა ერთი მწერალი: წვრილი, მოღუშული მამია, გამხმარი, გრძელი თითებით, რომელზედაც ჩაყვითლებული, დიდი ხნის მოუქნელი ფრჩხილები ჰქონდა, სწორედ ბოროტ სულსა ჰგავდა და ბავშებს, ცოტა არ იყოს, კიდევაც გვეშინოდა მისიო.. მოჩხუბარიძეც ბავშვებისთვის ვერ იყო მიმზიდავი, მაგიერათ აკაკი, თეთრი თმით, საოცნებო კეთილი სახით და ტკბილი ამხანაგური ბაასითY გვათამამებდა და ჩვენც მას ვეხვეოდითო.

მამია.

მამია ხანდახან ბავშვებს მკლავებს უშინჯავდა და თავისებური სიდინჯით, თითქო სიტყვები სხვა ქვეყნიდან მოდისო, კითხავდა ახლო მყოფს: დახედე, რა მკლავი აქვს, ვერ გასწევდა კახაბერობას?

მამია.

[გეგუთის ციხე-დარბაზი] დაიდგა თავზე ხელმწიფობის გვირგვინი და იცხო მირონი.

შეს. შეკრება.

არსად ისეთი დიდებული დასაფლავება არ იციან, როგორც საქართველოში [მაგრამ არსად დასაფლავებას ისეთი გარდამავალი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც აქ, ამ ქვეყანაში]. დასაფლავების დღეს საქართველოს ყოველი კუთხიდან, თვით მისი მიყრუებულ ადგილებიდანაც ჩამოდის მრავალი ხალხი. უწინ ამათი გამოხმობა მხოლოდ სრულიად საქართველოის [მეფ. მპყრობელი] მეფის სიტყვას შეეძლო და შემოსეულ მტრის მოსაგერიებლად ქუდზე კაცი ჩამოდიოდა. ახლა სხვაა. ჯაჭვ-ჯავშანი სამშობლოს დასაცველად აღარ არსებობს და ფშავ-ხევსურნი ჩამოდიან პატარა, მაგრამ პატიოსანი კალმის ძალით, რომელიც დღეს ძველი მეფის სიტყვაზე ნაკლებ არ სჭრის. [ლიტერატურას ყავს თავისი მეფეები.] [ყველა დროის ლიტერატურას] დასაფლავება იღებს [რაღაც] დიდ ნაციონალურ მოვლენის სახეს. ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხედრის გადმოსვენება თბილისში დღესაც ბევრს ახსოვს, ეს მოხდა ოცდაექვსი წლის წინად, დიდებული დასაფლავება იყო... გაბრიელ ეფისკოპოზის გასვენების  გამო მემატიანე აღნიშნავს: სიგრძე კორტეჟისა ორი ვერსი იქნებოდაო. ასეთივე იყო ილიას, აკაკის, ვაჟას დასაფლავება; [დიდებულად დაასაფლავეს მამია გურიელი,] ბევრი ცრემლი დაღვარეს ეგნ. ნინოშვილის, არჩილ ჯორჯაძის, ჭოლა ლომთათიძის დასაფლავებაზე, და ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როცა მოვიგონებთ, რომ არ ვიცით, სადაა საფლავი შოთა რუსთაველისა; როცა გაგვახსენდება, თუ სად განისვენებენ ძვლები ივანე მაჩაბლის და სხვ.

შესავალი.

უკვე არავისთვის საიდუმლო[ება]ს აღარ წარმოადგენს აკაკისა და ილიას ერთმანეთში დამოკიდებულება. [ეს საკმარისად გაშუქებულია... პოეტმა] მგოსანმა ველიჩკომ რაფიელ ერისთავის იუბილეზე ამნაირი სადღეგრძელო დალია: ვისურვებ, რომ აკაკის ილია ყვარებოდეს და ილიას აკაკიო... ამნაირმა სადღეგრძელომ ყველაზე უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა - მაგრამ სადღეგრძელოს [აქვს თავის] თქმას, ალბად, ჰქონდა თავისი მიზეზი, თუნდაც ის, რომ იმავე იუბილეზე მგოსანმა გრ. აბაშიძემ უსაყვედურა: ეს რა ამბავია, რომ ჩვენი ორი გამოჩენილი პოეტი სხედან და ხმას არ იღებენ მაშინ, როდესაც ამდენს ყოველი მხრიდან შეკრებილ საზოგადოებას ისინი ძვირად ნახავენო... აკაკის და ილიას ამნაირ დამოკიდებულებას იდეიური ხასიათი ჰქონდა. მაგრამ ეს ხომ წარსულია. თვით ილიას დასაფლავების დღეს აკაკი მწარე ცრემლებით სტიროდა და ასე მოიქცეოდა ილიაც, რომ აკაკის ცხედარი დაენახა. სიკვდილი შეარიგებს მტრებს... სასაფლაო საყოველთაო შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოა.

ყაზბეგი.

და ყაზბეგი, ეს ბრწყინვალე კაცი ჩვენი ლიტერატურისა, დასაფლავებულია სოფ. სტეფანწმინდაში, შორს, სადღაც... [თუ ლევ ტოლსტოის] წელიწადში სამი კაცი არ მივა, რომ მოწიწებით მუხლი მოიყაროს, საფლავს მტვერი და ბალახი გადააცილოს და წმინდა გულით ემთხვიოს მის სამუდამო განსასვენებელ ადგილს.

ნ. ბ.

ნ. ბარათაშვილის წინანდელი საფლავი მიტოვებულია. ძალიანაც რომ ეძიოთ თურმე, ვეღარ იპოვით მას. მისი ეხლანდელი სამარე კი არაფრით არ განირჩევა ჩვეულებრივი სამარისაგან.

აკაკი.

აკაკი ამბობდა, რომ სამარადისო და უკვდავი სახელისთვის არასდროს არ მიფიქრიაო. იგი სწერდა: გამოვდიოდი მხოლოდ უბრალო დღიურ მუშად, რომელსაც ნება არ აქვს, რომ ყოველდღიურ სამუშაოს გვერდი აუაროს, გინდ წვრილმანიც იყოს, არასოდეს მის გარჩევაში არ შევსულვარ, რომ ეს დიდი საქმეა და უფრო გამომაჩენს. ეს კი პატარა და შეუნიშნავი; ეს სასახელო, [ეს სხვებისთვის შეუნიშნავი] ის კი სხვების სასიამოვნო და გულის მოსაგები, ის კიდევ საწყენი და სხვანი, და სხვანი. სამუშაო იარაღათაც ბევრ სხვადასხვა რამესაც ვხმარობდი,  როგორც ყვედრებას, ისე ვედრებას, როგორც წყევლა-კრულვას, ისე ლოცვა-კურთხევასაც. სადაც ძაღლივით ყეფა იყო საჭირო, იქ ზევსური არ მიმღერია და სადაც გალობა იქ ყეფა არ დამიწყია. კალამიც ისე მეჭირა ხელში, როგორც ყოველდღიური სამუშაო იარაღი. სახუროთმოძღვროთ არ მომიცლია, თორემ ჩემს ნაწერებს ხელად კი არ გამოვხალხლავდი, უფრო მეტ დროს [მოვანდომებდი] მოვახმარებდი, გავაშალაშინებდი, თითო წამის მაგივრად წელიწადებს მოვანდომებდი და მაშინ სახელიც მეტი მექმნებოდაო.. [მაგრამ რად მინდა ეგ სახელი] გულწრფელობა არის ამ სიტყვებში.

შესავ.

იჭვებით, [ბნელი] ბობოქარ სულის ბნელ ტალღებში გაიარა ამ ოსანნამ ღვთაებრივ [სილამაზისადმი] მშვენიერებისადმი - გაცივებული ქვეყნის მხურვალე მფარველისადმი.

ყაზბეგი.

მთელი უფსკრული წამებული სულის განათლდა ქვეყანასთან შემარიგებელი სინათლით. ეს სული ჰქონდა [ლომთათიძეს] ალ. ყაზბეგს მწუხარე ფონად, რომელზედაც ისროდა თავის ჩაუქრობ სხივებს ზეციური სილამაზე... არც ერთს მის თანამედროვეთაგანს არ განუცდია ის შემაშფოთებელი სიცოცხლის დრამა, რომელიც წილად ხვდა ალექსანდრე ყაზბეგს, ნახევრად შეშლილს, ნახევრად წმინდანს... არავის არ უტარებია [მის მსგავსად] ისე, როგორც მას, ეკლის გვირგვინი, რომლის წვეტები [სერავდნენ] ჩხვლეტდენ მის გაფითრებულს მაღალ-გონიერ შუბლს.

მამია.

იყვნენ ჩვენს ლიტერატურაში ბევრნი - რომლებმაც ცნობისმოყვარე დარდიმანდ ტურისტებად გაიარეს თავიანთი გზა... მათთვის უცხო იყო...

აკაკი.

მთელი თავისი ხანგრძლივი და სახელგანთქმული სიცოცხლის განმავლობაში აკაკი იჭერდა ხალხს მათ პირფერობაში, გაიძვერობაში... ეს ნამდვილი სერვანტესი იყო ხუმრობაში, ნამდვილი ბაირონი მწუხარებაში, ნამდვილი ჰეინე ეროტიზმში და შეუდარებელი მოქალაქე მამულის სიყვარულში.

აკაკი.

ამ სიტყვებში არის გულწრფელობა, მაგრამ ის, რასაც აკაკი ხუროთმოძღვრებას ეძახის, აქაც შესძლო მისმა ნიჭმა, მოეცა სამარადისო და უკვდავი... მისი საფლავი არის დაუვიწყარი და სამუდამო... კურთხეულ იყოს მისი სახსენებელი.

[ქართული ხელოვნება მუდამ მწუხარე იყო].
მგოსანი ალექსანდრე ჭავჭავაძე, იმპერატრიცა ეკატერინეს ნათლული.

შეს.

შიშველი წამება, სრულიად დაუფარავი გრძნობა მარტოობისა, მუნჯი უფსკრული სამარისებური დუმილისა, განუჭვრეტელი ნისლი საბედისწერო შეშლილობისა - აი, მუდმივი მხატვრული სტიქია ქართული მწერლობის.

შეს.

მახლობელი მიზანი ბუნებისა მისი პროცესის მთელ მრავალფერობაში არის არა სიხარული, არამედ წამება, ტანჯვა, როგორც შეუდარებელი გზა შეგნებულ პიროვნების ზნეობრივი გამოჭედისთვის. სულიერ მიმდევარს პლატონისა და შოპენჰაუერის, ჩვენი დროის წამებულს სკეპტიკი ფრიდრიხ ნიცშეს აქედან გამოყავს თავის ფილოსოფიაში უახლოესი მიზნები ხელოვნებისა... მხატვარ-შემოქმედში იხსნება შინაგანი ერთობა ყველა არსებისა, მეტაფიზიკური ერთობა მსოფლიოს სამარადისო არსებობისა. თვითოეული პიროვნების ტანჯვასა და სიხარულში, მისი აზრებისა და გრძნობების მოძრაობაში ხელოვნება აღნიშნავს [მხოლოდ] მას, რაც ტიპიურია. მაშინაც კი, როცა ტრაგედია თავდება გმირის სიკვდილით. ჩვენ გამოგვაქვს მისგან გამამხნევებელი გრძნობა შერიგებისა და დამშვიდების. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის, რაც მოკვდა გმირში, განაგრძობს ცხოვრებას ჩვენში, ჩვენ გამსჭვალულნი ვართ სამარადჟამო ცხოვრების შეცნობით, შეგნებით, ეს შეცნობა კი ყოველთვის დღესასწაულობს თავის გამარჯვებას სიკვდილზე და განაახლებს მსოფლიოს ყოველთვის [საგაზაფხულო] სილამაზით. არსებობა თვითეული ჩვენგანის გარდამავალი წამია, მიუხედავად ამისა [ხელოვნება] საღი მწუხარება აძლევს ჩვენს არსებობას სამარადისო ხასიათის უფლებებს... ტრაგიული გმირობა, თავგანწირულება, ხელოვნების უკვდავ ფიცრებზე ამოკვეთილი, ადრე თუ გვიან გამოსყიდული იქნება.

კურთხეულ იყოს მათი სახსენებელი. [და] მათ საფლავებზე მწუხარე ქალწულებივით, ძაძით მოსილ ქვრივებივით დგანან ნაძვები.

ისინი წავიდენ და არასდროს არ დაბრუნდებიან.

იზრდება და მძლავრდება ახალგაზრდობა, ისინი სცვლიან მოხუცებს.
ყურს გვიგდებენ მიცვალებულნი.
დიდხანს ძვირფას საფლავებს ეხვიათ ძილი, მაგრამ ჩვენ უნდა ისევ აღვადგინოთ მათი დიდება.

ვიფიქროთ იმ ხალხზე, რომლებიც აშენებდენ ამ კედლებს, ამ სამრეკლოებს. იმ ხალხზე, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში დაასაფლავეს, მათზე, რომლებიც რეკავდენ ამ მაღალ სამრეკლოებზე, და თავიანთ სახელსა სჭრიდენ ფოლადის ზარებზე, მათზე, რომლებიც ყოველთვის გაგახსენდებიან, როცა წამების ჯვარს დაინახავ, ამ მორწმუნეებზე, რომელთაც თავი დასდვეს თავიანთ სარწმუნოებისთვის, რომელნიც მღვდელთ მსახურებას ასრულებდენ თავიანთ სალოცავ ტაძარში და მთრთოლვარე ხელით ანთებდენ სანთლებს [სილამაზის წინ] მშვენიერების წინ, ვიფიქროთ მათ ტანჯვაზე, მათ ცრემლებზე, ვიფიქროთ სასაფლაოზე, სადაც დამშვიდებით განისვენებენ ამდენი წასულნი, შორეულნი, დავიწყებულნი, რომელთაგანაც დარჩა პატარა რვეულები, ბალახი სასაფლაოზე და ქვები ვინაობის ზედ წარწერით.
და როდესაც [წარსულის] მირაჟი, მკრთალი და მინაზებული, მშვენიერი და ლამაზი წარსულის ანარეკლს ისვრის, ჩემი სული იღვიძებს და მზად არის, ისევ აანთოს ჩამქრალი ან დაფარული სიამაყის სანთლები.. [აქ..].
აქ ცხოვრების ხმაურობა ისმის შორიდან, როგორც ზღვის ღელვა, აქ ყველაფერი სიმშვიდეს მოუცავს, აქ ყველაფერზე ღრმადაა გაყოლებული იდუმალება, საიდუმლო.
მხოლოდ აქ შეგვიძლია ჩავიხედოთ წარსულის სარკეში და დავინახოთ ჩვენი  მეოცნებე სახე, როგორც ხანდახან მყუდრო საღამოს ზღვის ყურეში გაჩერებული გემის [სილუეტი გამ.] ჩრდილი ლაჟვარდ ზედაპირზე.
ამ უზარმაზარს, ბნელსა და, ერთი შეხედვით, ცარიელ სივრცეში, ცხოვრობენ ჩვენი ძვირფასი მიცვალებულნი.

1919 წელი