შუალედი - დან - მდე
 
 


მთავარხელოვნებას


წელს შესრულდა 20 წელიწადი, რაც სალიტერატურო ასპარეზზე ვმუშაობ (1908 წლიდან). ამ ხნის განმავლობაში მე ვთანამშრომლობდი მრავალ საუკეთესო ქართულ ჟურნალებში და გაზეთებში. გამოცემულია ჩემი ნაწერების I, II და III ტომი. უკანასკნელი წიგნი, სახელგამის მიერ გამოცემული, შეიცავს 600 გვერდს. შიგ მოთავსებულია 1.000-მდე ლექსი. ცალკე გამოცემულია აგრეთვე პოემა „ჯონ-რიდი“, სულ მოკლე ხანში გამოვა რევოლიუციონური წიგნი „ეპოქა“, რომელიც იბეჭდებოდა „მნათობში“ და რომელმაც საერთოდ [დადებითი] დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 20 წლის განმავლობაში მონაწილეობას ვიღებდი მრავალ სალიტერატურო საღამოში, საქართველოს თითქმის ყოველ კუთხეში, განსაკუთრებული რევოლიუციონური ნაწერებით; ვრედაკტორობდი სახელოვნო ჟურნალებს. [პრესა] კრიტიკა და საზოგადოებრივობა სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლის დღიდანვე მე მთვლიდა პირველხარისხოვან პოეტად, ერთხმად აღიარებდა ჩემს მიღწევებს შემოქმედების სფეროში, ნიჭსა და უმაღლეს ტეხნიკურ სიძლიერეს. საერთოდ ჩემმიერ დაწერილია 5.000-მდე ლექსი და წერილი. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მე თანავმშრომლობ ჟურნალ „მნათობში“, რომელიც რევოლიუციონურ როლს [თამაშობს] ახალი ლიტერატურის შექმნისათვის. ამ ჟურნალში ჩემი თანამშრომლობა თითქმის უანგაროა.
იმ გარემოებამ, რომ რევოლიუციონური 1917 წელი მე გავატარე პეტროგრადსა და მოსკოვში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს შემოქმედებაში: პირველად ჩემმიერ იქნა გადადგმული ნაბიჯი რევოლიუციონური პოეზიის შესაქმნელად საქართველოში. მაგრამ იმავე გარემოებამ ფიზიკურად დამაავადმყოფა. შემდეგი წლების შიმშილმა, უბინობამ, უტანსაცმლობამ სრულიად გამანადგურა. ამჟამადაც მოკლებული ვარ ფიზიკური არსებობის ყოველგვარ საშუალებას. ასეთ კატასტროფიულ მდგომარეობას ზედ დაერთო ავადმყოფობა, რომელიც საშუალებას არ მაძლევს დამშვიდებულად ვემსახურო ჩემს საყვარელ საქმეს.
გაცნობებთ ყოველივე ამას სავსებით დარწმუნებული, რომ თქვენი მზრუნველობა ხელოვნების მსახურთადმი და აგრეთვე ციფრი XX საშუალებას მომცემს მე, ამდენი ტანჯვის ამტანს, ცოტათი მაინც ადამიანურად მოვაწყო ჩემი ცხოვრების, შესაძლებელია, უკანასკნელი დღეები.

გალაკტიონ ტაბიძე

1929, 14 თებერვ.