შუალედი - დან - მდე
 
 


საქართველოს სსრ-ის ცაკის თავმჯდომარეს ამხ. ფ. მახარაძეს


გალაქტიონ ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


გაწუხებთ, მაგრამ მეტი გზა არ არის. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და პარტიული მანდატის მქონე მოქ. შონია განუწყვეტლივ თავს მესხმის პირადათ მე და ჩემს მეუღლეს. მას დავა ჰქონდა ბინის გარშემო მოქ. მელაძესთან და ჩააგონა თავს (მხოლოდ ჩააგონა), რომ იქ, სადაც ბინას მიიღებდა, საპირფარეშოც დამოუკიდებელი ექნებოდა. დაინახა რა, რომ ვიღაც გალაქტიონ ტაბიძეც იდგა იქვე გვერდით, მოქ. შონიას გულს შემოეყარა, არ მოეწონა ასეთ პირობებში იმ ბინის დაპატრონება, რომელიც წინად მელაძეს ეჭირა, ხოლო ეხლა მას, შონიას, უნდა დაეკავებინა.
ყოვლად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე და სრულიად თვითნებურად მოქ. შონია ასტეხს ხოლმე ყვირილს, მორთავს ღრიალს, იწვევს ვიღაცას სკანდალსა და დებოშში. განსაკუთრებით ეძებს იგი ისეთი მომენტის შერჩევას, როდესაც მე სახლში არ ვიმყოფები და უფრო ადვილია იერიშის მიტანა ფიზიკურად სუსტ ადამიანზე (მეუღლეზე), მაგრამ მოქ. შონია შორსაც იჭვრიტება. მან იცის, რომ მე მარტო არა ვარ, რომ მყვანან ამხანაგები და მოიპოვება ისეთი ორგანო, რომელიც მხარს დამიჭერს და უმწეოდ არ დამტოვებს. „ჩვენ, ბოლშევიკებმა, ავწიეთ გ. ტაბიძე მაღლა, მაგრამ ჩვენვე შევძლებთ მის „გორშოკამდე“ გასწორებასო“ – იძახის შონია. „აქ, საპირფარეშოში, ვინმე დაეცემაო“ – უმატებს იგი და აღარ კმაყოფილდება იმით, რომ ჩემი ოთახის მომიჯნე ფართობზე ახდენს ამგვარ უწესობას და მოიწევს შიგნით, ოთახში შემოსასვლელად. ახირებული მოქალაქე მოადგება ჩემი ოთახის კარებს და იწყებს სახელურის წვალებას. კარს არავინ უღებს. განრისხდება და უმატებს ხმაურობას, მის ღრიანცელს საზღვარი არა აქვს. ის დრო იყო, რომ უნდა შემოემტვრია შუშის კარები და შემოჭრილიყო იმ ოთახში, სადაც მხოლოდ ჩემი მეუღლე იმყოფებოდა. შეეშინდა ქალს, ვერ მოახერხა გარეთ გამოსვლა და მეზობლების დაძახება. შეცდა და გაუღო კარები... საშინელი სურათი (სცენა) დატრიალდა. ნახევრად შიშველი მოქ. შონია, როგორც აღმოსავლეთის მბრძანებელი დესპოტი, წარსდგა ქალის წინაშე და აძლევს მას სხვადასხვა ხასიათის დამამცირებელ ბრძანებას: „გაიტანეთ ქაღალდები საპირფარეშოდან, ვინ არის, რომ აბინძურებს და სვრის ფეხისადგილსაო“... მეზობლები, რომელთაც შემდეგ გაიგეს ეს ამბავი, სახტად დარჩნენ. მათ მშვენივრად იციან, რომ ჩემი მეუღლე იშვიათ აბსოლუტურ სისუფთავეს იცავს საპირფარეშოში. მოქ. შონიამ შეაბრუნა მისამართი, დაამახინჯა ფაქტი და შარის მოდების ხერხს მიმართა. ასეთ ადამიანთან ბრძოლა ძნელია. მასთან კეთილმეზობლური დამოკიდებულების დამყარება შეუძლებელია ჩვეულებრივი შინაურული წესით.
მოგახსენებთ, რომ მოქ. შონია თავის გამოსვლებს ახდენს სისტემატიურად, ღამის წყვდიადში, ხოლო, თუ მთვრალია, დღისით და ელექტრონის სინათლეშიაც. იგი ცდილობს, არ დაისწროს მოწმეები. მთელი მისი ქცევა აშკარად წინასწარ განზრახულია და აგებულია მოწინააღმდეგის უმწეო მდგომარეობის გამოყენების ვარაუდზე. ვიმეორებ, ასეთ პირობებში მტერთან ბრძოლა ძნელია. მაგრამ იმედი მაქვს, თქვენ მიხვდებით და ჩაწვდებით ფსიქოლოგიურად იმ აუტანელ მდგომარეობას, როცა მართალ ადამიანს საშუალება ესპობა, ხელთ იგდოს ფორმალური ხასიათის მტკიცების საბუთები.
იძულებული ვხდები, სასწორზე დავდო ჩემდამი ნდობისა და რწმენის საკითხი, ვინაიდან სხვა საშუალება შონიას თავაშვებული საქციელის ასალაგმავად მე არ მომეპოება.
გთხოვთ, თქვენი ავტორიტეტული ჩარევით დამიხსნათ მე და ჩემი ოჯახი იმ საშინელ ტანჯვა-წვალებისაგან, რასაც გვაყენებს მოქ. შონია თავისი უპასუხისმგებლო მოქმედებით.
მაქვს ერთადერთი ოთახი, სადაც მძინავს და ვმუშაობ კიდეც. სხვა დამატებითი ფართობი, გარდა აივნისა, არ მომეპოება. საპირფარეშო წარმოადგენს ოთახის ბუნებრივ გაგრძელებას და არქიტექტურულად შედის მის ფარგლებში (არეში). ეს გარემოება მეტ უფლებას საპირფარეშოზე მაძლევს მე, მაგრამ არასოდეს ეს მდგომარეობა ჩემ მიერ ბოროტად არ ყოფილა გამოყენებული. შონიამ იცის ეს, მაგრამ შეტევის ტაქტიკას ადგია –  დავაშინებ და სრულიადაც ავუდგამ ფეხს საპირფარეშოდანო... მიაღწევს კიდეც მიზანს, ვინაიდან ჩემი კულტურული შეგნება და საყოფაცხოვრებო ურთიერთობის გაგება არ მაძლევს უფლებას, მივმართო ფიზიკურად გასწორების მეთოდს, როგორც ამას თვით შონია ჩადის. ასეთ პირობებში ორში ერთი მრჩება: ან მიმემართნა რესპუბლიკის უზენაეს ორგანოსათვის, ანდა მომეთმინა და ბედის მორჩილი გავმხდარიყავი. მე ვარჩიე პირველი. თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გამიმართლდება იმედი. სხვა გზა არ მქონდა. თავდამსხმელს ალაგმვა უნდა.
მისამართი: კრილოვის ქ. №10. ტელეფ.

1934. XII. 23